მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განულდეს 4%-იანი გადასახადი“ - რა შეთავაზება აქვთ თიზ-ებს მთავრობასთან?

6388ad1c851a3
ელენე გოგბერაშვილი
01.12.22 17:45
842
თავისუფალი ინდუსტრიული ზონები წლებია იმპორტის 4%-იანი გადასახადის გაუქმებას ითხოვენ. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ შესახებ ჯერ 2007 წელს მიღებული კანონით, საქართველოდან თიზ-ში საქონლის შეტანა 4%-ით იბეგრება, მაშინ როცა იმპორტი გადასახადისგან გათავისუფლებულია. კანონში არსებული ამ ჩანაწერის გამო კი თიზ-ის კომპანიები იძულებულნი არიან ნედლეულის და ძირითადი საშუალებების იმპორტი განახორციელონ ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე შეიძინონ. როგორც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი bm.ge-სთან განმარტავს, აღნიშნული საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას.

„დღის წესრიგში ისევ დგას ის პრობლემები არ შეცვლილა რეალურად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ წლებია, ეს არის 4%. ჩვენ გვაქვს შეთავაზება მთავრობასთან, რომ თუ გვინდა წავახალისოთ ადგილობრივი მწარმოებლები და ადგილობრივიდან დავაიმპორტოთ საქონელი თიზში და შევქმნათ საბოლოო პროდუქცია, რომელიც შემდეგ გაიგზავნება უცხოეთში, ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ განულდეს ეს 4% . ასევე არის სხვა საკითხები. მთავრობა პრინციპში ვფიქრობ ყურადღებით გვისმენს, თუმცა რეალურ ნაბიჯებზე უნდა გადავიდეთ, იმიტომ რომ მსოფლიო იმდენად განვითარდა, ამ კანონის მიღებიდან 14 წელი გავიდა და ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას, და შევქმნათ უფრომყარი სამართლებრივი ბერკეტი, რომ კომპანიებმა იგრძნონ თავი კონფორტულად ზონებში“,-აცხადებს დავით ებრალიძე.

შეგახსენებთ, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) არის თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები მოქმედებს.

თიზის საწარმოები გათავისუფლებული არიან მოგების გადასახადისგან, ამასთან დამატებული ღირებულების გადასახადით არ იბეგრება თიზ-ში უცხოური საქონლის შეტანა და თიზ-ში განხორციელებული ოპერაციები.

თიზში არსებული ქონება გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან და კომპანიები არ იხდიან ასევე იმპორტის გადასახადს.

ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს.ესენია: ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.