მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

63305b0b72b02
ირაკლი მაკალათია
25.09.22 18:00
857
გთავაზობთ გასული კვირის (19 – 24 სექტემბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. 2022 წლის II კვარტალში მშპ 7.1%-ით გაიზარდა
2. 2022 წლის იანვარ-აგვისტოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
3. როგორ იცვლება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა
4. საქართველოს ეროვნული ბანკის მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის კვლევის შედეგები
5. რამდენი მლნ ევროთი დაეხმარა ევროკავშირი საქართველოს 2014-2020 წლებში
6. აზიის განვითარების ბანკის (ADB) ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პროგნოზები საქართველოსთვის
7. რამდენით გაიზარდა საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის 8 თვეში
8. მთავრობამ მიმდინარე წლის რთველის სუბსიდია გაზარდა
9. 2022 წლის II კვარტალში უძრავი ქონების მშენებლობის ღირებულება 11.7%-ით გაიზარდა
10. მთავრობამ დევნილი ოჯახებისთვის ახალი ბინების აშენებაზე 277 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა


1. 2022 წლის II კვარტალში მშპ 7.1%-ით გაიზარდა

2022 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1% შეადგინა და მიმდინარე ფასებში 17 979.4 მლნ. ლარი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.5%) და დამამუშავებელი მრეწველობა (10.9%).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xNTIdK 

2. 2022 წლის იანვარ-აგვისტოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 36.9%-ით გაიზარდა და 3 571.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 36.5%-ით, 8 364.9 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა. საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომელიც მთლიანი ექსპორტის 19.1%-ია.

უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 68.3%-ით გაზარდა. იმპორტირებული პროდუქტების ძირითადი სამეული კი არის: ნავთობპროდუქტები - (337 მილიონი აშშ დოლარი); ბუნებრივი აირი (44.5 მილიონი აშშ დოლარი) და ხორბლის ფქვილი (44.4 მილიონი აშშ დოლარი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BMckf1;  https://bit.ly/3S5h4U9;  https://bit.ly/3Sc0cLx 

3. როგორ იცვლება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა

2022 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა ბიუჯეტის ხარჯებს 480 მილიონი ლარით, 19.6 მილიარდ ლარამდე ზრდის. ხოლო ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა 1 მილიარდი ლარით, 14.5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 8 თვეში, მთავრობამ 8.9 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც სამი კვარტლის გეგმის 90% იყო.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dHKZTw;  https://bit.ly/3BDhha6;  https://bit.ly/3BPyttg 

4. საქართველოს ეროვნული ბანკის მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის კვლევის შედეგები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის კვლევაა წარმოდგენილი. კვლევის მიხედვით: მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოა თავისი ფინანსური მდგომარეობით (58%) და მისთვის მნიშვნელოვან საქმეებს ვერ აკეთებს, ხოლო გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს მოსახლეობის მხოლოდ 33.1% ისახავს; მოსახლეობის 57%-ს აქვს გეგმა, როგორ გააკონტროლოს ოჯახის ბიუჯეტი; ამასთან, მოსახლეობის 55%-მა აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი ხარჯები შემოსავალს აჭარბებდა; ფინანსების მოსაზიდად, კი გამოკითხულთა 30.4% თანხას სესხულობდს ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან/ახლობლებისგან ან მაღაზიიდან პროდუქტი მოჰქონდათ შემდეგში გადახდის პირობით (9.2%).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3f7zzbS;  https://bit.ly/3S5kI0h;  https://bit.ly/3SaYDxb 

5. რამდენი მლნ ევროთი დაეხმარა ევროკავშირი საქართველოს 2014-2020 წლებში

ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა,რომლის თანამხმად, საქართველოს 2014-2020 წლებში ჯამში 938 მლნ ევროთი დაეხმარა. ამ თანხებიდან, ყველაზე მეტი 253 მლნ ევრო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გაიცა, ხოლო ეკონომიკის განვითარების მიმართულებით 168 მლნ ევრო დაიხარჯა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dHqhD2


6. აზიის განვითარების ბანკის (ADB) ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პროგნოზები საქართველოსთვის

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით, საქართველოში 2022 წლის ინფლაციის მაჩვენებებელი 11.0% იქნება, ხოლო მომდევნო 2023 წელს, წლიური ინფლაცია 5%-მდე შემცირდება. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, 2022 წელს 7%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორებად კი გაზრდილ ექსპორტს, ტურიზმს, ფულად გადარიცხვებსა და ძლიერი კერძო მოხმარებას უკავშირებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3UFVRSg;  https://bit.ly/3UELGxy

7. რამდენით გაიზარდა საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის 8 თვეში

საქსტატის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს, საქართველოდან უცხოეთში ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 399%-ით გაიზარდა და ჯამში 73.9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულება შეადგინა. ექსპორტის შემოსავლის მატება ქვეყანაში გაუმჯობესებულმა გენერაციამ და გაზრდილმა საექსპორტო ტარიფმა განაპირობა. ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარი კი კვლავ თურქეთია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3S5yjER;  https://bit.ly/3S8ESGG;  https://bit.ly/3LEXfkc 

8. მთავრობამ მიმდინარე წლის რთველის სუბსიდია გაზარდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, "რთველი 2022"-ის სუბსიდირება 50 მლნ ლარიდან 90 მლნ ლარამდე იზრდება. წელს 280 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელიან, ამ მოცულობის დაახლოებით ერთ მესამედს კი სახელმწიფო კომპანია შეისყიდის. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, მთავრობა 2023 წლიდან 2030 წლამდე ყურძნის სუბსიდირებიდან ეტაპობრივად გამოვა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DZVvzY;  https://bit.ly/3DTgtka 

9. 2022 წლის II კვარტალში უძრავი ქონების მშენებლობის ღირებულება 11.7%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 11.8%-იანი ზრდით, რაც 6.74%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

TBC Capital-ის მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების ფასი წლიურად 26.5%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3C7L24d;  https://bit.ly/3fbdKbn;  https://bit.ly/3DRRAp6 

10. მთავრობამ დევნილი ოჯახებისთვის ახალი ბინების აშენებაზე 277 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ 2,400 დევნილი ოჯახისთვის ახალი ბინების აშენებაზე 277 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი ახალი კორპუსები 3 წლის ვადაში უნდა ააშენოს. პროექტში მონაწილეობის წინაპირობაა, რომ კომპანიას 2017 წლის იანვრიდან დღემდე აშენებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 100 ათასი კვადრატული მეტრის პროექტი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DVBk6m