მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოსდაცვითი რეგულაციის დარღვევისთვის 8 თვეში 50 საწარმო დაჯარიმდა

61fcc9afd88aa
სალომე მეცხვარიშვილი
04.02.22 15:37
495
გარემოსდაცვითი რეგულაციის დარღვევისთვის 8 თვეში 50 საწარმო დაჯარიმდა. ამის შესახებ bm.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განუცხადა.

საუბარია რეგულაციაზე, რომელიც გასული წლის პირველი ივნისიდან 85-მდე მსხვილ კომპანიას ეხება. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, ბიზნესი ვალდებულია, მათ მიერ ჰაერში წარმოქმნილი გაფრქვევები შეამციროს, ფილტრაციის სისტემები დაამონტაჟოს და გარემოს დაცვის სამინისტროს ონლაინ რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. ამისთვის კომპანიებს უწევთ სპეციალური დანადგარები და აღჭურვილობა შეიძინონ, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან და ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული. საწარმოების უმრავლესობამ ახალ წესებზე მორგება ვერ მოასწრო, რის გამოც დაჯარიმდნენ.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ დარღვევები ძირითადად ატმოსფერული ჰაერის თვითმონიტორინგის სისტემის არარსებობის გამო გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას არა სამინისტრო, არამედ სასამართლო იღებს.

ნინო თანდილაშვილი ადასტურებს, რომ საწარმოების უმრავლესობაში კანონის ახალი მოთხოვნები დანერგილი არ არის, თუმცა პროცესი მიმდინარეობს.

“ახლა აქტიურად ვამოწმებთ ქალაქ რუსთავში არსებულ საწარმოებს. ხელმძღვანელობისგან ვისმენთ ანგარიშს, თუ რა გაკეთდა და რა გეგმები აქვთ უახლოეს პერიოდში, რათა ეს ვალდებულებები შესრულდეს მათი მხრიდან, რათა სახელმწიფოს არ მოუწიოს მათი დაჯარიმება და უფრო მკაცრი ზომების გამოყენება.

თითოეული საწარმოს მდგომარეობა ინდივიდუალურია და განსხვავდება ერთმანეთისგან. არის პოზიტიური ძვრები, ზოგს უკვე შესყიდული აქვს დანადგარები; არის რამდენიმე, რომელსაც უკვე დამონტაჟებული აქვს.

მაგრამ ჩვენი მიდგომა იქნება მკაფიო, რომ თუ ისინი არ შეასრულებენ ვალდებულებებს იმ ვადებში რაც თავად გააჟღერეს, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება პასუხისმგებლობის ზომები, რადგან ვსაუბრობთ ისეთ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას”,- აცხადებს ნინო თანდილაშვილი.