მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასაკვირი არაა, რომ ადამიანებს რუსების მასიურად შემოდინება აღიზიანებთ - მაია სიდამონიძე

622c916298049
მარიამ ადამია
12.03.22 16:33
1322
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების დაწესებას მოითხოვენ. ამ მიზნით რამდენიმე პეტიციაც შეიქმნა. მათი თქმით, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლა სარისკოა.

ამ თემასთან დაკავშირებით, „პროთრეველ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა, მაია სიდამონიძემ, გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში შემოდიან, არ არიან ტურისტები და პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი ქვეყანაში საცხოვრებლად ჩამოდიან. შესაბამისად გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანებს აღიზიანებს რუსების მასიურად შემოდინება.

„ეს დამოკიდებულება ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მეორე მხრივ კი, ჩვენს მოძმე ერს ბომბავენ და ყოველდღე უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან,“ - ამბობს სიდამონიძე.

მისივე თქმით, ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს მიგრაციის პოლიტიკა და ამის მიხედვით უნდა შეიქმნას სავიზო რეჟიმი, რომელიც გააკონტროლებს მიგრაციას რუსეთიდან.

„ეს საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც დღეს რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ, აპრობირებული მეთოდია, რომ შემდგომ მათ პუტინის ჯარი მიჰყვეს უკან, ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულაციები დაწესდეს,“ - განაცხადა სიდამონიძემ.

ინფორმაციისთვის, ტურიზმის სეტქორის წარმომადგენელთა ნაწილი, გარდა სავიზო რეჟიმის დაწესებისა, მოითხოვს, რომ რუსი ტურისტებისთვის ე.წ საოკუპაციო გადასახადის შემოღება მოხდეს. ბიზნესი დამატებით ითხოვს, რომ ყველა შემოსულმა რუსმა ტურისტმა ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რითაც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და გმობს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას.