მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის 10 მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა

5fccede292b8f
ირაკლი მაკალათია
06.12.20 18:37
1549

გთავაზობთ მიმდინარე კვირის (30 ნოემბერი - 5 დეკემბერი, 2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1) 2020 წლის ოქტომბერში ეკონომიკა 3,9%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის ათ თვეში საშუალო მაჩვენებელი -5,1%-ია
2) ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა
3) ვინ და როგორ მიიღებს ერთჯერად 300 ლარიან კომპენსაციას და რამდენმა მოქალაქემ აიღო 200-ლარიანი უმუშევრობის კომპენსაცია
4) საწარმოთა საქმიანობის შედეგები 2020 წლის III კვარტალში
5) რატომ გააძვირა "თბილისი ენერჯიმ" კომერციული გაზის ტარიფი და გაეზრდება თუ არა მოსახლეობას გაზის გადასახადი
6) საქართველო გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსით მსოფლიოში 37-ე ადგილზეა, ხოლო ბიზნესთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლებით პირველ ადგილზე
7) ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გასაყიდად 25 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა
8) სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამა რომლის მიხედვითაც დაეხმარება რესტორნებს, ,,ივენთ’’ კომპანიებსა და კინოთეატრებს
9) სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის 300 ბინას შეისყიდის
10) მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე ვერსია წარუდგინა


1. 2020 წლის ოქტომბერში ეკონომიკა 3,9%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის ათ თვეში საშუალო მაჩვენებელი -5,1%-ია

2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3.9%-ით შემცირდა, ხოლო პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი -5,1%-ია. აქედან, მეორე კვარტალში ეკონომიკა 13,2%-ით შემცირდა, ხოლო III კვარტალში - 3,8%-ით. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე მიმოიხილა ეკონომიკის სექტორები, მისი შეფასებით ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო სექტორების გარდა, რომლის მიზეზადაც სახელდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა. ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად საჰაერო გადაზიდვების სფეროს შემცირებას უკავშირდება, თავის მხრივ საერთაშორისო ვიზიტორების კლება უარყოფითად აისახა სასტუმროების და რესტორნების სექტორზეც.

ეკონომიკური ზრდის ოფიციალური მაჩვენებლები მიღებულია დაკვირვებადი ეკონომიკის დაკვირვებიდან, მაგრამ ქვეყანაში დიდია არადაკვირვებადი ეკონომიკის წილი. რაზეც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათ შორის საერთაშორიოს სავალუტო ფონდის კვლევებიც ადასტურებს. შესაბამისად არადაკვირვებად ეკონომიკაზე მონაცემების მიღება არ ხდება, ასეთი კატეგორია ძირითადად თვითდასაქმებულებს წარმოადგენს, რომელთა აღრიცხვაც ოფიციალური სტრუქტურების მიერ არ ხდება. ფინანსთა სამინისტო აქვეყნებს იმ ადამიანების სტატისტიკას რომელთაც ოფიციალურად მიღებული შემოსავლები შეუმცირდათ ან სამსახურის გარეშე დარჩნენ, მაგრამ აქ ვერ მოხვდება ის თვითდსაქმებულები, რომელთა შემოსავლებიც არ არის ოფიციალურად დადასტურებული. პანდემიის შედეგად კი გარდა დაკვირვებადისა, დაზარალდა დაუკვირვებადი ეკონომიკის წარმომადგენლებიც, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობაც არც აქამდე იყო სახარბიელო, შედეგად მათი სოციალური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა, რაც არ ხვდება ოფიციალურად გამოქვეყნებულ რიცხვებში. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ბევრად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ვიდრე ეს ოფიციალურად გამოქვეყნებულ რიცხვებშია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36MrJhd; https://bit.ly/3mN5XQ7

2. ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა

2020 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.0%-ით; ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.8%-ით; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.2%-იანი მატება. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ჯგუფებიდან, ინფლაციის საერთო დონეზე ყველაზე მეტად იმოქმედა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა (1,92%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე).

დეფლაცია დაფიქსირდა ტრანსპორტის (-5,2%) და დასვენება, გართობა და კულტურის (-4,2%) ჯგუფებში.

ერთი შეხედვით ინფლაციის მაჩვენებელი (3.8%) არ არის მაღალი, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელსაც მცირედით ჩამორჩება. აღნიშნულ სურათს განაპირობებს იმ ფაქტი, რომ ინფლაციის საერთო მაჩვენებელი ეს არის სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების საშუალო ფასების მატება, ანუ 305 დასახელების პროდუქტზე ფასები საშუალოდ გაიზარდა 3.8%-ით, დაბალ მაჩვენებელს განაპირობებს, რიგ ჯგუფებში დეფლაცია, ასევე არის ჯგუფები სადაც ინფლაციის დონე არის ძალიან დაბალი, რაც ინფლაციის საერთო დონეზე ახდენს გავლენას. თუმცა იმ ჯგუფებში, რაც ყველაზე მოხმარებადია განსაკუთრებით მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მიერ არის მაღალი. ეს ჯგუფებია სურსათისა და ჯანდაცვის ჯგუფი, რაც ყველაზე მოხმარებადი და აუცილებელი ჯგუფია ადამიანებისათვის და ამ ჯგუფებში ყოველთვის იმაზე მაღალი ინფლაციაა, ვიდრე ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი. ამავე დროს, წლიური ინფლაცია ნიშნავს ფასების ზრდას მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით, ხოლო დინამიკაში, რაც უფრო მეტი წელი გადის ინფლაციაც იზრდება და ლარის მყიდველუნაირანობაც იკლებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qxYQxm; https://bit.ly/3mOFy4j; https://bit.ly/2VPcP3n

