მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვითარების რა პერსპექტივას ხედავს სათამაშო ბიზნესი გონიოში?

61a88708d9b57
დავით ჯალაღონია
03.12.21 09:45
624
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გონიოში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა სურს, სადაც სათამაშო ქალაქი განთავსდება. ამის შესახებ მან აზარტულ თამაშებზე რეგულაციების დაანონსების პარალელურად განაცხადა. BMG დაინტერესდა, რა პერსპექტივას ხედავს სათამაშო ბიზნესი გონიოში განვითარების კუთხით იმ პირობებში, როცა მთავრობა უახლოეს მომავალში აზარტულ თამაშებზე წვდომას, დაახლოებით, 1 მილიონ ადამიანს შეუზღუდავს.

როგორც BMG-სთან ინტერვიუში სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა, იმ რეგულაციების პირობებში, რაც იგეგმება, ინვესტორი დაფიქრდება, ღირს თუ არა საერთოდ საქართველოში მუშაობა.

"ინვესტორი დაფიქრდება, საქართველოში გააკეთოს თუ არა საერთოდ ინვესტიცია, განსაკუთრებით ამ სფეროში, როცა ბიზნესი საერთოდ დაუცველობას გრძნობს. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის კონკრეტული მაგალითები გვაქვს, რომლებიც სათამაშო ზონების შექმნას ცდილობდნენ. ავიღოთ ჩვენი მეზობელი ქვეყანა რუსეთი, რომელმაც თავის დროზე ზონა შექმნა და აზარტული თამაშები ქვეყანაში აკრძალა, შემდეგ კი მიხვდა, რომ ამას შედეგი არ აქვს. ახლა კანონპროექტს ამზადებენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული ლეგალიზაცია გააკეთონ.

ზონის შექმნას საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება. დღესდღეობით, ჩვენ ასეთი ზონა გვაქვს - ეს არის წყალტუბო, სადაც აზარტული თამაშებისთვის თავისუფალი ზონაა და თავის დროზე მაგისთვის იყო ეს გაკეთებული, თუმცა წყალტუბო ამით არ განვითარებულა. ვფიქრობ, გონიოც იგივე შედეგს მიიღებს.

საქართველოს ჰქონდა საშუალება, რეგიონში ჰაბი გამხდარიყო როგორც აზარტული თამაშების, ისე პროგრამული თამაშების განვითარების კუთხით. ჩვენ აღნიშნული ცვლილებებით ძალიან დიდ შანსს ვკარგავთ", - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სათამაშო ბიზნესი საკმაოდ კონკურენტული სფეროა და ამ მხრივ საქართველოს შესაძლებლობებს უკრაინა აითვისებს, სადაც ეს ბიზნესი სწრაფად ვითარდება.

"როცა ინვესტორი ვერ ხედავს, რომ დაცულია, ყოველთვის წავა იმ ქვეყანაში, სადაც დაცული იქნება. უკრაინა ჩვენთვის საკმაოდ დიდი კონკურენტია და საკმაოდ კარგი ნაბიჯებით და სწრაფად ცდილობს განვითარებას, შესაბამისად, ეს ჩვენ იმ შედეგის მიღებაში შეგვიშლის ხელს, რაც შეიძლება საქართველოში დამდგარიყო.

საქართველო ამ სფეროში საკმაოდ კარგად ვითარდებოდა. მე პირადად ბევრ ინვესტორთან მქონდა საუბარი, ვინც აპირებდა საქართველოში შემოსვლას. მაგალითად, ასეთი იყო IT კომპანია, რომელსაც ინტერესი ჰქონდა, კონსულტაციებიც და წინა კვირის განცხადების მერე, ცოტა უხეში მესიჯები წამოვიდა მათგან და საქართველოში შემოსვლაზე უკვე თავს იკავებენ", - განაცხადა სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.