მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს 201 ბაზარი და ბაზრობა ფუნქციონირებდა - რა ტიპის ბაზრობებია ქვეყანაში

6101208178806
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.21 13:50
1212
საქსტატმა საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 201 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა.

გამოკვლვის შედეგებით ირკვევა, რომ ბარებისა და ბაზრობების 30.3% თბილისშია, 20.4% - იმერეთში, 12.4% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11.9% - კახეთში, 7.5% - ქვემო ქართლში, 5.5% - აჭარაში, 4.5% - შიდა ქართლში, 3.0% - სამცხე-ჯავახეთში, 1.5% - გურიაში, 2.0% - მცხეთა-მთიანეთში, ხოლო 1.0% - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.

ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელზეც 2020 წელს მოქმედი ბაზრობების საერთო რაოდენობის 77.1% მოდის, ინდივიდუალური მეწარმეების წილი კი - 20.4%-ია.

ბაზრობების დანარჩენ ნაწილს კოოპერატივის (1.0%), სააქციო საზოგადოების (1.0%) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.5%) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა გააჩნია. ამასთან აღსანიშნია, რომ ბაზრობების 96.5% კერძო საკუთრებაში, ხოლო 3.5% - სახელმწიფო საკუთრებაშია.

ამავე კვლევით დგინდება, რომ 2020 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები 1.9 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო განთავსებული. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 50.8 ათასი მეტრია, რომელთა 64.0% შენობაშია განთავსებული. ბაზრობებს 69 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 26.5 ათასი კვ. მეტრი ფართობით 1 340 - შემნახველი საკანი (საწყობი), 0.8 ათასი ტონის ტევადობის - 385 მაცივარი გააჩნია.

2020 წელს მოქმედი ბაზრობების 36.3% გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 32.3% ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 31.4% კი ნახევრადგადახურულია.

გასულ წელს ქვეყანაში მოქმედი ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ სასურსათო და არასასურსათო საქონლით ვაჭრობა ხორციელდებოდა.

„ბაზრობების 31.8% მხოლოდ არასასურსათო საქონლით ვაჭრობს, ერთ-ერთ ბაზრობაზე მიმდინარეობს მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობა; სამი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება როგორც ფრინველი, ისე პირუტყვი“, - ნათქვამია კვლევის შედეგებში.

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 157 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 20 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში მიმდინარეობს.