მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები (10-26 მარტი)

6420046d8ba22
შოთა ტყეშელაშვილი
26.03.23 12:45
2271
გთავაზობთ გასული კვირის (10.03-26.03) მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს. 


1) გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

23-24 მარტს საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სტუმრობდა. მისი ერთ-ერთი უმთავრესი გზავნილი იყო ის, რომ მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება - მოსახლეობა ვერ გახდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე, ისევე როგორც ამ სტატუსს მხოლოდ მთავრობა ვერ მიიღებს.

“საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში. მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ერთობლივად,”- განაცხადა ბერბოკმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის სტატუსზე მეორე უარს ვერ გაიგებს.

ვიზიტის დასრულებისას ბერბოკი შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ჩავიდა, სადაც არსებული ვითარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებმა გააცნეს. უფრო ვრცლად ვიზიტის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.


2) მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის $125 მლნ მოცულობის ორი ახალი პროექტი დაამტკიცა

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის ორი ახალი პროექტი დაამტკიცა - ირიგაციისა და მიწის პროექტი 75 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით და მწვანე განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პაკეტის პირველი პროექტი 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. მსოფლიო ბანკის ინფორმაციითვე, ორივე პროგრამა ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც წვლილს შეიტანენ საქართველოს მწვანე და მდგრად განვითარებაში. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

3) "ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი" - პრეზიდენტი

“ტვ პირველთან” ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, დღეს ბევრი კითხვა ისმება მათ შორის პარტნიორების მხრიდან, თუ სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ივანიშვილთან კომუნიკაცია კარგი იქნებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანის მიზნით. კითხვაზე,- არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ოლიგარქია. „კი ოლიგარქია, იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. პრობლემა არის ამ პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა.

4) “ქართული ოცნების” 5 დეპუტატმა პარლამენტი დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის 5 წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება პარასკევს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, მოგვიანებით კი პლენარულმა სესიამ დადგენილებებს კენჭი უყარა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

კომიტეტის სხდომაზე უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშნულ გიორგი ამილახვარს, ასევე პრემიერის მრჩევლებად დანიშნულ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და ნინო იობაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნულ გიორგი ხელაშვილს შეუწყდათ. ვადამდე შეწყვეტილი უფლებამოსილების პირთა სიაში ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კოვზანაძეცაა, რომელმაც პარლამენტში საქმიანობასა და მის გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

5) განათლების სამინისტროს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე დეპუტატი გიორგი ამილახვარი წარადგინა. ის პარლამენტის განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ამილახვარმა ამ პოსტზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა, რომელიც განათლების სამინისტროს 2021 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პროფესიული განათლება იქნება. უფრო ვრლად იხილეთ ბმულზე.


6) რეორგანიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში

ადმინისტრაციული რეორგანიზაციის ბრძანება გამოცემულია. ამას ვადასტურებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ავალიანმა განუცხადა. მისი თქმით, რეორგანიზაცია არ მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამსახურის ლიკვიდაციას. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ პერსონალს ალტერნატიული სამსახურები უკვე შესთავაზეს.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


7) საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი 3-3.5%-მდე შემცირდა - მთავრობა

მთავრობის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო და მშპ-ის მხოლოდ 3-3.5 პროცენტს შეადგენდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. შედარებისთვის, 2021 წელს დეფიციტი 10%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი 12%-ს. სწორედ ბალანსის გაუმჯობესებაა ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


8) დღგ-ს ავტომატური უკან დაბრუნებით 2022 წელს ბიზნესმა 2.3 მილიარდი ლარი მიიღო

2022 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესს დამატებული ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების პროგრამის ფარგლებში 2.3 მილიარდი ლარი დაუბრუნა - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. “დამატებული ღირებულების გადასახადის ავტომატურად დაბრუნების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღნიშნული სისტემის 14 ჩამოყალიბებიდან 2022 წლის ბოლომდე, ბიზნესს 5 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდა. მხოლოდ 2022 წელს ქვეანგარიშიდან დაბრუნებულმა ჯამურმა თანხამ 2,3 მილიარდ ლარამდე შეადგინა,”- განაცხადა მინისტრმა.

2021 წელს ავტომატურად დაბრუნებული დღგ-ის მოცულობა 1.8 მილიარდი ლარი იყო.

9) Bitfury ჰოლდინგი გლდანის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელი აღარაა

შპს “ჯორჯია თექნოლოჯი პარკი”, რომელიც თბილისში გლდანის მიმდებარედ 17 ჰექტარზე განთავსებულ “თბილისის თავისუფალ ზონას” ფლობს, გაიყიდა. თიზ-ი 2015 წლის 26 ოქტომბერს დაფუძნდა და მისი ძირითადი საქმიანობა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კომერციული სივრცის შეთავაზება იყო.

2023 წლის 23 მარტს ბიზნესს რეესტრში დარეგისტრირდა თიზ-ის მფლობელი კომპანიის მესაკუთრის ცვლილება, Bitfury Holding B.V-ი შპს “ზოტი ჰოლდინგმა” ჩაანაცვლა. ასევე შეიცვალა კომპანიის დირექტორი, გიორგი ტაბიძე ამ პოსტზე კომპანიის ახალმა პარტნიორმა იოსებ ნიბლაძემ შეცვალა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

10) აზარტული თამაშების სექტორის რეგულირების შედეგი - ბიუჯეტში შესული გადასახადები 65%-ით გაიზარდა

ფინანსთა მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ 2022 წელს აზარტული თამაშების სექტორმა ბიუჯეტში 739 მილიონი ლარის გადასახადები გადაიხადა, რაც წინა წელთან შედარებით 65%-ით მეტია.

აზარტული თამაშების კომპანიებისგან მიღებული გადასახადების ზრდა 2022 წელს დაბეგვრის სისტემის ცვლილებას უკავშირდება. კერძოდ ბიზნესს უწევს მოგების გადასახადის სახით მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10% გადაიხადონ. ამ ცვლილების შედეგად, გასულ წელს სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.