მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვის სამინისტრო: წესების დარღვევით წარმოებული 1 მლნ-ზე მეტი პარკი დავლუქეთ

5e1c113904872
ინგა მურუსიძე
13.01.20 10:41
1974
36 საწარმოს ინსპექტირების შედეგად, დაახლოებით, 1 მლნ 808 ერთეული პარკი დავლუქეთ, - ამის შესახებ bm.ge-ის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სულ 36 საწარმო იყო იდენტიფიცირებული და სახელმწიფო უწყება ყველგან შევიდა; გარდა ამისა, ინსპექტირება განხორციელდა იმ საწარმოებშიც, რომელიც შემოწმების პერიოდში იქნა აღმოჩენილი. დანარჩენების მოძიება კი, მიმდინარეობს. 

„გასული წლის დეკემბერში 36 ობიექტის ინსპექტირება განვახორციელეთ. ინსპექტირების მომენტისთვის 14 საწარმო აწარმოებდა შესაფუთ მასალას და მათ ჰქონდათ პოლიეთილენის წარმოების უფლება. 5 საწარმოში აღმოვაჩინეთ, რომ ყოველგვარი ლაბორატორიული კვლევის გარეშე აწარმოებდნენ პლასტიკის პარკებს და ასეც იყო მითითებული. ავიღეთ ასევე 12 ნიმუში, რომელსაც აღწერა ჰქონდა, რომ იყო ბიოდეგრადირებადი პარკი, თუმცა ლაბორატორიული კვლევის შედეგებით აღნიშნული 12 სინჯიდან 3 შემთხვევაში დადგინდა პლასტიკის შემცველობა. ჯამში, 36 საწარმოს ინსპექტირების შედეგად, დაახლოებით, 1 მლნ 808 ერთეული პარკი დავლუქეთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ; დამატებით აღმოვაჩინეთ კიდევ საწარმოები, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული. გავყვებით ამ მიმართულებით და მოვახდენთ ყველა იმ საწარმოს ინსპექტირებას, რომელიც პირველ ეტაპზე შევამოწმეთ“, - განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

მისივე თქმით, "კანონის თანახმად, წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, თუმცა უკვე შექმნილი ნაწარმის დალუქვა იმდენად მაღალი სასჯელია, რომ სერიოზულ ფინანსურ ზარალს წარმოადგენს კომპანიისთვის". 

რაც შეეხება რეალიზაციის ობიექტებს და საბაჟოს, როგორც კორკოტაძე განმარტავს, მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და შემოსავლების სამსახური ამოწმებენ.

bm.ge შესაბამის ინფორმაციას შემოსავლების სამსახურისგან და თვითმმართველობებისგანაც გამოითხოვს.