3. ვინ და როგორ მიიღებს ერთჯერად 300 ლარიან კომპენსაციას და რამდენმა მოქალაქემ აიღო 200-ლარიანი უმუშევრობის კომპენსაცია

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაიწყო 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა.’’ განაცხადების წარდგენა განხორციელდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით. (დეტალურად სარეგისტრაციო განაცხადების ატვირთვის შესახებ: https://bit.ly/3qxLJfp)

BM.Ge-ს მიერ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით 1 დეკემბრისთვის სულ 248 817 პირს დაერიცხა კომპენსაცია, ჯამში 74 645 000 ლარი. რაც შეეხება 200 ლარიანი უმუშევრობის კომპენსაციის ბენეფიციარებს. 200-ლარიანი დახმარება სულ 162 220 ადამიანმა მიიღო, ჯამში კი 129 324 100 ლარი ჩაერიცხათ.

დარიცხვების რაოდენობის მიხედვით აღსანიშნავია, რომ 70 130 მოქალაქეს 6-ჯერ ჩაერიცხა კომპენსაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა არათუ დროებით, არამედ დიდი ხნით დაკარგეს სამუშაო ადგილი.

კოpმენსაციის მისაღებად ხშირად დასმულ კითხვები: https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=7

თვეების მიხედვითა და დარიცხვების მიხედვით სრული სტატისტიკა იხილეთ: https://bit.ly/2ImxWqW

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2LdslEo; https://bit.ly/3ggHkZv;


4. საწარმოთა საქმიანობის შედეგები 2020 წლის III კვარტალში

საქსტატის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა. პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 8.8%-ით შემცირდა და 11.6 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც შეეხება საწარმოთა განაწილებას ზომის მიხედვით, 2020 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 57.1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.7% - საშუალოზე, ხოლო 25.2% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

2020 წლის III კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.2%-ით შემცირდა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: საშუალო ბიზნესი – 1 487.6 ლარი; მსხვილი ბიზნესი – 1 297.2 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 186.0 ლარი. 2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.3% ვაჭრობის დარგზე მოდის.

ცხადია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მეორე ეტაპი პირველ რიგში სავაჭრო სექტორზე აისახება მძიმედ. დარგი რომელიც ყველაზე დიდი წილითაა წარმოდგენილი, ყველაზე მეტი რეგულაცია დააწვა. ზოგადად შემცირებული პროდუქციის გამოშვებაც ამის დასტურია

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/33KFOd1; https://bit.ly/3mPud3Y

5. რატომ გააძვირა "თბილისი ენერჯიმ" კომერციული გაზის ტარიფი და გაეზრდება თუ არა მოსახლეობას გაზის გადასახადი

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით 2021 წლის 3 იანვრიდან თბილისის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაიზრდება და 1.1 ლარი გახდება. ახალი ტარიფი პურის საცხობებს არ შეეხება. კომპანიაში ტარიფის ზრდის მიზეზად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას ასახელებენ, რის გამოც კომპანიას შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზარდა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით მთავრობასა და კომპანიას შორის დიალოგი შედგება და ტარიფის ზრდის მიზეზებს დეტალურად შეისწავლიან, ამავე დროს ირწმუნება, რომ მოსახლეობას გაზის ტარიფი არ გაუძვირდება. დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ლაბაძის შეფასებით გზის ტარიფის გაძვირება კონკურენციის პრინციპებს არღვევს. რადგან ბიზნესების 50%-ზე მეტი თბილსშია თამოყრილი და ამით არაკონკურენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან რეგიონული კომპანიები.

