მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გარკვეული პირთა ჯგუფი შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით სარგებლობს“ - განცხადება

617a67533cf88
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.21 13:06
724
საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახური რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, გარკვეული ჯგუფები სახელმწიფო უწყების სახელს ბიზნეს სუბიექტებიდან ჯარიმების სახით, თანხების გამოძალვის მიზნით იყენებს.

შრომის ინსპექციის სამსახური კომპანიებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და იმ დოკუმენტებს ასახელებს, რომელიც სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა ბიზნეს სუბიექტს ინსპექტირებისას უნდა წარუდგინოს.

„სოციალური ქსელის მეშვეობით ფართოდ გავრცელდა ცნობები, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი სარგებლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით, იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს საცნობ ნიშნებს და მათი უფლებამოსილებების შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანის გზით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ცალკეული სუბიეტების ინსპექტირებას ახორციელებს და დაჯარიმების მუქარით, სუბიექტებისაგან თანხების გამოძალვას ახდენს.

შრომის ინსპექციის სამსახურში შემოსულია რამდენიმე ოფიციალური განაცხადი ანალოგიური ხასიათის ქმედების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირთა მიმართ განხორციელების თაობაზე, რაც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს და დამატებით სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ კონტროლისადმი დაქვემდებარებული ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კონტროლს ახორციელებს და მის ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს. ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპექტორი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გამოიჩინონ სიფრთხილე და უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვონ ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარდგენა“, - ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.