მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებულ ბიუჯეტს არ ახლავს სსიპ-ების და აიპების ბიუჯეტების მოდიფიკაციის ტექსტი - აუდიტის სამსახურის დასკვნა

633d7edb778d7
BM.GE
05.10.22 17:01
654
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტზე საკუთარი დასკვნა გამოქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია ბიუჯეტის პარამეტრები და ცვლილებები, რაც მასში შედის. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ განახლებულ ბიუჯეტს თან არ ახლავს არც სსიპ-ების და აიპების ბიუჯეტების მოდიფიკაციის ტექსტი, ასევე არც კაპიტალური პროექტების ბიუჯეტების კორექტირების ტექსტი. 

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტით წარმოდგენილ მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების განახლებულ პროგნოზებში ასახულია მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.0%-დან 8.5%-მდე გაიზარდა, მშპ-ს დეფლატორი - 4.5%-დან 10.5%-მდე და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი 7.6%-დან 6.9%-მდე შემცირდა.

"კანონპროექტზე თანდართულ „მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის“ განახლებულ დოკუმენტში იდენტიფიცირებულ ეკონომიკურ რისკებს დაემატა ერთი ახალი რისკი - მსოფლიოში მოსალოდნელი რეცესია. ამასთან, დოკუმენტი აღარ ითვალისწინებს წინა რედაქციაში ასახულ ორ რისკს - „გაზრდილი გლობალური ვალი“ და „გლობალურ მომხმარებელთა ქცევა“. მნიშვნელოვანია, დოკუმენტში წარმოდგენილი რისკ-ფაქტორები და მათი ეფექტები ეფუძნებოდეს შესაბამის რაოდენობრივ ინდიკატორებს, რაც შესაძლებელს გახდის მოცემული შოკების რეალიზაციის შეფასებასა და ანალიზს.

განახლებული მონაცემებით, ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 2022 წელს უახლოვდება ორგანული კანონით დადგენილ 3.0%-იან ზღვარს და ლიმიტის ფარგლებში 2023 წელს ბრუნდება. კერძოდ, დეფიციტის პროგნოზი 2022 წლისთვის 3.1%-ს შეადგენს (2.2 მლრდ ლარი).

ასევე, დადებითი ტენდენცია აქვს ვალის წესის მიზნისთვის დათვლილ მაჩვენებელსაც, რომელიც 51.7%-დან 40.1%-მდე მცირდება და კანონმდებლობით დადგენილი 60%-იანი ნიშნულის ფარგლებშია მოქცეული. აღნიშნულ დაკავშირებით საყურადღებოა შემდეგი საკითხები:

ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი არ ითვალისწინებს იმ სახელმწიფო საწარმოების ვალს (+0.3%), რომლებიც IMF-ის რეკომენდაციით ფინანსთა სამინისტრომ დააკლასიფიცირა როგორც სამთავრობო სექტორი (აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით იგი 40.4%-მდე იზრდება).
მთავრობის ვალის 75%-ს საგარეო ვალი შეადგენს. ასევე, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებიდან“ (PPP პროექტები) მომდინარე ვალდებულებებიც უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ვალის წესის მაჩვენებელი განსაკუთრებით მოწყვლადია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ.
ბიუჯეტის შემოსულობებთან დაკავშირებით აღსანიშნავია შემდეგი საკითხები:

ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზის გათვალისწინებით 1 მლრდ ლარით (7.8%-ით) იზრდება საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი და 14.5 მლრდ ლარს შეადგენს;
რენტიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 50 მლნ ლარით (66.7%-ით) და 25 მლნ ლარს უტოლდება. ცვლილების მასშტაბიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კანონპროექტი მოიცავდეს დამატებით ინფორმაციას მისი შემცირების მიზეზების შესახებ;
პროცენტის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 20 მლნ ლარით (11.1%-ით) და 200 მლნ ლარის დონეზეა განსაზღვრული. 8 თვის მდგომარეობით პროცენტის სახით ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ 171 მლნ ლარი შეადგინა, რაც განახლებული გეგმის 86%-ს შეადგენს. მოცემული ტენდენციის გათვალისწინებით კანონპროექტით წარმოდგენილი პროგნოზი შედარებით კონსერვატულია;
სანქციების (ჯარიმები და საურავები) კომპონენტის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელადაა შენარჩუნებული 110 მლნ ლარის დონეზე. მობილიზების არსებული ტენდენციისა და მიმდინარე წლის სექტემბერში პარლამენტის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების (საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გამკაცრება) გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელი შედარებით კონსერვატულია.
ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში იზრდება 22 პროგრამის დაფინანსების მოცულობა, ჯამურად 752 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო 8 პროგრამის - მცირდება, ჯამურად 80 მლნ ლარის ოდენობით. საყურადღებოა, რომ პროგრამული ბიუჯეტის დანართში არ მომხდარა ყველა იმ პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნობრივი მაჩვენებლის დაკორექტირება, რომელსაც შეეცვალა დაფინანსება. კერძოდ, მიზნობრივი მაჩვენებლების განახლება არ მომხდარა იმ პროგრამების 78%-ში (13 პროგრამა), რომელთა ასიგნებების მოცულობა 10%-ით და მეტით იცვლება. მიზანშეწონილია, პროექტში წარმოდგენილი ფინანსური ცვლილებების შესაბამისად, მხარჯავი უწყებების მიერ სრულად განხორციელდეს პროგრამული ბიუჯეტის ნაწილში მიზნობრივი მაჩვენებლების კორექტირება.

საყურადღებოა, რომ კანონპროექტის ფარგლებში არ მომხდარა კაპიტალური პროექტების დანართის განახლება. შესაბამისად, პროექტების დონეზე ვერ ხერხდება იმის იდენტიფიცირება, თუ რა მასშტაბის ცვლილებები განიცადა კაპიტალურმა პროექტებმა. ასევე, არ მომხდარა სსიპ/ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესახებ განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა, რაც ართულებს ცვლილების გავლენის დადგენას საბიუჯეტო ორგანიზაციებზე.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, 2022 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის მოცულობა არსებულ გეგმასთან შედარებით 4.7 მლრდ ლარით მცირდება და 29.8 მლრდ ლარს უტოლდება. შემცირებაში ეროვნული ვალუტის გამყარების ეფექტი 87%-ს შეადგენს (4.1 მლრდ ლარი), ხოლო ვალის არსებული ნაშთის შემცირების ეფექტი 13%-ია (602 მლნ ლარი). საყურადღებოა, რომ 2022 წელს საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებულ 16 საინვესტიციო პროექტს უმცირდება დაფინანსება, ჯამურად 328.6 მლნ ლარის ოდენობით, 2 საინვესტიციო პროექტს კი ეზრდება - ჯამურად 18.1 მლნ ლარით,"- წერს აუდიტის სამსახური.