მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის (18 – 23 ოქტომბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

61755cb6801cc
ირაკლი მაკალათია
24.10.21 18:06
903
1. სახელმწიფო აუდიტის შენიშვნები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე
2. სექტემბერში საქართველოში 227 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურიზმიდან ქვეყანამ 162 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო
3. EU-ს, EBRD-ს და ADB-ს ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისათვის
4. 2021 წლის 9 თვეში მთავრობამ ბიუჯეტში 8 მილიარდზე მეტი ლარი მიიღო
5. როგორ მიმდინარეობს ინტერნეტიზაციის პროექტი
6. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი “საქართველოს კაპიტალი” “ჯიპისისა” და “ფარმადეპოს” 100%-იანი წილის მფლობელი გახდება
7. მთის კურორტების განვითარების კომპანიის რებრენდინგი
8. მთავრობამ ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისია შექმნა
9. საქსტატის ახალი პორტალი - საერთაშორისო შედარებები
10. ვენეციის კომისიის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია კანონში ცვლილებებს მაინც არ ამზადებს


1. სახელმწიფო აუდიტის შენიშვნები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე

2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტზე დასკვნა და რეკომენდაციები მოამზადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. მის ანგარიშში რამდენიმე მიმართულებით ვკითხულობთ ხარვეზების შესახებ, რომლის გასწორების რეკომენდაციასაც გასცემს აუდიტის სამსახური. ეს ეხება, პროექტში მოცემულ საპროგნოზო მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ფისკალურ რისკებს, ბიუჯეტის დეფიციტის ზღვარის დადგენასა და სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიას.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3B7wIVB


2. სექტემბერში საქართველოში 227 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურიზმიდან ქვეყანამ 162 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

2021 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 349%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, თუმცა 2019 წელთან შედარებით მაინც 71%-ით ნაკლებია. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ტურიზმიდან 865.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი შემოვიდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-2030 გამოაქვეყნა სადაც განვითარების 5 მიზანია წარმოდგენილი. აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოპულარიზაციისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია FACEBOOK რეკლამაში წლის ბოლომდე 412 000 ლარს დახარჯავს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3b3JPwz; https://bit.ly/2ZeaHr1; https://bit.ly/3C9OXLn



3. EU-ს, EBRD-ს და ADB-ს ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისათვის

საქართველო EU-სგან 3.9-მილიარდი ევროს ფინანსური დახმარებას მიიღებს, რომელიც შემდეგ მიმართულებებზე განაწილდება: ტრანსპორტი, ციფრული ტექნოლოგიები, რეგიონული განვითარება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და გარემოს დაცვის მიმართულებები. EBRD მის პარტნიორ ,,თიბისი ბანკს’’ ადგილობრივი ფირმების დაკრედიტებისათვის 25 მილიონი ევროს გამოუყოფს. მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით კი აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და შპს „ოპტიმა’’-ს შორის 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გაფორმდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vFaMQy; https://bit.ly/3GjK1WK; https://bit.ly/2Zfkj50;


4. 2021 წლის 9 თვეში მთავრობამ ბიუჯეტში 8 მილიარდზე მეტი ლარი მიიღო

ფინანსთა სამინისტროს 2021 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ გადასახადების სახით ბიუჯეტში 8 086 134 000 ლარი მიიღო, რაც დაგეგმილს 0,8%-ით აჭარბებს. მთლიან გადასახადებში ყველაზე დიდი წილი დღგ-ს (43,5%) და საშემოსავლო გადასახადს (31,1%) უკავია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pvOUX8


5. როგორ მიმდინარეობს ინტერნეტიზაციის პროექტი

სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი Log-in Georgia მსოფლიო ბანკის 37 მილიონი ევროს სესხით ფინანსდება, თუმცა ბიუჯეტის ათვისება ვერ ხდება და მიმდინარე წლის ცხრა თვის გეგმის მხოლოდ 1.7%-ია ათვისებული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2ZjyaqZ; https://bit.ly/3Be4N6y


6. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი “საქართველოს კაპიტალი” “ჯიპისისა” და “ფარმადეპოს” 100%-იანი წილის მფლობელი გახდება

საინვესტიციო ჰოლდინგი “საქართველოს კაპიტალი” ფარმაცევტული ქსელის 67%-იან წილს ფლობდა, ხოლო ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, დანარჩენ 33%-ს მეწილეებისგან 2027 წლამდე ეტაპობრივად გამოისყიდის.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2ZkhAXG


7. მთის კურორტების განვითარების კომპანიის რებრენდინგი

მთის კურორტების განვითარების კომპანიას ახალი სახელი აქვს - მთის ტრასების სააგენტო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, სახელის შეცვლის მიზეზი კომპანიის რეალური ფუნქცია-ვალდებულებების დაზუსტებაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გასაჯაროვდა, როცა BM.ge-ს გუნდმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას მთის კურორტების განვითარების კომპანია MTA-ის სახელით აღმოაჩინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pxATbh

8. მთავრობამ ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისია შექმნა

საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით მთავრობამ კომისია შექმნა. კომისიის წევრები სხვადასხვა უწყების მინისტრების მოადგილეები არიან და კვარტალში ერთხელ შეიკრიბებიან. მათი ძირითადი მიმართულება იქნება ადგილობრივ დონეზე ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის დანერგვა და ამ მიზნის მისაღწევად დასახული ქმედებების ხელშეწყობა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3EaUDFH


9. საქსტატის ახალი პორტალი - საერთაშორისო შედარებები

საქსტატმა „საერთაშორისო შედარებების პორტალი“ წარადგინა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნები ერთმანეთს შეადაროს ორი მიმართულებით: ძირითადი მაჩვენებლებისა და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2XBae1A


10. ვენეციის კომისიის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია კანონში ცვლილებებს მაინც არ ამზადებს

მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამ მწვავედ გააკრიტიკა კომუნიკაციების კომისიის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და მის ანგარიშში წერდა, რომ “კანონის ახალი ნორმები ვერც პროპორციულობის და ვერც ლეგიტიმურობის ტესტს ვერ პასუხობენ", კომუნიკაციების კომისია კანონში ცვლილებების მომზადებას მაინც არ გეგმავს და აცხადებენ, რომ თუ პარლამენტი გადაწყვეტს დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, კომუნიკაციების კომისია მზაობას გამოთქვამს სამუშაო პროცესში ჩართულობაზე. ამასთან, “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის საქმიანობის ეფექტიანობასაც დადებითად აფასებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nozqBd; https://bit.ly/3vKWb6j