მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი "ბორჯომის" თანამშრომლებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდება

62a70d8d49385
მარიამ ვარადაშვილი
13.06.22 14:24
792
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ბორჯომის” თანამშრომლებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ კომპანიამ 50 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა.

“ვიცი, რომ იქ რამდენიმე ათეული თანამშრომელი თვლის, რომ ადგილობრივი კომპანია უსამართლოდ მოექცა, 50 თანამშრომლის გაშვება მოხდა, მე ამის თაობაზე წინა კვირასაც მოგახსენეთ, რომ ბატონ ზურა აზარაშვილს დავავალე და ის აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. მას შემდეგ, რაც "ბორჯომის" თანამფლობელი სახელმწიფო გახდება, უფრო აქტიურად ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არცერთი სიმართლის გარეშე არ დარჩება, არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება. ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა და მათ პასუხი უნდა გაეცეს. მათი ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და არ უნდა ჰქონდეს ვინმეს განცდა, რომ იქ ვინმე იჩაგრება”,-აცხადებს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის: "ბორჯომის" წარმოების გაჩერების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულების გამო უთანხმოება წარმოიშვა. პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 27 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა 4 ძირითადი მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართეს.

„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
2. ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
3. 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
4. იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.

9 ივნისს „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი კომპანიის მხრიდან თანამშრომელთა შესაძლო დისკრიმინაციის შესწავლას დაიწყებს.