მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განათლებული ადამიანების გარეშე ბიზნესი წინ ვერ წავა" - თამაზ დაუშვილი

5df25595e4995
მარიამ ადამია
13.12.19 09:45
1274
“განათლებული ადამიანების გარეშე ბიზნესი წინ ვერ წავა. ბიზნესს პროფესიონალიზმი სჭირდება”- ამის შესახებ კომპანია „დიოს“ გენერალური დირექტორი თამაზ დაუშვილი, გამოცემა Forbes Georgia-სთან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიული განათლება, რადგან დღეს საქართველოში პროფესიული განათლების მქონე კადრების დიდი დეფიციტია.

„ჩვენი კომპანია სიამოვნებით მოამზადებს ქარხანაში მომუშავე პერსონალს, მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს გამართული სისტემა, რომელიც ასეთ დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიული სასწავლებლების მეშვეობით ჩვენთან დააკავშირებს. მთავარია, მომავალ თაობაში ჩავდოთ ინვესტიცია. პრიორიტეტი - განათლებაა. ჩვენი ახალგაზრდების უნარებს თუ გადავხედავთ - დავინახავთ, რომ ძალიან ჩამოვრჩებით განვითარებად ქვეყნებს,“ - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.

ამასთან, Forbes Georgia-სთან ინტერვიუში მან ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზეც და აღნიშნა, რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება გამარტივებული ბიზნესგარემო, ამისთვის კი, მხარს უჭერს „ბიზნეს სახლის“ იდეის განხორციელებას.

„მაგალითად, როდესაც ბიზნესი გეგმავს ახალი ქარხნის აშენებას, მას სხვადასხვა მარეგულირებელ სახელმწიფო უწყებასთან უწევს ურთიერთობა და ეს უწყებები ერთმანეთთან კოორდინირებულად არ მუშაობენ. ვფიქრობ, ამ პრობლემას მოაწესრიგებს „ბიზნეს სახლის“ იდეა, რომელიც ადრე გაჟღერდა, მაგრამ შემდეგ აღარ განხორციელებულა (ცნობისთვის: მოქმედი მთავრობა “ბიზნეს სახლის“ პროექტის განხორციელებას აღარ გეგმავს) ეს არის ერთ სივრცეში თავმოყრილი სახელმწიფო სერვისები ბიზნესისთვის. გარდა ამისა, ბიზნესის განვითარება ქვეყნის განვითარების ტემპს ებმის. თუ ეკონომიკა სწრაფად იზრდება, მაშინ მოტივაციაც, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესმა დაინახოს თავისი მომავალი, გაცილებით იმატებს. ეკონომიკური განვითარების ხედვა თუ არ არსებობს, ზრდის ტემპიც თუ შენელებულია - ინტელექტუალური და სხვა რესურსი ქვეყნიდან გაედინება,“ - განაცხადა კომპანია „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ეკონომიკურ კონკურენციაში, თუმცა შეუძლებელია, ეს შანსი დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომ „მას დღეს უნდა გამოყენება“.