მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განათლების მაღალი დონე ის ერთადერთი გზაა, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის"

5de9564a928c3
BM.GE
05.12.19 23:36
4757
კვლევებმა აჩვენა, რომ განათლებაში განხორციელებული ინვესტიცია 4-ჯერ უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვა დანარჩენ სექტორებში, - ამის შესახებ აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევაში „განათლება ეკონომიკური ზრდისთვის“.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, თუ შევხედავთ საერთაშორისო რეიტინგებს, რომელიც მოსწავლეთა უნარებს აფასებს, დავინახავთ, რომ კორელაცია აღნიშნული რეიტინგების შედეგებსა და ქვეყნის მშპ-ს შორის საკმაოდ მაღალია . ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილს ფლობენ, მაღალი მშპ-ის დონით გამოირჩევიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის უნარების განვითარება (განათლებაში ინვესტირება), იმისათვის რომ ქვეყნის მშპ გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ეკონომიკური ზრდა დარჩება დაბალ ნიშნულზე, ნიშნულზე რომელიც მიესადაგება მისი ადამიანური კაპიტალის რესურსს.

„სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლაზე დახარჯული წლების საშუალო მაჩვენებელი, საქართველოში არც ისე დაბალია (გაეროს მონაცემების თანახმად, სწავლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში 15 წელია), საკმაოდ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის რეიტინგი საერთაშორისო კვლევებში. საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა განათლების დონე საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო მაჩვენებელს, როგორც დაწყებითი განათლების საფეხურზე, ასევე საშუალო განათლების საფეხურზე“, - წერია კვლევაში.

ამასთან დოკუმენტში ნახსენებია Programme for International Student Assessment (PISA) კვლევა, რომელიც 3 მოდულს ეყრდნობა (კითხვა (წაკითხულის გააზრება და სწორად ინტერპრეტირება), მათემატიკა და მეცნიერება), და რომლის უახლესი შედეგების თანახმად, საქართველოს რეიტინგი 2018 წელს, 2015 წელთან შედარებით გაუარესდა სამივე მოდულში და ქართველი მოსწავლეების შედეგების მიხედვით, საქართველო ბოლოდან მე-8 ადგილზეა 79 ქვეყანას შორის.

ამასთნ, Progress in International Reading Literacy Study (PIRLS) საერთაშორისო კვლევის თანახმად, რომელიც აფასებს მეოთხე კლასელების (9-10 წლის მოსწავლეების) კითხვის უნარებს, ქართველ მოსწავლეთა შედეგი, ჩამოუვარდება საშუალო მაჩვენებელს (საქართველოს ქულაა 488, საშუალო მაჩვენებელი კი 500). კიდევ უფრო საგანგაშო შედეგია მაღალ კლასებში, TIMSS კვლევის თანახმად, რომელიც მოსწავლეების უნარებს აფასებს მათემატიკასა და მეცნიერებაში, მე-4 კლასელებს უკეთესი შედეგი აქვთ, ვიდრე მე-8 კლასელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო რეიტინგები?

„საერთაშორისო რეიტინგები ეხმარება ქვეყნებს ისწავლონ ერთმანეთის გამოცდილებიდან და შეიმუშაონ შესაბამისი რეფორმები განათლების დარგში. მაგ: 2000 წელს, PISA შედეგების მიხედვით, გერმანიას საშუალოზე დაბალი ქულა ჰქონდა კითხვის კომპონენტში, რამაც უბიძგა გაეტარებინა რიგი რეფორმებისა და 2015 წელს გერმანელმა მოსწავლეებმა აღნიშნულ კომპონენტში საშუალოზე მაღალი შეფასებები მიიღეს. საერთაშორისო რეიტინგები კარგი საშუალებაა ქვეყნისთვის, რომ დაინახოს მისი განათლების სისტემის არსებული მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი ზომები არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი განათლება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია (საჯარო სკოლები თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტშია განთავსებული და სწავლა უფასოა), მაღალი ხარისხის განათლებაზე წვდომა ყველა ბავშვს არ აქვს, ვინაიდან არსებობს სხვაობა განათლების იმ დონეებს შორის, რასაც საჯარო სკოლებში და კერძო სკოლებში იღებენ. საინტერესოა ასევე ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ტენდეციაც, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა იკლებს და პარალელურად იზრდება კერძო სკოლების რიცხვი და კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა“, - წერია კვლევაში „განათლება ეკონომიკური ზრდისთვის“.

ამასთან, როგორც „საზოგადოება და ბანკების“ დოკუმენტშია აღნიშნული, მიუხედავად ტენდენციისა, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვინაიდან ეს სოლიდურ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 73%-ის ყოველთვიური შემოსავალი 1,000 ლარზე ნაკლებია.

„ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებულია მის მწარმოებლურობაზე, ფაქტორებზე როგორიცაა ფიზიკური კაპიტალი, ბუნებრივი რესურსები, ადამიანური კაპიტალი და ტექნოლოგია. საქართველო არაა მდიდარი ფიზიკური კაპიტალით, ქვეყანას აქვს გარკვეული ბუნებრივი რესურსი (თუმცა მის სწორად გამოყენებას ცოდნა სჭირდება), ცოდნა სჭირდება ტექნოლოგიურ პროგრესსაც, ხოლო ადამიანური კაპიტალი თავისთავად ცოდნისა და გამოცდილების არსებობას გულისხმობს. შესაბამისად, ცოდნის მიღება და განათლების მაღალი დონე ის ერთადერთი გზაა, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის“, - წერია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევაში.