მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

60fd6fc6381b1
ირაკლი მაკალათია
25.07.21 18:01
1202
გთავაზობთ გასული კვირის (19 – 24 ივლისი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2021 წლის პირველ 6 თვეში ექსპორტი 25,2%-ით, ხოლო იმპორტი 18,9%-ით გაიზარდა
2. 2021 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან 122.5 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა
3. IMF-ის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი
4. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ
5. პარლამენტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი დაამტკიცა
6. ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 58ჰა-მდე ფართოვდება
7. “საქართველოს ფოსტა” მის საკუთრებაში არსებული საწარმოს - “ჯორჯიან კარგოს” 51%-იან წილს ყიდის
8. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და Mytilineos S.A (Metka) შორის ქვესადგურების მშენებლობისათვის 36 მლნ ევროს ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა
9. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შეფასება ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტზე
10. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ შედეგები


1. 2021 წლის პირველ 6 თვეში ექსპორტი 25,2%-ით, ხოლო იმპორტი 18,9%-ით გაიზარდა

2021 წლის პირველ 6 თვეში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 25,2%-ით, ხოლო იმპორტი 18,9%-ით გაიზარდა. ცხადია პანდემიის პერიოდში მკვეთრად შემცირებული ექსპორტის ფონზე 2021 წელს მაღალი ზრდა დაფიქსირდა, რაც შეეხება 2019 წელთან მიმართები, 2021 წელს ექპორტი 5,3%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1,5%-ით შემცირდა. საქართველოს ტოპ 3 საექსპორტო ქვეყნებია: ჩინეთი (289.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (263.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (244.4 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები თურქეთი (779.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (466.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (362.8 მლნ. აშშ დოლარი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3i4xzjI ; https://bit.ly/3kSU4tK  ; https://bit.ly/3ryZaMX 

2. 2021 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან 122.5 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ივნისში ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლის სახით 122.5 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო პირველ 6 თვეში 299.5 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. თვის განმავლობაში კი ქვეყანაში 146.6 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა. ყველაზე მეტი ვიზიტორი კი თურქეთიდან შემოვიდა (29,606 ვიზიტორი), შემდეგ მოდის: ისრაელი (15,837 ვიზიტორი), უკრაინა (15,493 ვიზიტორი), რუსეთი (14,967 ვიზიტორი) და სომხეთი (13,342 ვიზიტორი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kQOk3J 

3. IMF-ის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7.7% იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ინფლაციის დონის პროგნოზს, წლის ბოლომდე შენარჩუნდება მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი, ხოლო დეკემბერში 9.4% არის პროგნოზირებული. ასევე ანგარიშში წერია, რომ პოლიტიკური გაურკვევლობის განახლებამ ლარის მერყეობა შეიძლება გაზარდოს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფონდი ასევე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36WGzB6 ; https://bit.ly/3x8m27g ; https://bit.ly/3ztd8Ti ; https://bit.ly/3zuXKWL 

4. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით რეგიონში მოწინავე ადგილზე დგას, თუმცა ამავე დროს მიუთითებენ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებასა და ბიზნეს დავების მოგვარების არაეფექტურობაზე. ანგარიშში ასევე წერია უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც, სადაც აღნიშნავენ, რომ მთავრობა თავისი განცხადებით ანაკლიის ერთგული რჩება, თუმცა ინვესტორებს ამაში ეჭვი ეპარებათ, პროექტის ინვესტორი კომპანია დავობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ დესტრუქციულ ნაბიჯები გადაიდგა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BCTxlI ; https://bit.ly/3kV75TE 

5. პარლამენტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი დაამტკიცა

ბიუჯეტის ცვლილებების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 3,4% -დან 7,7%-მდე იზრდება, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებით 54, 6%-მდე მცირდება. სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტზე შენიშვნები აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომლის ანგარიშშიც წერია, რომ ვერ დგინდება, თუ როგორ იცვლება სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსებები. ასევე, არ მომხდარა იმ მიზნობრივი მაჩვენებლის დაკორექტირება, რომელსაც შეეცვალა ასიგნებების მოცულობა. წარმოდგენილ ეკონომიკური შოკების ანალიზში კი არ არის მოცემული თუ რა მასშტაბით მოახდენს რისკების მატერიალიზაცია ეკონომიკურ პარამეტრებზე გავლენას და სხვა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hXGweB ; https://bit.ly/3eP3Zg

6. ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 58ჰა-მდე ფართოვდება

თავისუფალი ინდუსტრიული ზონიის მარკეტინგის ხელმძღვანელის თათა ჭოლარიას განცხადებით, ქუთაისში, ჰუალინგის თიზ-ი 22 ჰა-ით ფართოვდება და შედეგად 58 ჰა-ზე იქნება განთავსებულ. ჩინური ინვესტიციით აშენებულმა ჰუალინგმა, ფუნქციონირება 2015 წლიდან დაიწყო და დღეს სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილ 250 კომპანიას აერთიანებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kSvQQm 

7. “საქართველოს ფოსტა” მის საკუთრებაში არსებული საწარმოს - “ჯორჯიან კარგოს” 51%-იან წილს ყიდის

“ჯორჯიან კარგოს” 51%-იანი წილი აუქციონზე 3.5 მილიონ ლარად იყიდება, საპრივატიზაციო ვალდებულება გულისხმობს, რომ აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიაში 1 წლის განმავლობაში არანაკლებ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონი 29 ივლისს დასრულდება. ამჟამად “ჯორჯიან კარგოს” ბალანსზე 7,34 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kO4DhP 

8. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და Mytilineos S.A (Metka) შორის ქვესადგურების მშენებლობისათვის 36 მლნ ევროს ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველო სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით პროექტი „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში განხორციელდება და ოზურგეთსა და ლაჯანურში ახალი ქვესადგურების მშენებლობას, ხოლო „ახალციხე-500“-ში ქვესადგურის გაფართოების სამუშაოებს გულისხმობს, პროექტი 2023/2024 წლებში დასრულდება. ENIP-ის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მთელი საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც 2026 წლის ბოლომდე დასრულდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kUC9D0 

9. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შეფასება ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტზე

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ზრდას აგრძელებს 2021 წლის იანვარ-ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 6,9%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 532,3 ათასი ტონა შეადგინა. იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუმინეთიდან განხორციელდა (მთლიანი იმპორტის 23,4%), შემდეგ მოდიან თურქმენეთი (23,0%) და რუსეთი (20,6%).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3iJ5DBc 

10. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ შედეგები

პროგრამა გულისხმობდა, მოიჯარეებისათვის იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში დამტკიცებას, პროგრამით ისარგებლა 61-მა მოიჯარემ, რომლებიც ჯამში 240 ჰა-მდე მიწას მიიღებენ. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით პროგრამის ფარგლებში, დანარჩენ მოიჯარეებსაც ეტაპობრივად გადაეცემათ იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2TwYafM