ცხადია გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს წარმოებული პროდუქტების გაძვირებასაც, რაც შემდგომ აისახება სამომხმარებლო ბაზარზე გაზრდილი ინფლაციის სახით. პრობლემის საფუძველი ორ საკითხში უნდა ვეძიოთ: პირველი ეს არის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის ეკონომიკური და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა რის შედეგადაც უფასურდება ლარი დოლართა მიმართებით და იმპორტირებული პროდუქტები იზრდება. ხოლო მეორე ბაზრის კონიუნქტურაა, რამდენად მონოპოლიური ან თუნდაც ოლიგოპოლიურია ბაზარი და რამდენად უარყოფითად აისახება ეს მომხმარებლებზე.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3giJqbe; https://bit.ly/36L6X1n

6. საქართველო გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსით მსოფლიოში 37-ე ადგილზეა, ხოლო ბიზნესთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლებით პირველ ადგილზე

ტრანსეროვნული ორგანიზაციის SolAbility-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსში (GSC index 2020) საქართველო 180 ქვეყნიდან 37-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება. ამასთან საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

რაც სეეხება მეორე ინდექსს, Trace International-ის მიერ გამოთვლილ კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 28-ე ადგილზეა. ინდექსი 4 კომპონენტის მიხედვით არის შეფასებული, რომელიც თავის მხრივ 9 ქვეკომპონენტს მოიცავს. ასეთი ერთ-ერთი ქვეკომპონენტია ,,მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება” სადაც საქართველო პირველ ადგილს იკავებს.

ვრცლად თემასა და ინდექსების მეთოდოლოგიებზე იხილეთ: https://bit.ly/3oqjcqj; https://bit.ly/39L6kqx

7. ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გასაყიდად 25 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები გრძელდება. მორიგი სავალუტო ინტერვენციის შედეგად, სავალუტო ბაზარზე 25 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 19.8 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა. 1 დეკემბერს 1 აშშ დოლარი 3.3253 ლარი ღირდა, ხოლო 5 დეკემბრისთვის 1 თეთრით გამყარდა და 3.3115 ლარი შეადგინა.

აღნიშნული ინტერვენცია 13 მარტიდან დაწყებული მიმდინარე წელს რიგით 25-ე იყო. ჯამში კი 843 222 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36KtED6

8. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამა რომლის მიხედვითაც დაეხმარება რესტორნებს, ,,ივენთ’’ კომპანიებსა და კინოთეატრებს

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის თანადაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო. განაცხადები 4-დან 14 დეკემბრის ჩათვლით მიიღება. ,,თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების დასაფარად.’’ აღნიშნული პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ივენთ კომპანიებისა და კინოთეატრების სახელმწიფო ლიზინგის პროცენტების დასუბსიდირება. სამთავრობო გათვლებით სესხის სუბსიდირების პროგრამით 1 500-მდე რესტორანი ისარგებლებს

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ggHQ9Q; https://bit.ly/3lNHh8O;

9. სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის 300 ბინას შეისყიდის

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის 300 ბინას შეისყიდის, რისთვისაც მენაშენეებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობების მიხედვით, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უნდა იყოს მაქსიმუმ 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. საკონკურსო წინადადების მიღება 4 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ვრცლად სტატიისა და კონკურსის შესახებ იხილეთ: https://bit.ly/39Iw0Et

10. მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე ვერსია წარუდგინა

მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე ვერსია წარუდგინა. რომლის მიხედვითაც, გაზრდილია როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების ნაწილი. შემოსავლები 11,179,195 ათასი ლარი, საიდანაც 92,5% გადასახადებიდან იქნება მობილიზებული. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან და ამ პერსპექტივებით ბიუჯეტში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების ზრდა საკმაოდ ოპტიმისტური სცენარია. მიმდინარე პერიოდში საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები მცირდება, შემცირებული და რიგ შემთხვევაში გააჩერებული ბიზნესი რამდენად შეძლებს მომავალში განვითარებას ეს რთული სათქმელია და დამოკიდებული იქნება მთავრობის ბევრ სამომავლო გადაწყვეტილებაზე, მანამდე კი ყოველი გაჩერებული დღე ფინანსურად მძიმედ აისახება ბიზნესისათვის და განვითარების პერსპექტივებსაც უმცირებს. ბიუჯეტის ხარჯების ნაწილშიც ზრდა არის წინა ბიუჯეტთან შედარებით, განსაკუთრებით აღშანიშნავია შრომის ანაზღაურების ნაწილი, რომელიც 60 მილიონით არის გაზრდილი. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში როცა ადამიანები სამსახურებს კარგავენ და უმცირდებათ შემოსავლები, სახელმწიფო სექტორში იზრდება ანაზღაურება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდაც. 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება 20 ლარით და გახდება 240 ლარი, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის გაიზრდება 25 ლარით და გახდება 275 ლარი.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა მომდევნო წელს დამატებით 5.27 მილიარდი ლარის მოცულობის საგარეო კრედიტების აღებას გეგმავს. ლარის კურსის გაუფასურება კიდევ უფრო აძვირებს საგარეო ვალის მომსახურებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ 2020 წელს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მთავრობის ვალის ნაშთი 1.84 მილიარდი ლარით გაზარდა. ხოლო ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში არის იმის ალბათობა, რომ სახელმწიფო ვალი მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს

ბიუჯეტის პროექტის მიმართულებები: https://bit.ly/3qytqa8;

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qrvHng; https://bit.ly/33NNyei;https://bit.ly/3olchPc; https://bit.ly/3owc5fQ.