მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაბანში $180 მილიონად აშენებული 230-მეგავატიანი თბოელექტროსადგური სატესტო რეჟიმში გაეშვა

5e01c29201ef2
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.19 12:10
2345
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გარდაბნის თბოსადგური2-ის მშენებლობა დასრულდა. თბოსადგური სატესტო რეჟიმში გაეშვა, ის ელექტროსისტემას ელექტროენერგიას საცდელ რეჟიმში უკვე აწვდის.

კომბინირებული ციკლის, 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე თბოელექტროსადგურის მშენებლობაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის ინფორმაციით, სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას 2020 წლის ზამთრის სეზონისათვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.

"პირველად საქართველოში, ახალი თბოელექტროსადგური აღჭურვილია ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციით, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის დროს ქსელში ელექტროენერგიის პირველად მიწოდებას და მთელი სისტემის ნულიდან აღდგენას გულისხმობს.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგო-ეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიური იქნება, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები.

გარდაბნის თბოელექტროსადგური აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-Power) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით. აღნიშნული კომპანია ლიდერია მსოფლიოს მასშტაბით მოცემული დანადგარების წარმოებაში და გამოირჩევა ენერგო ეფექტურობისა და ხარისხის მაღალი სტანდარტით,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2’’-ის მიერ 230 მგვტ. კომბი ნირებული ციკლის თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია - China Tianchen Engineering Corporation-მა (TCC) შეასრულა, რომელიც ერთერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ტიანჯინში. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და იგი ჩართულია 30-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარე საერთაშორისო საინჟინრო პროექტებში.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა. 2018 წელს კომპანიის შემოსავალმა 642 მილიონი ლარი, აქტივების ღირებულებამ კი 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა.