14.აგვისტო .2022 22:00

გასული კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

გასული კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა
views 941
უკან

გთავაზობთ გასული კვირის (8 – 13 აგვისტო, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. სავალუტო აუქციონზე სებ–მა 40 მლნ აშშ დოლარი იყიდა
2. ტურიზმის აღდგენის დინამიკა 2022 წლის 7 თვეში
3. საქსტატმა მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) სტატისტიკის წარმოება დაიწყო
4. საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები 2022 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით
5. სოცდაუცველი პირების დასაქმების პროგრამით 20 000-მდე პირი დასაქმდა
6. როგორი მოლოდინები აქვს მთავრობას საწვავის ფასთან მიმართებით
7. Demirören Holding-ის საინვესტიციო გეგმები წყალტუბოში
8. მთავრობა 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს უძრავ ქონებას გადასცემს
9. რა ცვლილებები შედის ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში
10. PMC-ის კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები


1. სავალუტო აუქციონზე სებ–მა 40 მლნ აშშ დოლარი იყიდა

10 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი იყიდა. მიმდინარე წელს, ეროვნულმა ბანკმა 24 მაისს - 10 მლნ აშშ დოლარი, 1 აგვისტოს - 10 მლნ აშშ დოლარი და 5 აგვისტოს 20 მლნ აშშ დოლარი იყიდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3du6uqq


2. ტურიზმის აღდგენის დინამიკა 2022 წლის 7 თვეში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით ივლისში საქართველოში 718 401 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 177% -ით მეტია. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში კი საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 214%-ით აღემატება, თუმცა 2019 წელთან აღდგენის მაჩვენებელი 47.2%-ია. ამ პერიოდში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა (403 886 ვიზიტი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3zVl8OT; https://bit.ly/3pipwTa




3. საქსტატმა მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) სტატისტიკის წარმოება დაიწყო

საქსტატმა მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) სტატისტიკის წარმოება დაიწყო, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მომსახურების სახეებისა და მოვაჭრე ქვეყნების შესახებ. 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2.546 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 61.2%-ით მეტია. ხოლო იმპორტმა 1.822 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რომლის წლიური ზრდაც 25.2%-ია. მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა (მთლიანი ექსპორტის 48.9%), ხოლო მომსახურების იმპორტში სატრანსპორტო მომსახურებამ (მთლიანი იმპორტის 59.6%).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3JVQMAg; https://bit.ly/3bU8OXe  




4. საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები 2022 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით

საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 36.19%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) კი 0.96%. ბოლო მონაცემებით საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 2.514 მლრდ ლარს შეადგენდა, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 346 მილიონი ლარია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3w1iiXm




5. სოცდაუცველი პირების დასაქმების პროგრამით 20 000-მდე პირი დასაქმდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 1 მარტს ამოქმედებული სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამით სახელმწიფო უწყებებში ამ ეტაპზე 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდა, ამასთან ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. პროგრამის ფარგლებში კი ჯამში, 200 000 ადამიანის დასაქმება არის დაგეგმილი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3PmCSsh




6. როგორი მოლოდინები აქვს მთავრობას საწვავის ფასთან მიმართებით

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით აგვისტოს ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება, მისი თქმით ,,კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება.’’

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pjiJZw; https://bit.ly/3pk3xvi




7. Demirören Holding-ის საინვესტიციო გეგმები წყალტუბოში

ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული საინვესტიციო ჰოლდინგი Demirören Holding-ი წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს - „ძველი ივერიის“ მშენებლობისთვის მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს. თუმცა გავრცელებულ პრესრელიზში დეტალები არ არის წარმოდგენილი. მთავრობისა და კომპანიის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს, რაც სხვადასხვა სფეროებში ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3C5o66g



8. მთავრობა 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს უძრავ ქონებას გადასცემს

მთავრობის გადაწყვეტილებით 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცემა. ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, დევნილებისთვის უძრავი ქონების გადაცემის პროცესი აქტიურად გაგრძელდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3SZ58UW






9. რა ცვლილებები შედის ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ნარჩენების მართვის ახალი 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა მტკიცდება, რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსისა და სტრატეგიის შესაბამისად მომზადდა და ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებებს ითვალისწინებს, როგორიცაა: კანონმდებლობის სრულყოფა და მისი სრული ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციებთან; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა; საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა და სხვ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3QpIuDs





10. PMC-ის კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები

PMC კვლევითმა ცენტრმა მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც: საქართველოს ეკონომიკა 2022 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ბევრად უკეთ განვითარდა და ზრდის ერთჯერად ფაქტორებზე აკეთებენ აქცენტს. ამასთან არ მიიჩნევენ, რომ ზრდა ინკლუზიურია, რადგან საქართველოში ისეთი ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, როგორიცაა ინფლაცია და უმუშევრობა, მაღალ დონეზე რჩება. მიმდინარე წლის 6 თვეში, წინა წელთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილების რეკორდული ზრდის მთავარი მიზეზი რუსეთიდან ფულადი გზავნილების 306%-ით ზრდაა. რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ბოლო 7 წელში 457 ლარით გაიზარდა, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით კი ზრდა მხოლოდ 111 ლარი იყო.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3w0nLhq; https://bit.ly/3w5MJMm



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა