მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი: გეგმაა 10 წელში ღვინის ექსპორტის შემოსავალმა $1 მილიარდს მიაღწიოს

61169d071b455
BM.GE
13.08.21 20:32
486
მთავრობის გეგმაა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეღვინეებთან შეხვედრაზე განცხადა. 

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა ისაუბრა თუ რატომ მიიღო მთავრობამ რთველის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების და მისი 100 მილიონით დაფინანსების გადაწყვეტილება. 

"სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 000 -მდე მევენახე ფერმერი შეძლებს. რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, თელავში 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განხორციელებულმა სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: 2012 წლის შემდეგ მოსავლიანობა 52 000 ტონიდან 300 000 ტონამდე გაიზარდა, გაშენდა 6400 ჰა ახალი ვენახი, 2012 წელს ღვინის ექსპორტიორი კომპანიების საერთო ჯამი არ აღემატებოდა 39-ს და დღეს 300-ზე მეტი ქართული ღვინის ექსპორტიორი კომპანიაა, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი, მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა,"- ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტი 5%-ით, $210 მილიონამდე შემცირდა, სპირტიანი სასმელების ექსპორტი კი 4%-ით, $132 მილიონამდე გაიზარდა, შესაბამისად, ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის ჯამური ღირებულება $332 მილიონი იყო.