რუსეთსა და უკრაინას შორის ვის მხარეს ხართ? - ეს კითხვა ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვეს, რომელიც სამების ტაძარში უკრაინიდან ჩამოსვენებული ქართველი მებრძოლების პანაშვიდს დაესწრო.
პრემიერმა განაცხადა, რომ ის ქვეყნის ინტერესების დამცველია, თუმცა მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„მე საქართველოს მხარეს ვარ, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება მანამ სანამ ცოცხალი ვიქნები. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის ვალდებულება. უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე - საქართველოზე, დაანებეთ თავი ყველა სხვა ქვეყნის... მე სამართლიანობის მხარეს ვარ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩენი სურვილია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.