მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს საქართველოში უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

64254de59e3a2
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.23 12:05
792
2022 წელს, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული გასული წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის 6 799 იყო.

ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ცოცხლად 42 319 ბავშვი დაიბადა, აქედან 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 7.9%-ით შემცირდა.

2022 წელს, ყველაზე მეტი 14 202 ბავშვი თბილისში, ხოლო ყველაზე მცირე – 246 ბავშვი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაიბადა.

ამასთან, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 37.4%-დან 39.1%-მდე, მეორე შვილის წილი 35.6%-დან 33.5%-მდე შემცირდა, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და 26.6% შეადგინა.

2022 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2%-დან 26.5%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2%-დან 69.6%-მდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6%-დან 4%-მდე გაიზარდა. 2022 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წლით განისაზღვრა.

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18%-ით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი 14 123 შემთხვევა თბილისში, ხოლო ყველაზე ნაკლები – 715 კაცი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა. 2022 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა. 2022 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.2 პრომილე შეადგინა.