16.მაისი .2021 17:12

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები
views 546
უკან

გთავაზობთ გასული კვირის (10 – 15 მაისი, 2021) მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს

1. ,,SpinCar''-მა ქართული სტარტაპი ,,Pulsar AI'' შეიძინა.
2. მსოფლიო ბანკმა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 85 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა
3. საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაძვირდა
4. 2020 წელს ქვეყანაში დროებით შეჩერებული კომპანიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა
5. ტურიზმის აღდგენის პერსპექტივები
6. ,,განახლებული რეგიონების'' სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
7. 2021 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 23 მილიონი ლარის მოგება მიიღეს
8. რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი
9. მთავრობამ I კვარტალში "შტატგარეშე" მოხელეებზე 69 მლნ ლარის ხელფასები გასცა
10. 2021 წლის აპრილში ექსპორტი 70%-ით, ხოლო იმპორტი 56%-ით გაიზარდა


1.,,SpinCar''-მა ქართული სტარტაპი ,,Pulsar AI'' შეიძინა.

ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Pulsar AI-ი იყიდა. Pulsar AI-ის მიმართულება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვაა. აღნიშნული გარიგებით ქართული სტარტაპის ღირებულებამ რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3w5DvgDhttps://bit.ly/3w6ypk8

2. მსოფლიო ბანკმა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 85 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა

85 მილიონი ევროდან პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში’’ 68 მილიონი ევროთი დაფინანსდება, ხოლო 12 მილიონი ევრო ციფრული გადახდების სისტემის მხარდასაჭერად გადანაწილდება. მთლიანი პროექტი 4 წელზეა გათვლილი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ynWQvw; https://bit.ly/3ydqX8

3. საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაძვირდა

ცალკეულ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 3 ლარს გადასცდა. საწვავზე ფასების ზრდა პირველ რიგში დაკავშირებულია საერთაშორისო ფასების ზრდასთან. გასულ წელს, პანდემიის შედეგად გაჩერებული ეკონომიკის ფონზე მკვეთრად შემცირდა საწვავის მოხმარებაც, მცირე პერიოდით ნავთობის ფასი 0-საც კი ჩამოცდა. საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა 2020 წლის ივლისიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

გარდა საერთაშორისო ფასებისა, კონკრეტულად საქართველოში საწვავზე ფასების ზრდას გაუფასურებული ლარის კურსის ეფექტიც ემატება, რაც იმპორტის კიდევ უფრო გაძვირებას იწვევს. ამასთან, მოსახლეობის დაბალმყიდველუნარიანობის გამო საწვავზე ფასების ყოველი თეთრით გაძვირება განსაკუთრებით მგრძნობიარედ მოქმედებს მომხმარებლებზე.

ცხადია საერთაშორისო ფაქტორებზე საქართველოს გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ქვეყანამ შიდა ფაქტორებით ფასების ზრდის ეფექტი უნდა შეამციროს, რაც პირველ რიგში უკავშირდება სტაბილურ ვალუტის კურსს, ასევე აქციზის გადასახადის შემცირება, რომლის ზრდაც მთავრობამ 2017 წლიდან ე.წ. ესტონური მოდელის მიღების შემდეგ დაიწყო (იმ მოტივით რომ ბიუჯეტში 500 მლნ ლარი დააკლდათ), ხოლო ქვეყნის საწვავის შიდა ბაზარზე მაქსიმალური გახსნილობა და კონკურენციის დონის ზრდა კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს ფასების შემცირებაზე.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3tOyszG; https://bit.ly/3oiB0oz

4. 2020 წელს ქვეყანაში დროებით შეჩერებული კომპანიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა

კომპანიების საინფორმაციო სისტემა BIA-ს ინფორმაციით 2020 წელს საქართველოში შეჩერებული კომპანიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა. პანდემიამ ყველაზე მეტად მცირე წარმოება დააზარალა, რომელიც შეჩერებული კომპანიების 85%-ს შეადგენს. ორგანიზაციის შეფასებით 2021 წელი 2020 წელთან შედარებით კიდევ უფრო მძიმე იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wcMKvB

