მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლდება თუ არა 4 ოქტომბრიდან სკოლებში დასწრებული სწავლება?

61373ed09d1c4
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.21 14:45
972
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ინფიცირების მაჩვენებლების შემცირებისა და ვაქცინაციის ტემპის გათვალისწინებით, 4 ოქტომბრიდან სკოლებში დასწრებული სწავლების შესაძლებლობაზე საუბრობს და იმ ფაქტორებს ასახელებს, რომლის დახმარებით ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

“ვფიქრობთ, კლების ტემპის ტენდენცია კეთილსაიმედოა. ვაქცინაციის პროცესი პედაგოგებში კარგ მაჩვენებელზეა; ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი კარგ პირობას შექმნის იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს.

კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად სტუდენტები გააქტიურდნენ და რაც შეიძლება დროულად აიცრან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სკოლებში დასწრებული სწავლების განახლების შესახებ ჟურნალისტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელსაც ჰკითხეს და მაგალითად აჭარის რეგიონი მოიყვანეს, სადაც ინფიცირების დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4%-ია. კითხვაზე - ხომ არ იქნება აჭარა პირველი რეგიონი, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება, ამირან გამყრელიძემ უპასუხა:

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და გაცხადდა, რომ დასწრებული სწავლა ოქტომბრის დასაწყისიდან დაახლოებით, 330-332 მაღალმთიანი სოფლის სკოლაში აღდგება. ამ სკოლებში შევისწავლეთ ეპიდსიტუაცია, თუ რამდენ მოსწავლე-მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი - ეს ინფორმაცია უკვე გვაქვს და განათლების სამინისტროსთან ვმუშაობთ, რომ ამ სკოლებში სწავლა აუცილებლად აღდგეს, რადგან იქ ინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. დანარჩენზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჩამოაყალიბა უსაფრთხო სკოლებისა და უნივერსიტეტების კონცეფცია და უახლოეს დღეებში ეს კონცეფცია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებთან ერთად განიხილება და ჩამოყალიბდება კრიტერიუმები სხვა სკოლებში მუნიციპალიტეტის სკოლებსა ან დიდ ქალაქებში სწავლა როგორ უნდა აღდგეს. უწყებების მიერ განხილვის შემდეგ ამას საკოორდინაციო საბჭო დაამტკიცებს“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა.