მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განვიხილეთ ის შესაძლო მარშრუტები, რომლებიც შეიძლება საქართველოში წამოვიწყოთ" - Wizz Air-ის წარმომადგენელი

63105437991b0
BM.GE
01.09.22 11:15
945
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება, სამუშაო შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის კიდევ უფრო ზრდა და მომავალი წლის გეგმები იყო.

Wizz Air-ის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ვლადისლავ ილინმა ყურადღება საქართველოში გრძელვადიანი პოზიციონირების და უახლოეს წლებში კომპანიის ოპერირების გაფართოების პერსპექტივებზე გაამახვილა.

„განვიხილეთ ის შესაძლო მარშრუტები, რომელიც შეიძლება წამოვიწყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაგიბრუნდებით სასიამოვნო სიახლეებით. ერთ-ერთი უკანასკნელი სიახლე ჩვენი მხრიდან იყო პროექტი „მოდი, დავიკარგოთ ვიზეართან ერთად“, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოვიყვანეთ 200 ინფლუენსერი, რათა გვეჩვენებინა თქვენი ქვეყნის სილამაზე და მიმზიდველობა. ჩვენ ამით საკუთარი წვლილი შევიტანეთ თქვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში. მოუთმენლად ველით ახალ შესაძლებლობებს, რომ საქართველოში ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოოთ“, - აღნიშნა Wizz Air-ის წარმომადგენელმა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული და სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია Wizz Air-თან, ერთობლივი ძალისხმევით ბოლო ორი წლის განმავლობაში შევძელით და ქუთაისის აეროპორტიდან კომპანია 20-ზე მეტი ევროპული მიმართულებით ოპერირებს. დღევანდელ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის განვითარებას, მათ შორის ახალი მიმართულებების დამატებას. დარწმუნებულები ვართ, რომ ასევე ერთობლივი ძალისხმევით მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო პროექტები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.