მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

63148d05e187d
ირაკლი მაკალათია
04.09.22 18:25
872
გთავაზობთ გასული კვირის (29 აგვისტო – 3 სექტემბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2022 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა
2. 2022 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 10.9% შეადგინა
3. ეროვნულმა ბანკმა რიგით მეშვიდე სავალუტო აუქციონზე 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა
4. ივლისში სოციალური შემწეობის მიმღებთა ოდენობა 664 278 ადამიანამდე გაიზარდა
5. საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიების აქციები და აგვისტოში ბირჟაზე დადებული გარიგებები
6. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა 80.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
7. რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა და რამდენი მილიარდი დღგ-ს ზედმეტობა დააბრუნა მთავრობამ მიმდინარე წელს
8. 2025 წლამდე დევნილთა 13 000-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
9. 2022 წელს მთავრობა არასტანდარტული ვაშლს 4 მლნ ლარით დაასუბსიდირებს
10. პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში'' საგრანტო პროგრამები



1. 2022 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა

2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.7%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ია. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3KLvHsX; https://bit.ly/3RzGokt; https://bit.ly/3eeJewN


2. 2022 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 10.9% შეადგინა

2022 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 10.9% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 15.8%-ით ზრდამ, რაც 5.14%-ული პუნქტით აისახა ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე. ფასები 15.6%-ით გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფში, რაც 1.87%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ასევე ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (14.9%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (12.4%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (10.1%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Q81pSg


3. ეროვნულმა ბანკმა რიგით მეშვიდე სავალუტო აუქციონზე 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა რიგით მეშვიდე სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 32 305 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.8983 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ჯამში 80 180 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3elGcqL


4. ივლისში სოციალური შემწეობის მიმღებთა ოდენობა 664 278 ადამიანამდე გაიზარდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით ივლისში სოციალური შემწეობის მიმღებთა ოდენობა 3 217-ით, 664 278 ადამიანამდე გაიზარდა, რაც მთელი მოსახლეობის 17.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით, ხოლო იანვართან შედარებით 2.4%-ით არის გაზრდილი. სოციალურ შემწეობაზე ივლისში ბიუჯეტიდან 56 710 462 ლარი დაიხარჯა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CUtx8z


5. საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიების აქციები და აგვისტოში ბირჟაზე დადებული გარიგებები

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ერთადერთი გარიგება შედგა, რომელიც „ლიბერთი ბანკმა“ 285 ლარის მოცულობით შეასრულა. ამ დროისთვის საფონდო ბირჟაზე ორ ძირითად სალისტინგო კატეგორიაში 4 კომპანიის აქციები და 19 კომპანიის ობლიგაციებია განთავსებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, გიორგი ფარესიშვილი სექტემბრიდან თანამდებობას ტოვებს, მისი მოვალეობის შემსრულებლად ნინო ქურდიანი ინიშნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Rye3uJ; https://bit.ly/3q7qGBB


6. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა 80.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა წინა წელთან შედარებით 25.5%-ით გაიზარდა და 80.3 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორების მიხედვით ლიდერობს ვაჭრობა (30.1 მილიარდი ლარი) და გართობა, დასვენება, აზარტული თამაშები (23.4 მილიარდი ლარი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cMjTtY



7. რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა და რამდენი მილიარდი დღგ-ს ზედმეტობა დააბრუნა მთავრობამ მიმდინარე წელს

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ბიუჯეტის 7 თვის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში 7.9 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც 9 თვის გეგმის 80%-ს შეადგენს. გადასახადებიდან ყველაზე მეტი წილი დამატებული ღირებულების გადასახადს უჭირავს (მთლიანი გადასახადების 40.9%-ს შეადგენს. ამასთან, 2022 წლის 8 თვეში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ბიზნესს საგადასახადო ზედმეტობის სახით 1.42 მილიარდი ლარი დაუბრუნა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3RBRV2C; https://bit.ly/3qbxaPO; https://bit.ly/3TJ6jYY



8. 2025 წლამდე დევნილთა 13 000-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2025 წლამდე დევნილთა 13 000-მდე ოჯახს მთავრობა საცხოვრებელი ფართები გადასცემს. 7 000 ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში, ხოლო დარჩენილი 6 000 ოჯახი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში: თბილისში 2400, ზუგდიდში 1700, ხოლო ქუთაისში 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3epbRrq



9. 2022 წელს მთავრობა არასტანდარტული ვაშლს 4 მლნ ლარით დაასუბსიდირებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს არასტანდარტული ანუ სამრეწველო ვაშლის მოსავალი 40 000-დან 50 000 ტონამდე იქნება. სუბსიდირების პროგრამა წელსაც იმოქმედებს. კერძოდ, საწარმოები, რომლებიც ფერმერებისგან 1 კილოგრამ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად ჩაიბარებს, სახელმწიფო10 თეთრს დაუსუბსიდირებს. სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი კი 4 მლნ ლარი იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3RBmfue



10. პროგრამის "აწარმოე საქართველოში" საგრანტო პროგრამები

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში წელს 1 338 ახალი პროექტი გახდა გამარჯვებული. 2015-2021 წლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 6 901 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობამ კი 78 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BchWAg; https://bit.ly/3cPgz0X; https://bit.ly/3AP9oxL