5. ტურიზმის აღდგენის პერსპექტივები

მთის კურორტების განვითარების კომპანიის მონაცემებით 2020-2021 წლის სამთო-სათხილამურო კორორტებზე, რომელიც დაწესებული შეზღუდვების გამო მხოლოდ 8 მარტიდან 25 აპრილამდე გაგრძელდა მხოლოდ 134 183 პირი ესტუმრა. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს, ტურიზმის ადმინისტრაცია მეზობელ ქვეყნებს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ისრაელსა და ევროპას პრიორიტეტად ასახელებს და ამ ქვეყნებში მარკეტინგულ სტრატეგიაში წელს 3.3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. თავის მხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კი ზაფხულის სეზონისთვის სხვადასხვა კამპანიისთვის 4.3 მლნ ლარს დახარჯავს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3eVsc53; https://bit.ly/2SL5aVC; https://bit.ly/3eOoE4c; https://bit.ly/3olLymO

6. ,,განახლებული რეგიონების'' სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

,,განახლებული რეგიონების'' პროგრამის ფარგლებში: მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სტეფანწმინდის ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, ასევე რუსთავში მეგობრობის გამზირის და მერიის წინ მოედნის ურბანული განახლება უკვე გადაწყდა. პროგრამის ფარგლებში განახლდება გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური ქუჩები, მოედნები და მიმდებარე ტერიტორია.

მთავრობის გუნდის განცხადებით, “500-მილიონიანი პროგრამიდან” 150-200 მლნ ლარი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო 300-350 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება. გიორგი გახარიას ყოფილი მრჩევლის ბექა ლილუაშვილის განცხადებით ახალი ფინანსური რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილების ინიციატივა არ მომხდარა, შესაბამისად კითხვები ჩნდება თუ საიდან აპირებს მთავრობა პროექტების დაფინანსებებს.

რომ შევაფასოთ აღნიშნული პროექტი, პირველ რიგში უნდა დაისვას შეკითხვა - 500 მილიონი და თანაც ლარში, რამდენად ხარისხიანად უზრუნველყოფს 63 მუნიციპალიტეტის ურბანულ განახლებას და რამდენად იქნება მასშტაბური. ხოლო იმ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, რაც მთავრობის შეზღუდვების შედეგად ქვეყანაში მივიღეთ, რამდენად გამართლებულია მსგავსი სახის ხარჯების გაწევა ამ პერიოდში? და ზოგადად რამდენად რაციონალურია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა?

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3w8tDCL; https://bit.ly/3hBNJ46; https://bit.ly/2RYM8KY; https://bit.ly/3yfkoCM

7. 2021 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 23 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში სულ 39 მიკრო საფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს, რომელთა მოგებამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 23 მლნ შეადგინა. მიკროსაფინანსოებს ჯამში 681,000 სესხი აქვთ გაცემული, რაც 1.25 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი სალომბარდე სესხი აქვთ გაცემული (568 მილიონი ლარის პორტფელი), ხოლო ყველაზე ნაკლები იურიდიულ პირებზე (42.4 მილიონი ლარის პორტფელი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3waCFPD

8. რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი

მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მთავრობა ახორციელებს პროგრამას "Log in Georgia", რომლის მიზანიც ქვეყანაში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გურიიდან, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. განხორციელებული პროგრამით 49 დასახლებული პუნქტის 29 000-მდე მოქალაქეს ინტერნეტზე წვდომა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ. პროექტი უახლოეს მომავალში ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაგრძელდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2RlS94A; https://bit.ly/3w8p1wr; https://bit.ly/3uR7fh7

9. მთავრობამ I კვარტალში "შტატგარეშე" მოხელეებზე 69 მლნ ლარის ხელფასები გასცა

პანდემიის პირობებში, როცა მთავრობამ მთელი რიგი შეზღუდვები დააწესა და კერძო სექტორში დასაქმებულებს უამრავი პრობლემა გაუჩინა, ამ დროს, 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, შტატგარეშე მოხელეებზე 69.4 მლნ ლარის ხელფასები გასცა. ჯამში შტატიანი და შტატგარეშე მოხელეების ხელფასები ბიუჯეტიდან 479.4 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2RVWI5w

10. 2021 წლის აპრილში ექსპორტი 70%-ით, ხოლო იმპორტი 56%-ით გაიზარდა

2020 წლის მარტიდან საქართველოში ლოქდაუნი და შეზღუდვები დაწესდა, რამაც მკვეთრად შეამცირა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად 2021 წელს მინიმუმამდე დასულ 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები ნახტომისებურად გაიზარდა. თუ 2019 წელს ავიღებთ საბაზისოდ, მაშინ 2021 წლის აპრილში 2019 წლის აპრილთან შედარებით ექსპორტი 21,6%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3,8%-ით შემცირდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2SHBUPxhttps://bit.ly/3uPNMNv
რას ვყიდით და ვყიდულობთ ისრაელში? https://bit.ly/2S03Zl2

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა