18.ოქტომბერი .2020 18:33

გარდაიქმნება თუ არა "ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი" ჰიბრიდულ კლინიკად? - შეხვედრა მინისტრთან

views 272
უკან

კლინიკების წარმომადგენლები გუშინ, 17 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ. შეხვედრის თემა Covid-19-ის ინფექცია და დამატებითი საწოლების მობილიზება იყო. როგორც bm.ge-ს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა დავით ოშხერელმა განუცხადა, შეხვედრაზე მინისტრს შესთავაზეს, რომ მათი კლინიკა ჩაერთოს კორონავირუსის მართვაში და სამედიცინო დაწესებულების ნაწილმა კოვიდინფიცირებულები მიიღოს, ანუ ჩამოყალიბდეს ჰიბრიდულ საავადმყოფოდ. 

დავით ოშხერელის თქმით, ჰოსპიტალში სულ 152 საწოლია და ისინი მზად არიან, ადგილების მესამედი კოვიდ-პაციენტებს დაუთმონ. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვირუსით ინფიცირებულები განთავსდებიან იზოლირებულად და არ შეუქმნიან საფრთხეს სხვა პაციენტებს.

მისივე ინფორმაციით, მათ სამინისტროს საკუთარი ვარიანტი შესთავაზეს, გადაწყვეტილება კი რეგულირების სააგენტომ უნდა მიიღოს.

“ჩვენი მხრივ, ვითხოვთ მხოლოდ შესაბამის აღჭურვილობას და მედპერსონალის მობილიზებას”,-აცხადებს დავით ოშხერელი და აღნიშნავს, რომ რეგულირების სააგენტოსგან გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ელოდება.

კითხვაზე, როდიდან სჭირდება სამინისტროს დამატებითი საწოლები, კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია სარეზერვო საწოლფონდზე.