მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრო: მიუღებელია უნივერსიტეტის საქმიანობაში გარე ძალების ნებისმიერი ფორმით ჩარევა

56e693298d200
BM.GE
14.03.16 14:30
1424
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და სტუდენტთა გაერთიანებასთან, რათა საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფდეს დაწესებულების მართვის გამჭვირვალობას.
 
"უნივერსიტეტი უპირველეს ყოვლისა აკადემიური საქმიანობის სივრცეა, სადაც სრული ავტონომიის პირობებში, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დამოუკიდებლად სწავლის, სწავლებისა და კვლევის, ასევე საკუთარი აზრისა და მოქალაქეობრივი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

მიუღებელია უნივერსიტეტის საქმიანობაში გარე ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც სტუდენტებზე ზემოქმედების მცდელობა. დაუშვებელია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების პოლიტიზირება.

გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან თუ სტუდენტთა ნებისმიერი გაერთიანების წარმომადგენლებთან, რათა საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიან და სამართლიან სისტემას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით.

ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის მმართველი ორგანოები და ადმინისტრაცია უზრუნველყოფენ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრას კონსტრუქციული დიალოგის გზით, რათა არ მოხდეს სუდენტების შორის დაპირისპირება ან ნებისმიერი სახის პროვოკაცია.

ღრმად გვწამს, რომ სხვადასხვა პოზიციის მქონე სტუდენტებს უნივერსიტეტის უკეთესი მომავლის სურვილი ამოძრავებთ, რამაც ყველა უნდა გაგვაერთიანოს", - ნათქვამია განცხადებაში.