მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

6302388ba67e1
ირაკლი მაკალათია
21.08.22 19:00
1083
გთავაზობთ გასული კვირის (15 – 20 აგვისტო, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. 2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 18.1%-მდე შემცირდა;
2. 2021 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.241 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა;
3. 2022 წლის იანვარი-ივლისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა;
4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 8 305 000 აშშ დოლარი გაიყიდა;
5. საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა II კვარტალში 198.7%-ით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა;
6. ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 46.8%-ით გაიზარდა;
7. მთავრობა 2022 წლის რთველს 150 მლნ ლარით დაასუბსიდირებს;
8. საწვავის იმპორტიორების გამოხმაურება პრემიერ-მინისტრის მიმართვასა და კონკურენციის სააგენტოს კვლევაზე;
9. საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა;
10. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ჰყავს.

1. 2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 18.1%-მდე შემცირდა
2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0%-ით შემცირდა და 18.1% შეადგინა. დასაქმების დონე კი მხოლოდ 2.1%-ით გაიზარდა და 42.2% შეადგინა. ამავე პერიოდში 7.7 ათასით შემცირდა სამუშაო ძალა, ხოლო ეკონომიკური აქტიურობის დონემ 51.5% შეადგინა. დასაქმებულთა 68.3%-ს დაქირავებით დასაქმებულები შეადგენენ, ხოლო 31.6%-ს - თვითდასაქმებულები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pyxnw5 


2. 2021 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.241 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62.0% შეადგინა. ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს დიდი ბრიტანეთი, რომელზეც მთლიანი ინვესტიციების 48.6% მოდის. ასევე, ქვეყნების სამეულშია ნიდერლანდები (11.1%) და თურქეთი (8.1%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3R3UfiR 

3. 2022 წლის იანვარი-ივლისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10,188 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3%-ით მეტია. ექსპორტი 36.4%-ით გაიზარდა და 3,100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 34.8%-ით გაიზარდა და 7,087 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეული შემდეგია: ჩინეთი ($475.6 მლნ), აზერბაიჯანი ($351.5 მლნ) და რუსეთი ($339.1 მლნ). ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების სამეულია: თურქეთი ($1,226.2 მლნ), რუსეთი ($874.9 მლნ) და ჩინეთი ($619.0 მლნ).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3T7UcV2 ; https://bit.ly/3pCjDk1 ; https://bit.ly/3Ac7Eyr 

4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 8 305 000 აშშ დოლარი გაიყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 20 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 8 305 000 აშშ დოლარი გაიყიდა. მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 47 875 000 აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო საერთაშორისო რეზერვების შესავსებად 80 000 000 აშშ დოლარი იყიდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3QDKO9Y 

5. საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა II კვარტალში 198.7%-ით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში 1,049 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 198.7%-ით მეტია, ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა კი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა (147.7 ათასი ვიზიტორი). აღსანიშნავია ის დადებითი ფაქტი, რომ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ივლისში პირველად გადააჭარბა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს, 2019 წლის ივლისთან შედარებით 80.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 476.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2022 წლის პირველი 7 თვის მაჩვენებლებს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 87.4%-ით არის აღდგენილი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Azoqsz ; https://bit.ly/3AyookW ; https://bit.ly/3QHSBna 

6. ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 46.8%-ით გაიზარდა
ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 46.8%-ით გაიზარდა და 306 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა, რაც 100.59 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და რომლის წლიური ზრდაც 151%-ია. ამასთან, რუსეთის წილი მთლიან გზავნილებში დაახლოებით 33% იყო. ფულადი გზავნილების მიხედვით მეორე-მესამე ადგილებზე იტალია (35.96 მლნ აშშ დოლარი) და აშშ-ია (28.56 მლნ აშშ დოლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3KahWU9 ; https://bit.ly/3A9BL9Q 

7. მთავრობა 2022 წლის რთველს 150 მლნ ლარით დაასუბსიდირებს
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მთავრობა რთველს 2022 წელსაც დაასუბსიდირებს და ჯამში 150 მლნ ლარი დაჯდება. სუბსიდირება რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშებს შეეხებათ. წელს მთავრობა რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით 300 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდება. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება, ხოლო ჩაბარების პროცესში 300-მდე ღვინის კომპანია ჩაერთვება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pDxHcM ; https://bit.ly/3ClahRo ; https://bit.ly/3wiPQAJ 

8. საწვავის იმპორტიორების გამოხმაურება პრემიერ-მინისტრის მიმართვასა და კონკურენციის სააგენტოს კვლევაზე
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა, ერთ-ერთი მიზეზი ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება და ენერგორესურსებზე შემცირებული მოთხოვნაა. რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმპორტიორები პირობას იძლევიან, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასებს დამატებით, ჯამში 20-30 თეთრით შეამცირებენ. პარალელურად კონკურენციის სააგენტო აგრძელებს ბაზრის მოკვლევას და სწავლობს იმპორტიორების კეთილსინდისიერებას.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pwFDNh ; https://bit.ly/3A9zQC5 ; https://bit.ly/3AccUSP 

9. საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა
საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 2022 წლის 6 თვეში 311 მლნ ლარი იყო, ამასთან მიმდინარე წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. შემოსავლების 74% სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტი ტვირთი გადაიზიდა და 6.8 მლნ ტონა შეადგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3QxzDQ5 ; https://bit.ly/3c6wOGT 

10. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ჰყავს
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას, კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის 7 აპრილს დაიწყო, კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება სრულად ელექტრონულ ფორმატში წარმოებდა და შედეგად პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ჰყავს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dHnHg4