მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრო დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს

5e6f5f16eeb7a
ინგა მურუსიძე
16.03.20 15:13
1728
განათლების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ახალი Covid19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

უწყების რეკომენდაციით, სკოლებმა განახლებული სასწავლო პროცესი უნდა დაგეგმონ ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული.

„არდადეგების პერიოდში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება. ასევე, უზრუნველყონ მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდებისა და არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ასევე, თითოეულმა მასწავლებელმა მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული იქნება მშობელთან.

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, მაგალითად: საკითხავი ლიტერატურა; შემეცნებითი აქტივობები; კვლევითი პროექტები; ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თემატური დავალებები და სხვა.

სკოლის ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე, გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან.

ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Microsoft office 365-ის პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის. ამ მიზნით სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://email.mes.gov.ge/ და გაეცნოს ინსტრუქციებს.

მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოიყენონ ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად: სოციალური ქსელი; ვიდეოზარები; სატელეფონო კომუნიკაცია; ელექტრონული ფოსტა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge. ამასთანავე გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

სკოლების სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო მზადაა განიხილოს შემოთავაზებები ან უკვე არსებული გამოცდილება, ინდივიდუალური პრაქტიკის სხვა სკოლებთან გაზიარების მიზნით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ყველა ის სიახლე, რომლებსაც ყოველდღიურად შეიმუშავებს სამინისტროს გუნდი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.