მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

60cf5120481fd
ირაკლი მაკალათია
20.06.21 18:24
1336
გთავაზობთ გასული კვირის (14 – 19 ივნისი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2021 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა
2. 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 1,256 ლარი შეადგინა
3. საქართველოს 2021 წლის მაისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
4. საგადასახადო შეღავათების შეკვეცით ბიუჯეტში 2 მლრ ლარის მობილიზება იგეგმება
5. კომერციულ ბანკების დეპოზიტებზე მთავრობას ბიუჯეტის ნაშთიდან 1.95 მილიარდი ლარი, ხოლო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს 422 მლნ ლარი აქვთ განთავსებული
6. საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდი გამოუშვა, სადაც ,,EBRD''-მა 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა
7. საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 32.16 მილიარდი ლარია
8. საერთაშორისო დახმარებები საქართველოს
9. ISET-ის კვლევის მიხედვით საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს
10. National Interest-ის სტატიაკავკასიის რეგიონში საქართველოს მიერ ციფრული აბრეშუმის დერეფნის ხელშეშლაზე


1. 2021 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა

საქსტატის დაზუსტებული ანგარიშის მიხედვით 2021 წლის I კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,5%-ით შემცირდა. კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში (-54.0%) და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებში (-34.0%). ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობასა (50.3%) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში (24.0%).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xBNYRQ


2. 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 1,256 ლარი შეადგინა

2021 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა. საქმიანობების სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში – 2 448.5 ლარი.

საშუალო ხელფასი გამოითვლება ყველა დაქირავებით დასაქმებულის ხელფასების გასაშუალოებით, შესაბამისად აქ გხვდება როგორც ყველაზე მაღალი, ასევე უმცირესი ხელფასის მქონე დასაქმებულები. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა დიდ ნაწილს დაბალი ხელფასები აქვთ, დასაქმებულთა მცირე ნაწილის მაღალ ხელფასებთან გასაშუალოების შემდეგ ვიღებთ შედარებით მაღალ საშალო მაჩვენებელს. შესაბამისად, საშუალო ხელფასი ქვეყნის ეკონომიკური და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შეფასების ზუსტ და სრულ სურათს ვერ იძლევა. შრომის ბაზრის უფრო დეტალური დახასიათებისათვის აუცილებელია ისეთი სტატისტიკური სიდიდეების გამოყენება როგორიცაა მოდა (დასაქმებულთა უმეტესობას რამდენი აქვს ხელფასი) და მედიანა (ხელფასის რაოდენობა, რომელზე ნაკლები დასაქმებულთა 50%-ს აქვს და დასაქმებულთა მეორე 50%-ს ამ ხელფასზე მეტი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qb8K8d;

3. საქართველოს 2021 წლის მაისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

2021 წლის მაისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ს გადასახადი მაისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 104%-ით გაიზარდა, რაც შესაბამისად აისახა კიდეც 44.8%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. 2021 წლის იანვარ-მაისში ბიუჯეტში გადასახადების სახით 4.24 მილიარდი ლარი შევიდა, რაც მიმდინარე წლის ექვსი თვის გეგმის 86.5%-ია. გაუმჯობესებული მაჩვენებლების საფუძველზე, მთავრობამ 2021 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 300 მილიონით გაზარდა, ხოლო განახლებული ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 12,3 მლრდ ლარს შეადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3iVimT6; https://bit.ly/3qam50o; https://bit.ly/3gLFu3E


4. საგადასახადო შეღავათების შეკვეცით ბიუჯეტში 2 მლრ ლარის მობილიზება იგეგმება

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით მთავრობა IMF-სა და USAID-ის დახმარებით საგადასახადო შეღავათების დანახარჯების ეფექტიანობას იკვლევს, რის შემდეგადაც გარკვეული შეღავეთების გაუქმებით ბიუჯეტში 2 მლრდ-ზე მეტი ლარის მობილიზება იგეგმება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2TQBeYU


5. კომერციული ბანკების დეპოზიტებზე სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს 422 მლნ ლარი აქვთ განთავსებული

აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ 75 ორგანიზაციას (სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს) კომერციული ბანკების დეპოზიტებზე ჯამში 422 მლნ ლარი აქვთ განთავსებული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით კი ირკვევა, რომ იუსტიციის სამინისტოში შემავალმა სსიპ-ებმა საქართველოს კანონონმდებლობა დაარღვიეს, რომლის მიხედვითაც 1 მილიონ ლარზე დიდი დამოუკიდებელი შემოსავლების არსებობის დროს საკუთარი შემოსავლის არანაკლებ 10%-ის გადარიცხვა ევალებოდათ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gOtTke; https://bit.ly/3gQHk3n

6. საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდი გამოუშვა, სადაც ,,EBRD''-მა 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა

საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 7 წლიანი ვადით, წლიურ 4.00%-ში, 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა. აღნიშნულ ობლიგაციებში აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3iRdePK; https://bit.ly/2SQ7Otz; https://bit.ly/3zIkHqb; https://bit.ly/2TJA1T


7. საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 32.16 მილიარდი ლარია

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით სახელმწიფო ვალი 2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით მიმდინარე წლის მოსალოდნელი მშპ-ს 57.3%-ია. ყველაზე დიდი ვალი საქართველოს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან აქვს აღებული (6.76 მლრდ ლარი). რაც შეეხება შიდა ვალს, ის 5.8 მილიარდი ლარს შეადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2UmqdPd

8. საერთაშორისო დახმარებები საქართველოს

USAID საქართველოს დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის გრანტს გამოუყოფს, რომელიც რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდება, ამავე დროს საგრანტო შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნული გრანტი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ამასთან, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 50 მილიონ ევროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გამოუყოფს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vHHbV6; https://bit.ly/2UaSCYi

9. ISET-ის კვლევის მიხედვით საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს

ISET-ის კვლევის მიხედვით ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად, ხოლო მათი აბსოლუტური უმეტესობა (96%) წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს. ამასთან, ოჯახში დასაქმებულთა უმეტესობა ქალები არიან.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gLuS4O

10. National Interest-ის სტატიაკავკასიის რეგიონში საქართველოს მიერ ციფრული აბრეშუმის დერეფნის ხელშეშლაზე

ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემდეგ, ამერიკულმა გამოცემა The National Interest-მა კავკასიის რეგიონში არსებულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც ციფრული აბრეშუმის დერეფანის პროექტი არის განხილული და აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტს აფერხებს, ხოლო კავკასიის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის, რეგიონის ქვეყნებს ერთობლივი ძალისხმევისკენ მოუწოდებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მუშაობას ასევე უარყოფითად აფასებს კომპანია „მაგთიკომი“, რომლის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ ,,კომისია უკიდურესად დაპირისპირებულია დარგში მოღვაწე თითქმის ყველა სუბიექტთან და დარგში წარმომადგენელი კომპანიები გაუთავებელ სასამართლო დავებში იმყოფებიან კომუნიკაციების კომისიასთან.’’

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gPwCKc; https://bit.ly/3xz8xhv