06.აპრილი .2021 22:07

გარე რეკლამის განთავსების ნებართვაზე აუქციონი გამოცხადდება

გარე რეკლამის განთავსების ნებართვაზე აუქციონი გამოცხადდება
views 600
უკან

გარე რეკლამის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე სარეკლამო სფეროში ჩართული კომპანიები უკვე წლებია საუბრობენ. კერძო სექტორი ამბობს, რომ გარე სარეკლამო ბაზარზე შესვლა შეუძლებელია, რადგან 2009 წლიდან ექსკლუზიური ნებართვით კომპანია OUTDOOR.GE სარგებლობს.

როგორც დღეს საკრებულოს წევრები ამბობენ, ხელშეკრულების გამო, რომელიც 12 წლის წინ OUTDOOR.GE-ისთან გაფორმდა, გარე რეკლამის ბაზარი შეიზღუდა. საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ კომპანია OUTDOOR.GE, შპს ალმასთან დაკავშირებული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე წლებია მონოპოლისტის სტატუსით სარგებლობს.

“დღეს კონკურენციის პირობების დარღვევით გარე სარეკლამო ბაზარზე ერთდერთი კომპანია ალმა ოპერირებს, შესაბამისად, სხვა მცირე კომპანიებს, რომელთანაც მე მქონდა კომუნიკაცია, როდესაც ამ სფეროს ვიკვლევდი წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტიდან გარე რეკლამების კონსტრუქციების მონტაჟთან დაკავშირებით არცერთი ნებართვა არ გამოუტანიათ. ეს სფერო მთლიანად ჩაკეტილია.”-აცხადებს საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი.

ხელშეკრულებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს OUTDOOR.GE-ისთან გაფორმდა საკრებულოს კიდევ წევრი ლევან ჟორჟოლიანი აკრიტიკებს. ჟორჟოლიანი BM.GE-თან განმარტავს, რომ არსებულ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების გამო, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა გარკვეული თანხები დაკარგა.

“12 წლის წინ გამოცხადებულ აუქციონზე პირობა იყო ასეთი ჩადებული, გამარჯვებულ კომპანიას შეეძლო ქვენებართვების გაცემა. ქვენებართვები ნიშნავს, რომ ერთ კომპანიას შეუძლია გააჩინოს უამრავი შვილობილი კომპანია, რომელსაც ექნება ბაზარზე არსებული ფასები. მას მომსახურებას დედა კომპანია სთავაზობს იაფად, შემდეგ კი იღებს ამაში შემოსავალს. ამ შემოსავლით მიდის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით მუნიციპალიტეტში და იხდის შემოსავლის 6%-ს, რაც აცდენილია ბაზრის ფასებს, შესაბამისად, ბიუჯეტი ვერ იღებს იმ თანხებს, რასაც უნდა იღებდეს.”-ამბობს საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი.

კომპანია OUTDOOR.GE-თან ხელშეკრულება 2009 წლის 3 აპრილს გაფორმდა. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა კომპანიამ 12 წლის ვადით, 2021 წლის 3 აპრილამდე მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში თანხმდებიან იმაზე, რომ წლების განმავლობაში ხელშეკრულებამ როგორც ცალკეულ ბიზნესებს ისე თავად თბილისის ბიუჯეტს ზიანი მიაყენა, ნებართვით სარგებლობა საკრებულოს გადაწყვეტილებით OUTDOOR.GE-ის, 3 თვით, 3 ივლისამდე მაინც გაუხანგრძლივდა.
საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ თბილისის საკრებულო და მერია ნებართვის ვადის ამოწურვას მომზადებული უნდა შეხვედრილიყვნენ და აუქციონის განახლებული პირობები აქამდე უნდა მოემზადებინათ.

ამის საპირისპიროდ საკრებულოს უმრავლესობაში ამბობენ, რომ აუქციონის განახლებული პირობების შემუშავება 3 აპრილამდე ვერ მოესწრო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება გაჩერდებოდა, ბიზნესი გარე რეკლამის გარეშე დარჩებოდა, ხოლო ბიუჯეტი 3 თვის განმავლობაში მისაღებ შემოსავალს დაკარგავდა.
ჟორჟოლიანის განმარტებით, 3 თვის განმავლობაში განახლებული პირობებით აუქციონი გამოცხადდება, რომელიც ბაზრის ყველა მოთამაშეზე იქნება მორგებული. მისი თქმით, განახლებული პირობებით გამოცხადებული აუქციონი თბილისის მერიას საშუალებას მისცემს გარე რეკლამიდან იმაზე მეტი შემოსავალი მიიღოს, ვიდრე აქამდე იღებდა.

“მას შემდეგ რაც გვეცოდინება ზუსტი რიცხვები, რასაც საექსპერტო დასკვნა მოგვცემს, მერია და საკრებულო იმსჯელებენ იმაზე, თუ რა პირობებით გამოცხადდება აუქციონი. მთავარ პრინციპს, რაზეც დღეს მე შემიძლია ვისაუბრო ისაა, რომ ახალი პირობები უნდა იყოს კონკურენტული, აბსოლუტურად ყველა კომპანიას შეეძლება აუქციონში მონაწილეობის მიღება. ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის რომ ბიუჯეტმა მიიღოს ზუსტად ის შემოსავალი, რაც მას ეკუთვნის. დანაშაული იყო არსებული პირობებით ხელშეკრულების გაფორმებაც თავის დროზე. მუნიციპალიტეტი იყო მიბმული კომპანიის შემოსავალზე, რომელიც კომპანიას შეუძლია ანახოს ძალიან დაბალიც კი და შვილობილ კომპანიებში ნახოს ძალიან დიდი მოგება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ახალი პირობების შემუშავების დროს არ წავალთ.”-აცხადებს საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, 12 წლის წინ გაცემული ნებართვა, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გარე რეკლამის განთავსებას გულისხმობდა. შესაბამისად, ახალი აუციონის გამოცხადებაც სწორედ ამ ნაწილში მოხდება.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ხელშეკრულებაც, რომელიც უკვე კალაძის მერობის პერიოდში, 2019 წელს გამოცხადებული აუციონის შედეგად გაფორმდა. აქ გამარჯვებული კომპანია ალმაა, რომელსაც მეტროსა და მუნიციპალურ ტრანსპორტზე რეკლამების განთავსების 20 წლიანი ექსკლუზიური უფლება აქვს.

როგორც საკრებულოს წევრები ამბობენ, კომპანია "ალმა" OUTDOOR.GE-თან დაკავშირებული კომპანიაა. ბიზნესრეესტრის ინფორმაციით, OUTDOOR.GE-ის 10%-იანი წილის მფლობელი შპს ჯეოტეკია, რომლის 100%-ს თავის მხრივ კომპანია "ალმა" ფლობს.

BM.GE დღის განმავლობაში კომპანია "ალმასგან" შებამის კითხვებზე პასუხების მოპოვებას ცდილობდა, თუმცა მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა