მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები (30.01- 5.02)

63dfbb705dd49
შოთა ტყეშელაშვილი
05.02.23 23:30
2038
გთავაზობთ გასული კვირის (01.30- 02.05) მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს

  1. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე შეინარჩუნა;
  2. იანვარში ინფლაციამ 9.4% შეადგინა;
  3. რა ეტაპზეა საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში - ევროკომისიის ანგარიში
  4. თბილისის მერია 49 მილიონის ღირებულების ახალ ვაგონებს რუსული კომპანიისგან შეიძენს;
  5. საქართველოს ავსტრიის კანცლერი ეწვია - როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა?
  6. ეროვნული ბანკი ხელფასების ზრდის ტრენდში პრობლემას ხედავს
  7. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველო-რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე კომენტარს აკეთებს
  8. რუსეთმა ლარსის საბაჟო დროებით დახურა;
  9. ქვეშეთი-კობის გვირაბში 5 კილომეტრი უკვე გაყვანილია
  10. სებ-მა სავალუტო რეზერვების შესავსებად დეკემბერში 91 მილიონი დოლარი შეისყიდა


1. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე შეინარჩუნა:

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები მცირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერჯერობით რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ამასთან, ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობაც. ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან პროგნოზირებს. უფრო ვრცლად, წაიკითხეთ;

2. იანვარში ინფლაციამ 9.4% შეადგინა:

საქსტატმა იანვრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, მისი მიხედვით, გასულ თვეში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ეს მაჩვენებელი დეკემბერში დაფიქსირებულ 9.8%-ზე ნაკლებია, თუმცა ის სებ-ის სამიზნე 3%-ს სამჯერ აღემატება. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათის გაძვირებამ მოახდინა, სადაც წლიურ ჭრილში ფასები 15%-ით არის გაზრდილი. უფრო ვრცლად წაიკითხეთ;

3. რა ეტაპზეა საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში? - ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ გასულ კვირას ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა - მასში ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ექვსი ძირითადი კლასტერის მხრივ ქვეყნის მომზადების დონე არის განხილული. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს უკეთესი მზაობის დონე აქვს ვიდრე მოლდოვას, თუმცა უკრაინას რამდენიმე სფეროში არსებული ვითარებით ჩამორჩება. კონკრეტული სფეროების მიხედვით არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

4. რატომ მიიჩნევს ეროვნული ბანკი, ხელფასების ზრდის ტემპს პრობლემად?

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის ტემპი პროდუქტიულობის ზრდის ტემპს ასწრებს, რაც პოტენციურ პრობლემას წარმოადგენს. კითხვაზე თუ რატომ მიიჩნევს ეროვნული ბანკი ხელფასების ზრდის ტემპს პრობლემად, გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ისაუბრა.მისი თქმით, ინფლაციის პირობებში შეიძლება შეიქმნას სპირალი, როდესაც დამსაქმებლებს თანამშრომელთათვის უფრო მაღალი ანაზღაურებების გაცემა უწევთ და იმ შემთხვევაში თუკი არ იზრდება პროდუქტიულობა, მაშინ ეს ზრდა გადადის კომპანიების მიერ რეალიზებული საქონლის ფასში, რაც თავის მხრივ ინფლაციაზე მოქმედებს ნეგატიურად. საკითხზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

5. საქართველოს ავსტრიის კანცლერი ეწვია - როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა?

გასულ კვირაში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, რომ საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. მისი თქმით, ქვეყანა ავსტრიელი კომპანიებისთვის ტურიზმის და ენერგეტიკაში ინვესტირებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. უფრო ვრცლად ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში.

6. თბილისის მერია 49 მილიონის ღირებულების ახალ ვაგონებს რუსული კომპანიისგან შეიძენს

თბილისის მერია მეტროსთვის 44 ახალ ვაგონს რუსული კომპანია Метровагонмаш-ისგან შეიძენს. კონტრაქტის ღირებულება 49 მილიონ ევროს შეადგენს და ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტით ფინანსდება. კომპანია უკრაინის მიერ არის სანქცირებული, ხოლო მისი ბენეფიციარი მფლობელები - მილიარდერები ისკანდერ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი დიდი ბრიტანეთის მიერ არიან სანქცირებული.BMG-იმ ამ შესყიდვასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა საქართველოში EBRD-ის წარმომადგენლობას. ევრობანკი აღნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს ვაგონების შესასყიდად ტენდერი 2021 წელს გამოაცხადა და ის EBRD-ის წესებით და პროცედურებით გაიმართა. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად სააქციო საზოგადოება “მეტროვაგონმაში” გამოვლინდა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

7. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველო-რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე კომენტარს აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველო-რუსეთის პირდაპირი ავიამიმოსთვის შესაძლო საკითხს აფასებენ და ამბობენ, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენა სანქციების პირობებში საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში „ამერიკის ხმას“ განუცხადეს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

8. რუსეთმა ლარსის საბაჟო დროებით დახურა

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსის“ გავლით ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოში ამინდის გაუარესების გამო მიიღეს, რის გამოც უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

9. ქვეშეთი-კობის გვირაბში 5 კილომეტრი უკვე გაყვანილია

ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბის 5 კილომეტრი უკვე გაჭრილია, - ინფორმაცია აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

10. სებ-მა სავალუტო რეზერვების შესავსებად დეკემბერში 91 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის დეკემბრის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $91.5 მილიონი შეისყიდა, წლის მეოთხე კვარტალში კი ჯამურად შესყიდვებმა $301 მილიონი შეადგინა. ინტერვენციების შედეგად, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $4.9 მილიარდ დოლარს მიაღწია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.