მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დადებითი შოკი"- Fitch-ი საქართველოში რუს მიგრანტებსა და მათ ფულად გზავნილებზე

62e77c36215e0
შოთა ტყეშელაშვილი
01.08.22 11:21
4008
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. ორგანიზაცია საქართველოს სახელმწიფოს საკრედიტო რისკს უცვლელად, “BB” დონეზე აფასებს, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას საქართველოს ეკონომიკაზე, ჯერჯერობით, დადებითი შოკის ეფექტი მოჰყვა, რაც ქვეყანაში რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, დაახლოებით, 90,000 მიგრანტის შემოდინებაში აისახა. ამან კი თავის მხრივ ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები და ფულადი გზავნილები გაზარდა (+65%), ხოლო რუსეთიდან გზავნილები კი გასამმაგდა.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან ინარჩუნებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებს, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება ატარებს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც მათ შორის რუსული ბანკის აქტივების ცვლილებასა და მინერალური წყლების მწარმოებლის მესაკუთრეებს შორის ცვლილებაში გამოიხატა. Fitch-ი წერს, რომ ოკუპირებული ტერიტორების გამო, საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკების მიმართ კვლავ მოწყვლადია, ხოლო რუსეთის მიმართ მთავრობის “ნიუანსურმა” მიდგომამ მოსახლეობის ნაწილში საპროტესტო სენტიმენტები გააღვივა.

Fitch-ი წერს, რომ საქართველოში ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენაა (234.5% წლიურად), ასევე შიდა მოხმარება სტაბილურია, ხოლო წმინდა ექსპორტი და ფულადი გზავნილები მზარდია. მათ ფონზე მშპ-ს რეალური ზრდა პროგნოზირებულია 10.9%-ით 2022 წელს. 2023 წლისთვის Fitch-ი ქვეყანაში 5.3%-იან ზრდას, 2024 წელს კი 4.7%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გადახურების ზოგიერთი რისკი აშკარაა, განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და ბინების იჯარით გაცემის სფეროებში, რაც ფასების მატებაში აისახა.

Fitch-ი მოელის, რომ გაზრდილი გზავნილების ფონზე შემცირდება საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ის 2022 წლისთვის მშპ-ის 5.1% იქნება, თუმცა ეს მაჩვენებელი BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნების მიმდინარე ანგარიშის საშუალო დეფიციტზე (3.5%-ზე) მაღალია.

Fitch-ი წერს, რომ ამჟამად საქართველოს სახელმწიფოს სავალუტო რეზერვები ქვეყნის იმპორტის 4.5 თვის მოცულობის ტოლია, ხოლო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული $280 მილიონიანი პროგრამა, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას დამატებითი ლიკვიდობით მოამარაგებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს ფხიზელ მიდგომას, მან ქვეყნის ეროვნულ ვალუტას მისცა შესაძლებლობა შთაენთქა საგარეო შოკი და არ ჩაერია მის მერყეობაში, რომელიც თებერვლის შემდგომ 11%-ით გამყარდა. სებ-მა გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პ.პ-ით 11%-მდე გაზარდა.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილური და კარგად კაპიტალიზებულია. ქვეყანაში სესხების დოლარიზაცია 49%-ია, რაც 2021 წლის ბოლოსთან შედარებით თითქმის უცვლელია, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია 59%-ია, რაც წლის დასაწყისთან მიმართებით 2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

Fitch-ი მოელის, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაციის საშუალო დონე 11.5% იქნება, ხოლო მონეტარული პოლიტიკა კი წლის განმავლობაში გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდება.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მმართველობის ინდიკატორებით საქართველოს აქვს BB რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ამ მხრივ ქვეყნის პოზიციები ბოლო წლებში შემცირებულია. ასევე არსებობს პოლიტიკური რისკები, რომლებიც დაკავშირებულია 2024 წლის მოახლოებულ არჩევნებთან, რომელზეც რუსეთთან და EU-სთან ურთიერთობა გამყოფი საკითხებია.

"ჩვენ ვხედავთ რისკს, რომ პოლიტიკა დროთა განმავლობაში საქართველოს სტრუქტურულ რეფორმებსა და ბიზნესგარემოს ტვირთად დააწვეს", - წერს Fitch-ი.