მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მიღების გეოგრაფია შესაძლოა შეიცვალოს - ISET-ის დირექტორი

5ebebfc61994d
ანი ციხისთავი
15.05.20 20:40
1307
“არავინ ამ იდეისთვისაც კი არ იყო მზად, თუმცა უნივერსიტეტებმა მაინც მყისიერად მოახერხეს გადაწყობა”,- ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში ISET ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა თამარ სულუხიამ განათლების სისტემის გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, მიუხედავად შოკისა, სასწავლებლებმა 1 კვირაში მოახერხეს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა.

რაც შეეხება ასეთი სწავლის ეფექტურობას, სულუხიას აზრით, ამაზე შეფასების გაკეთება მხოლოდ სასწავლო წლის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. “ჩვენ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლიდან 2 კვირაში გამოვკითხეთ სტუდენტები სწავლების ახალ სისტემასთან დაკავშირებით და შეფასებების უმეტესობა იმდენად დადებითი იყო, რომ ჩვენი გაკვირვებაც კი გამოიწვია”,- ყვება თამარ სულუხია.

ISET ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა გადაცემაში იმაზეც ისაუბრა, რომ ამ “ნეგატიურმა მოვლენამ” თვალსაწიერი გააფართოვა და შესაძლოა განათლების მიღების გეოგრაფია შეცვალოს. “ჩვენ ვხედავთ, როგორ ბრუნდებიან სტუდენტები საქართველოში და დისტანციურად სწავლობენ სხვა ქვეყნების მოწინავე უნივერსიტეტებში. თუ ეს ელექტრონული მეთოდები საკანონმდებლოდ უფრო მიღებული იქნება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ეს განათლების მიღების გეოგრაფიას შეცვლის”,- აცხადებს სულუხია.

თამარ სულუხია უმაღლეს სასწავლებლებზე ლაპარაკს გაცვლითი პროგრამების მონაწილე უცხოელ სტუდენტებზე საუბრით ასრულებს.

“საინტერესოა, მომავალში მოინდომებენ თუ არა ისინი ჩამოსვლას. გახდება განათლება ისევ გლობალური თუ უფრო ლოკალური?”. თამარ სულუხიას აზრით, უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლა ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველომ მათი მოზიდვა ისევ უნდა მოახერხოს.