მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები (6-12 თებერვალი)

63e90e4159d14
შოთა ტყეშელაშვილი
12.02.23 23:30
2037

გთავაზობთ გასული კვირის (06.02-12.02) მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს




1. პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონი დაჩქარებული წესით მიიღო

პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიღებას ერთ სამუშაო კვირაზე ნაკლები დრო დასჭირდა, რადგანაც პარლამენტმა მისი განხილვა ორშაბათს დაიწყო. საკანონმდებლო ცვლილება ეროვნული ბანკის საბჭოში პირველი ვიცე-პრეზიდენტის სტატუსს ამკვიდრებს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სებ-ს პრეზიდენტი არ ჰყავს, მის ფუნქციებს პირველი ვიცეპრეზიდენტი ასრულებს. ცვლილების ინიციატორი ხელისუფლება იყო და მასთან დაკავშირებით შენიშვნები თავად ეროვნულ ბანკსაც აქვს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

2. საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა. საქართველო ორშაბათს თურქეთში ჰუმანიტარულ ტვირთსაც გააგზავნის. დღევანდელი მონაცემებით, სირიასა და თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 28 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

3. ფასნამატი სურსათზე - პრემიერის განცხადება

საქართველოს მთავრობის 6 თებერვლის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავის - პროდუქტზე გაზრდილი ფასები შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ მისი დავალებით პროდუქტებზე არსებული ფასნამატი შეისწავლა და პირველადი შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა. მთავრობის მეთაურმა ამისთვის იმპორტიორები გააკრიტიკა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს 2 კვირის განმავლობაში საკითხის მოკვლევა და რეკომენდაციების წარდგენა დაავალა, რათა პროდუქტის ფასები გონივრული პროცენტებისა და მარჟების ფასებში დარეგულირდეს. რითეილ სექტორის წარმომადგენლების განმარტება ამ საკითხზე იხილეთ ბმულზე.

4. ყალბი დღგ-ის საქმეზე ბიზნესმენ გ.ო-ს საქართველოს ბიუჯეტში 112 მილიონის ჩარიცხვა დაეკისრა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ გ.ო.-ს მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. ბიემჯიმ ამ ბიზნესმენის წარმომადგენლებს მიმართა, თუმცა მათგან ჯერჯერობით განმარტება ამ საკითხზე არ გაკეთებულა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

5. 2022 წელს ქართული პორტების ტვირთბრუნვა გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2022 წელს 12.4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 12.8%-ით მეტია (11.0 მილიონი ტონა). მათ შორის 2022 წელს ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 477,094 TEU, რაც 2021 წელთან შედარებით 18.9%-ით მეტია (401,386 TEU).

6. საქართველოს რკინიგზამ 2022 წელს 14.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა

2022 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 21.8%-ით გაიზარდა და მან 14.8 მილიონ ტონას მიაღწია - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყენბული ანგარიშიდან ირკვევა. სამინისტროს ინფორმაციით მთლიან გადაზიდვებში საერთაშორისო ტვირთების მოცულობა 12.9 მილიონი ტონა იყო.

7. “სწრაფად მოქმედების დროა” - ექკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის ელჩის მრჩეველთან

საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა მაიკლ ჰონიგშტაინმა BMGTV-ის გადაცემას – „ანალიტიკა“ – ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გადაცემის ავტორთან და წამყვანთან ელენე კვანჭილაშვილთან პირისპირ საუბარი იმ შესაძლებლობების ანალიზსაც შეეხო, რაც ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რუსეთის ომმა უკრაინაში საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის მოიტანა. მაიკლ ჰონიგშტაინის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ამჟამად საქართველოს სწრაფად მოქმედება მართებს. სრულად ინტერვიუ იხილეთ ბმულზე.

8. საქართველო TRACECA წევრი ქვეყნების მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ქვეყანაა

თბილისში საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური რიგით მე-16 სხდომა გაიხსნა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა და ის TRACECA - ს შექმნიდან 30 - ე წლისთავსა და “ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

9. საქართველოს სავალუტო რეზერვები 4.9 მილიარდი დოლარია

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების იანვრის თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, რეზერვების ზომა 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ფაქტობრივად დეკემბერში არსებული რეზერვების ტოლია (0.05%-ით ნაკლები). ბოლო ერთი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვების ზომა 821 მილიონი დოლარით, ანუ 20%-ით გაიზარდა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

10. სახელმწიფო შესსყიდვების შესახებ ახალი კანონი მიღებულია

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა. ახალი კანონით რეფორმას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის, ინერგება ახალი ინსტიტუტები. ახლებურად დარეგულირდება შავ სიასთან დაკავშირებული საკითხები, სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჯარო შესყიდვის სპეციალისტები დაექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას, რაც, ერთი მხრივ, საჯარო შესყიდვებში გაზრდის კვალიფიკაციის დონეს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სერტიფიცირებული სპეციალისტების დასაქმებას. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.