მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

62dd43d9826b8
ირაკლი მაკალათია
24.07.22 17:30
1524
გთავაზობთ გასული კვირის (18 – 23 ივლისი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა 2022 წლის იანვარ-ივნისში
2. 2023-2025 წლებში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება
3. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით 200 000 ლარამდე სავალუტო სესხების აღება ნაწილობრივ დაუშვა
4. 2022 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
5. არის თუ არა საერთაშორისო საბანკო გადარიცხვებში შეფერხებები
6. რა შეღავათით ისარგებლებს საქართველო ევროკავშირ-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული გაზის იმპორტის მემორანდუმით
7. რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მთავარი იმპორტიორი გახდა
8. როგორ შეიცვალა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 2022 წლის II კვარტალში
9. რა ცვლილებები შევიდა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“
10. VTB ბანკის გაყიდვა საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან შესაბამისობაში მოხდება


1. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა 2022 წლის იანვარ-ივნისში
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 477.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 35.4%-ით აღემატება. აქედან, ექსპორტი გაიზარდა 35.6%-ით და 2 558.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 35.3%-ით და 5 918.6 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი არიან: თურქეთი (1 294.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (962.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (922.5 მლნ. აშშ დოლარი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cCy18K ; https://bit.ly/3z3UEdN 

2. 2023-2025 წლებში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება
ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით 2023-2025 წლებში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება. მინისტრის განცხადებით, მათი მიზანია საჯარო სამსახურის ხელფასები კერძო სექტორის ხელფასის 80%-90%-ის დიაპაზონში იყოს. ამჟამად, საჯარო სამსახურში კერძო სექტორის საშუალო ხელფასის 74%-ია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3oogWSD 

3. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით 200 000 ლარამდე სავალუტო სესხების აღება ნაწილობრივ დაუშვა
2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 200,000 ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იყო შესაძლებელი. მიმდინარე წლის 19 ივლისს, კი ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ნაწილობრივ დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ კი მოქალაქეებს, ვისაც აქვთ ვალუტის ანაბარი, შეეძლებათ იმავე ვალუტაში აიღონ სესხი, მაქსიმუმ ამ ანაბრის მოცულობით. მაგ; თუ მოქალაქეს ანგარიშზე აქვს 20 000 დოლარის დეპოზიტი, მას 20 000 დოლარის ოდენობის სავალუტო კრედიტის აღება შეეძლება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3onht7j ; https://bit.ly/3op8G4v 

4. 2022 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფო ბიუჯეტში 6.76 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც გეგმის 100.3% იყო. გადასახადების გარდა, სახელმწიფომ ბიუჯეტში ჯარიმებიდან და სანქციებიდან 57 მილიონი ლარის, ხოლო პრივატიზაციით 131.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3IY79vX 

5. არის თუ არა საერთაშორისო საბანკო გადარიცხვებში შეფერხებები?
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით "საერთაშორისო საბანკო გადარიცხვებში არსებული შეფერხებები გამოწვეულია იმით, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ტრანზაქციები საერთაშორისო საკორესპონდენციო ბანკების მხრიდან სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით დეტალურ შემოწმებას გადიან". ხოლო ტრანზაქციების შესწავლის პროცესი შუამავალი ბანკებისთვის მეტი რესურსისა და დროის ხარჯვას იწვევს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3aZ8wOf ; https://bit.ly/3PUSSm5 

6. რა შეღავათით ისარგებლებს საქართველო ევროკავშირ-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული გაზის იმპორტის მემორანდუმით?
მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება გულისხმობს 2027 წლისთვის აზერბაიჯანის მხრიდან ევროკავშირში წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიწოდებას. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო 2022 წლის პროგნოზულ მაჩვენებლად 12 მილიარდი კუბური მეტრია. ევროკავშირისთვის გაზის გაორმაგებული ოდენობის მიწოდება სამხრეთის გაზის კორიდორით მოხდება, ხოლო საქართველოს, ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული გაზის მოცულობის 5%-ის შეღავათიან ფასად ყიდვის უფლება ექნება, რაც ქვეყნისთვის შეღავათიანი გაზის მოცულობების ზრდას ნიშნავს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3z6HRqO 

7. რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მთავარი იმპორტიორი გახდა
2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ რუსეთიდან წინა წელთან შედარებით 208%-ით მეტი, 184 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები იყიდა, რითაც რუსეთი საქართველოს მთავარი იმპორტიორი ქვეყანა გახდა. იმპორტის ზრდის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში წარმოდგენილი ნავთობიმპორტიორები ფასდაკლებულ რუსული საწვავის შეძენაზე გადაერთნენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3PwcPjj 


8. როგორ შეიცვალა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 2022 წლის II კვარტალში?
საქსტატმა თბილისის ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის (მრავალსართულიანი სახლები და კერძო სახლები) ფასების ინდექსები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 4.5% შეადგინა. კონკრეტულად ბინების სეგმენტში ფასები ამ პერიოდში 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში 2.4%-ით შემცირდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ooHdjx 

9. რა ცვლილებები შევიდა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“?
პროგრამაში „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ რამდენიმე ცვლილება შევიდა. კერძოდ, გრანტის მოცულობასა და განსახორციელებელი ინვესტიციის მაქსიმალურ ოდენობას დაადგენს საქართველოს მთავრობა, გრანტის მოცულობა განისაზღვრება კვალიფიციური საინვესტიციო მოცულობის 15%-ით. ამასთან, პროგრამის ფარგლებში რეინვესტირება შეზღუდული აღარ იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3PKpizi 

10. VTB ბანკის გაყიდვა საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან შესაბამისობაში მოხდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, VTB ბანკის გაყიდვა საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან შესაბამისობაში მოხდება. ხოლო თუ ვინ იქნება მყიდველი, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ტრანზაქციამდე გარკვეული პერიოდით ადრე შეიტყობს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3z3b6ej