14.ივნისი .2022 14:36

განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მიზნით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და USAID კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მიზნით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და USAID კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
views 338
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია USAID-ის „ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის“ პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში განაგრძობს აქტიურ მუშაობას ენერგეტიკულ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. შესაბამისად, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება იყო BAG-ის ენერგეტიკის კომიტეტისა და USAID-ის წარმომადგენლების მთავარი სადისკუსიო თემა.

შეხვედრისას USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მრჩეველმა ჯეიკ დელფიამ ისაუბრა ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ბარიერებსა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროგენერაციის პროექტების პრიორიტიზაციაზე.

კომიტეტის სხდომის ფარგლებში საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომელიც ელექტროგენერაციის ობიექტების დეველოპერები აწყდებიან, მათ შორისაა, წამახალისებელ სქემები, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა, ქსელთან დაერთება და, ზოგადად, განჭვრეტადი ბიზნეს გარემო. ასევე, მიმოხილული იქნა ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და მიმდინარე რეფორმა, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან დახვეწასა და კორექტირებას და რომლის სამუშაო პროცესშიც კერძო სექტორი აქტიურად მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის გრძელვადიან ენერგეტიკულ სტრატეგიაზე, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგო დამოუკიდებლობის მაღალი მაჩვენებლების მიღწევის მიზნებისთვის. დასასრულს, სხდომა ინვესტორებთან სადისკუსიო რეჟიმში წარიმართა.

„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით USAID-ის „ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის“ პროგრამას თანამშრომლობისთვის, რადგან მათი ჩართულობა და რეფორმის პროცესში მონაწილეობა საგრძნობლად ამარტივებს დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის პროცესს. ვიმედოვნებთ, რომ ინვესტორები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ენერგეტიკული სექტორის რეფორმის მიმდინარეობაში. შესაბამისად, დეველოპერების მიერ გაზიარებული მოსაზრებები საყურადღებო უნდა იყოს პოლიტიკის დაგეგმვის მიზნებისთვის, რადგანაც სწორედ ბიზნესის მიერ კონკრეტული პროექტების განხორციელებისას დანახული ცალკეული წინაღობის მოგვარება უნდა გახდეს რეფორმის წარმატების მნიშვნელოვანი მაჩვენებელი“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა