მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვის კომიტეტმა თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

641848064d432
BM.GE
20.03.23 15:47
498
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების თაობაზე იმსჯელა, რომლებიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ ითვალისწინებს „თბილისის მეტროს პროექტის“ განხორციელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას. კერძოდ, თბილისის მეტროს რეფორმის სრულყოფილად განხორციელების მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს 50 მლნ 600 ათასი ევროს გამოუყოფს. ამას დაემატება მწვანე კლიმატის ფონდის მიერ 5 მლნ ევროს ოდენობის გრანტიც.

„პროექტი თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაციას და ასევე დეპოს მოწყობას ისახავს მიზნად. მოგეხსენებათ თბილისის მეტრო 50 წლის წინ აშენდა. შესაბამისად, საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას. შესწავლის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი გამაგრებითი და ჰიდროიზოლაციის სამუშაოების ჩატარების, ასევე მეტროსადგურების ინტერიერისა და ექსტერიერის განახლების აუცილებლობა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე განხორციელდება 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. პროექტით გათვალისწინებულია ესკალატორების რეაბილიტაცია, ძრავების აღჭურვა და ყველა სხვა კომპონენტი, რაც მეტროს გამართული ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

სხდომაზე კომიტეტს გიორგი კაკაურიძემ კიდევ ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი - „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი“) წარუდგინა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. პროექტი მოიცავს მაგისტრალური არხების, მეორადი და მესამეული არხების პროექტირებას, მშენებლობას და ზედამხედველობას. პროექტის განხორციელების პერიოდად განსაზღვრულია 2023-2028 წლები. სესხის მოცულობა 20 მილიონი ევრო იქნება.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა მთავრობის მიერ შეთანხმებისთვის წარმოდგენილი „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილებაზე“ და აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას.