მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გარემოვაჭრეები მომხმარებლების 90%-ს გვიკარგავენ” - ნავთლუღის ბაზრის მოვაჭრეები

61e67a46b0999
ნინი ლონგურაშვილი
18.01.22 21:44
1497

ნავთლუღის ბაზარში საახალწლო დღეებში მომატებული ფასი შენარჩუნებულია. მოვაჭრეები BM.GE-სთან პროგნოზს ვერ აკეთებენ, ვინაიდან არ იციან როდის დასტაბილურდება სიტუაცია.

ისინი მომხმარებლების სიმცირეზეც საუბრობენ. როგორც ამბობენ, მაღალი ფასიდან გამომდინარე, ბაზარში მყიდველების რაოდენობა თითქმის განახევრებულია. ყველაზე დიდ პრობლემად ნავთლუღის ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობას ასახელებენ.

“გარემოვაჭრეები მომხმარებლების 90%-ს გვიკარგავენ. ისინი დახლის გადასახადს არ იხდიან, ხარჯი არ აქვთ და გარეთ გაყიდული საქონელი ბევრად იაფია, ვიდრე შიდა ბაზარზე, სადაც გადასახადს კანონიერად ვიხდით. ჩვენთან თუ მაგალითად 1 კგ პამიდორი 3 ლარი ღირს, გარემოვაჭრეები 2 ლარად ყიდიან. ვინ შემოვა ჩვენთან, 1 ლარით ნაკლებად როცა შეუძლია მომხმარებელს პროდუქტის შეძენა", - ამბობს BM.GE-სთან ერთ-ერთი მოვაჭრე.

BM.GE თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა, ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ მუნიციპალური ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში მთელი ქალაქის მასშტაბით ახორციელებს გარევაჭრობის მონიტორინგს, თუმცა ეს ცოცხალი პროცესია, შესაბამისად იმ ლოკაციებზე, სადაც გარე ვაჭრობის აღკვეთა მოხდა, შესაძლოა ხელახლა დაფიქსირდეს ფაქტები.

შეგახსენებთ, ინსპექციის ფარგლებში, პირველ რიგში ხდება გარემოვაჭრეების სიტყვიერი გაფრთხილება; იმ შემთხვევაში თუ გაფრთხილება უშედეგოა, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ სანქციებს: ჯარიმა და/ან პროდუქციის კონფისკაცია. ჯარიმა 50 ლარია, განმეორებით კანონდარღვევაზე 300 ლარი, ხოლო ავტომობილის ტიპის გარევაჭრობის ობიექტზე - 1000 ლარი.