მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი: "ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან"

62851c4f250b6
თამთა ჯიჯავაძე
18.05.22 20:16
610
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის წარდგენის მნიშვნელობაზე, კითხვარის შევსების პროცესზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ბოლო წლებში საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის დინამიკა.

"ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან. მასთან რეგიონში მიმდინარე დრამატული გეოპოლიტიკური რყევების განხილვის შესაძლებლობა მქონდა. ჯოზეფ ბორელს ევროინტეგრაციის პროცესისადმი საქართველოს ერთგულება კვლავ დავუდასტურე. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის ევროკავშირის მადლობელი ვარ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ის პროგრესიც, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის, პოლიტიკის და დემოკრატიზაციის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციასა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საუბარი, ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებას.

ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადით 3 მარტს მიმართა. 11 აპრილს კი ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა, კითხვარი უკვე შევსებულია და გადაცემულია, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.