04.დეკემბერი .2022 16:34

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები
views 773
უკან

გთავაზობთ გასული კვირის (28 ნოემბერი – 3 დეკემბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. ოქტომბერში საქართველოს მშპ 8.3%-ით გაიზარდა
2. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა
3. რა გეგმები აქვს Binance-ს საქართველოში
4. რა ცვლილებები იგეგმება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში
5. სებ-მა Bmatch პლატფორმით 99.4 მილიონი აშშ დოლარი იყიდა
6. რა შეიძლება შეცვალოს მთავრობამ ჰესების მიმართ PPA ხელშეკრულებებში
7. PMC-ის შრომის ბაზრის კვლევის შედეგები
8. პარლამენტის გადაწყვეტილებით - თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის მოთხოვნა 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება
9. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება
10. 2024 წლიდან, საწარმოებს, წყლის რესურსების გამოყენებისათვის, წყლის სარგებლობის მოსაკრებელი დაეკისრებათ


1. ოქტომბერში საქართველოს მშპ 8.3%-ით გაიზარდა

2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0%-ია. ზრდა დაფიქსირდა ყველა დარგში, მხოლოდ დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში დაფიქსირდა კლება. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წელს საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რადგან მათი შეფასებით ,,მიმდინარე პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი ომთან დაკავშირებული სავალუტო შემოდინებები იყო.’’

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3VNBVwJ ; https://bit.ly/3XUO4l9 

2. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა

2022 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.4% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირებულმა 16.8%-იანმა ფასების ზრდამ, რაც 5.55%-ული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ასევე, ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: რესტორნები (15.9%) და საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (15.4%); სასტუმროები, კაფეები.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Uym1Fo ; https://bit.ly/3FlWtXQ 

3. რა გეგმები აქვს Binance-ს საქართველოში

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ Binance-ი საქართველოში წარმომადგენლობით ოფისის გახსნას გეგმავს, ასევე განიხილავენ ადგილობრივ ბლოკჩეინ და კრიპტო პროექტებში ინვესტირების პერსპექტივასაც. პირველი ნაბიჯი კი იყო ის, რომ 30 ნოემბერს ,,ბაინანსმა’’ თიბისისთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3B2i4Sj ; https://bit.ly/3upFSvX 

4. რა ცვლილებები იგეგმება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, რომელიც პარლამენტს განსახილველად 30 ნოემბერს გაეგზავნება. პროექტის მიხედვით, 2023 წელს ნაერთი ბიუჯეტის ზომა 25 მილიარდ ლარს მიაღწევს. მთავრობის ხარჯები 726 მილიონი ლარით გაიიზრდება და ის 21.9 მილიარდი ლარი იქნება. ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი კვლავ ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფაა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3B7hAL1 ; https://bit.ly/3XUnglf ; https://bit.ly/3B5RlnW 

5. სებ-მა Bmatch პლატფორმით 99.4 მილიონი აშშ დოლარი იყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ის მეშვეობით ოქტომბერში 99.4 მილიონი აშშ დოლარი იყიდა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 2.3-ჯერ აღემატება. ბოლო მონაცემებით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა 4.38 მილიარდი დოლარს შეადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gWO9nT 

6. რა შეიძლება შეცვალოს მთავრობამ ჰესების მიმართ PPA ხელშეკრულებებში

საქართველოს მთავრობა გეგმავს გადახედოს PPA-ს არსებულ ხელშეკრულებებს იმ ჰესებისთვის, რომლებიც ამ დრომდე ვერ აშენდა და მათზე, PPA ხელშეკრულებები შეიძლება CFD ტარიფებით შეიცვალოს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით - ,,სახელმწიფო ინვესტორებს აძლევს 4-თვიან ვადას განაახლონ ენერგოპროექტების მშენებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა ამ პროექტების უკან დაბრუნებას განიხილავს.’’

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3FpZ1UA 

7. PMC-ის შრომის ბაზრის კვლევის შედეგები

PMC-ის კვლევის შედეგების მიხედვით, 2017-2021 წლებში ახალგაზრდების ჩართულობა შრომის ბაზარზე დაბალი აქტივობით ხასიათდებოდა და დროთა განმავლობაში უარესდებოდა. 2017-2019 წლებში საქართველოში უმუშევრობის საერთო დონის შემცირების მიუხედავად, უმუშევრობა ახალგაზრდებში სტაბილურად იზრდებოდა, რაც მკვლევართა აზრით შეიძლება უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდები არ არიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრები. რაც შეეხება დასაქმებულთა კატეგორიას, ახალგაზრდების უმეტესობა მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში იყო დასაქმებული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3VSbrtM ; https://bit.ly/3VSnHL9 

8. თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის მოთხოვნა 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება

პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 31 ივლისიდან, საქართველოში თამბაქოს ნაწარმი ერთნაირი, სტანდარტიზებული შეფუთვით გაიყიდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3iC0crh 

9. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით, კანონში„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ ცვლილება შეიტანა, კერძოდ, 2023 წლიდან, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასი 1000-1200 დასახელების ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების პრეპარატზე გავრცელდება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებიც დაემატება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3izl6Y5 

10. 2024 წლიდან, საწარმოებს წყლით სარგებლობის მოსაკრებელი დაეკისრებათ

წყლის რესურსების მართვის“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, იმ კომპანიებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში წყლის რესურსებს გამოიყენებენ, 2024 წლიდან წყლის სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. კომპანიებს სხვა ვალდებულებების შესრულებაც დაეკისრებათ, რაც დაკავშირებული იქნება: ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ქონასთან და გარკვეული სტანდარტის დაცვასთან, ასევე, ფინანსურ ხარჯებთან და თავიანთ ინფრასქტრუქტურაში ინვესტირებასთან.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3un5t8J 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა