მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის (1-7 მაისი) მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

64577fd1b049d
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.23 14:39
2551
  1. აპრილში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა და 2.7% გახდა

საქსტატის ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა, ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო. უფრო დეტალურად სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ფასების ცვლილება იხილეთ ბმულზე

2. მთავრობა თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აერპორტის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამხრეთ კორეაში განაცხადა, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფება. მისი განმარტებით, თბილისის საერთაშორისო აერპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია ქვეყანას ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი გააჩნდეს, თუმცა თბილისის გარშემო ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამჟამად შეზღუდულია, რასაც TAV-თან არსებული ხელშეკრულება განაპირობებს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობასა და TAV-თან არსებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის აეროპორტის გარშემო 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება შეზღუდულია. აღნიშნული ხელშეკრულება 2027 წლამდე არის მოქმედი. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე

  1. საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.13 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2023 წელს პროგნოზირებული მშპ-ის ($29 მლრდ დოლარი) 18%-ია. რეზერვების ეს მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. აპრილში სავალუტო რეზერვების ზომა 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი მატება 1.3 მილიარდი დოლარია. ეროვნული ბანკი რეზერვების შევსების პოლიტიკას ახორციელებს, რისთვისაც სებ-ი Bmatch-ის პლატფორმას იყენებს. 2023 წლის პირველ სამ თვეში ამ გზით სებ-მა $460 მილიონი შეისყიდა, მარტში კი ინტერვენციები რეკორდული იყო და $220 მილიონს შეადგენდა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე

  1. საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება თბილისში, 2-5 მაისს გაიმართება. ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს. საქართველოს, როგორც მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო სპეციალური სტენდი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგატი ესტუმრა. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე

  1. თიბისი კაპიტალის კვლევით, FMCG სექტორი 37%-ით გაიზარდა - ქართული სუპერმარკეტების რეიტინგი

თიბისი კაპიტალის სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებული მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს ჯამური FMCG ბაზრის მოცულობა მოსალოდნელზე მეტად, წლიური 37%-ით გაიზარდა, რაც გაუთვალისწინებელი ფაქტორებით იყო გამოწვეული. კვლევაში აღნიშნულია, რომ ზრდა განპირობებული იყო მოსახლეობის დანახარჯების მატებით, მაღალი ინფლაციით, ტურიზმის სწრაფი აღდგენით და მიგრანტების დანახარჯებით. სუპერმარკეტებს შორის #1 ადგილზე კვლავ ნიკორა/ლიბრეს ქსელი იყო, რომელსაც ბაზრის 18% ეკავა, მეორე ადგილზეა ორი ნაბიჯი 17%-იანი წილით, მესამეზე კი სპარი 16.8%-იანი წილით. სრულად რეიტინგი იხილეთ ბმულზე

  1. EU-მ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის 30 მილიონი ევროს პაკეტი დაამტკიცა

ევროპის საბჭომ საქართველოს თავდაცვის სექტორისთვის 30 მლნ ევროიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გამოყოფილი დახმარება გააუმჯობესებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. “დახმარების ახალი პაკეტით ვაგრძელებთ საქართველოსა და მოლდოვის შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მხარდაჭერას. ორივე ქვეყნისთვის დახმარების ეს პაკეტი მესამეა ევროპის სამშვიდობო ფონდის [EPF] ფარგლებში. ეს ნათლად უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ”,-ნათქვამია განცხადებაში. საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს და დააფინანსებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და სერვისების დაფინანსებას. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე

  1. “რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება” - ვახტანგ ბუცხირკიძის პროგნოზი

“ჩვენი პროგნოზია, რომ რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება",- ამის შესახებ თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, BMG-ს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების ფონზე, უკვე რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც შესაძლებელია. “ცოტა ხნის წინ ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდა და ჩვენც როგორც მოლოდინი გვქონდა, ის საკმაოდ შემცირებულია. ჩვენ ისევ იმ პოზიციაზე ვრჩებით, მოლოდინი გვაქვს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება. გააჩნია [სებ-ის მხრიდან] როგორი პოლიტიკა იქნება არჩეული. მე დაახლოებით ერთი თვის წინ BMGTV-ზე გიორგი ისაკაძესთან ეთერში სტუმრობისას დავაანონსე, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდებოდა, რადგან ტრენდი აჩვენებდა, რომ ინფლაცია შემცირდებოდა, ამიტომ რეფინანსირების განაკვეთის კლება მაშინაც შეიძლებოდა. ახლა კი რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ცალსახად შესაძლებელია.” - განაცხადა ბუცხრიკიძემ. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 10 მაისსაა ჩანიშნული. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე

  1. CFD-აუქციონებში გამარჯვებული ენერგოპროექტების სია ცნობილია

ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკაში საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის CFD აუქციონის შედეგებს აქვეყნებს. გამარჯვებულთა სიაშია სულ 24 საინვესტიციო პროექტი, მათ შორის 14 ჰიდროელექტროსადგური (149 მეგავატი); 77 ქარის ელექტროსადგური, 70 მეგავატი კი მზის ელექტროსადგური იქნება.

ამ 24 პროექტზე სახელმწიფო გააფორმებს ტარიფის დაზღვევის შეთანხმებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ესკო იქნება მზღვეველი ამ სადგურებმა ყოველ კილოვატ ელექტროენერგიაში განსაზღვრული ანაზღაურება მიიღონ. ჰესებისთვის CFD ხელშეკრულებები 8 თვის განმავლობაში, ქარის სადგურებისთვის 9 თვე, მზის და სხვა განახლებულ ენერგიებზე მომუშავე სადგურებისთვის კი 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე

9. მინისტრის თქმით, ანაკლიასთან დაკავშირებული სახელმწიფო ინვესტიციები შესაძლოა ADB-მაც დააფინანსოს

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების შესახებ გადაცემა “ანალიტიკას” კითხვას უპასუხა. მინისტრი ამჟამად სამხრეთ კორეაში, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, მისი თქმით არაა გამორიცხული პორტის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სახელმწიფო ინვესტიციების ნაწილის დაფინანსებისთვის მთავრობამ სასესხო შეთანხმება სწორედ ADB-სთანაც გააფორმოს. რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ახალი გენერალური კონტრაქტორის შესარჩევად საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე

  1. ეროვნული ბანკი: კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა ინფლაციას ამცირებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება არის შეფასებული და მითითებულია, რომ ის ერთის მხრივ ქვეყანაში წარმოებული საქონლის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას ამცირებს, თუმცა მეორე მხრივ კურსის გამყარება იმპორტირებული საქონლის ფასების შემცირებას იწვევს, რაც ინფლაციაზე დადებითად აისახება. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.