30.ოქტომბერი .2022 17:00

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა
views 1367
უკან

გთავაზობთ გასული კვირის (24 – 29 ოქტომბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში
2. საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
3. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა
4. მსოფლიო ბანკმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაიწყო
5. კომერციულს ბანკებს მომხმარებლებისთვის წინასწარი დაფარვის საკომისიოს დაწესება ეკრძალებათ
6. პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ქონება 20 კომპანიას ჩამოერთვა
7. რამდენი დაუჯდება საქართველოს მთავრობას საგარეო ვალის პროცენტის მომსახურება 2023 წელს
8. საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიში
9. რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების კვლევის შედეგები
10. მთავრობამ ობლიგაციების გამოშვებით 90 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო


1. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში

24 ოქტომბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების, ენერგოპოლიტიკისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ბრიფინგზე ილჰამ ალიევმა ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების პოტენციალზე, კონკრეტულად კი კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ ტვირთების გატანასა და ახალი მარშუტების შემუშავებაზე. ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით ტვირთბრუნვის ზრდის პოტენციალზე, საქართველოს პორტების გამოყენებასა და სატრანსპორტო მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Nig8tY ; https://bit.ly/3sJqqdm ; https://bit.ly/3SQn2b8 


2. საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

მიმდინარე კვირაში "საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა". უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, გაზის მოხმარების შემცირების მიზნით, უნგრეთს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღება სურს, საქართველოს გავლით კი აზერბაიჯანს უნგრეთისთვის 300 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლია, რაც დამატებით გაზრდის საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს. შეგახსენებთ, რომ უნგრეთი საქართველოს რიგით 39-ე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, სადაც ექსპორტმა მიმდინარე წელს 2.4 მილიონი აშშ დოლარი, იმპორტმა კი 40 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3zsrQg0 ; https://bit.ly/3TNYMru ; https://bit.ly/3zu2XR2 ; https://bit.ly/3zt74fY 


3. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11.0%-ზე დატოვა. გამკაცრებული რეფინანსირების განაკვეთის დატოვება სებ-მა სექტემბერში 11.5%-მდე გაზრდილი ინფლაციის ფონზე მიიღო.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DkojBp 


4. მსოფლიო ბანკმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაიწყო

პროგრამა, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში, მსოფლიო ბანკმა 400 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ. ევრო. ადამიანური კაპიტალის პროგრამამ უნდა გააძლიეროს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარები და კომპეტენციები, რაც დაეხმარება თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული კომპლექსური პრობლემების დაძლევაში.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fgr92m ; https://bit.ly/3TQEFc1 ; https://bit.ly/3fjNiwS 


5. კომერციულს ბანკებს მომხმარებლებისთვის წინასწარი დაფარვის საკომისიოს დაწესება ეკრძალებათ

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულს ბანკებს უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში ეკრძალებათ მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო, პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Uah0mM 


6. პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ქონება 20 კომპანიას ჩამოერთვა

BM.ge-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ქონება ჩამოერთვათ. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ინფორმაციით, სულ ქონება 145 კომპანიას გადაეცა, მთავარ ვალდებულებად კი შემოთავაზებული პროფილის საწარმოს შექმნა, პროფილის მნიშვნელოვანწილად შენარჩუნება და განსაზღვრული მოცულობის ინვესტიციების განხორციელება დაევალათ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DJij6x 


7. რამდენი დაუჯდება საქართველოს მთავრობას საგარეო ვალის პროცენტის მომსახურება 2023 წელს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს მთავრობას სახელმწიფო საგარეო ვალის პროცენტის მომსახურება 480 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 2023 წელს საგარეო ვალზე ბიუჯეტიდან 1.65 მილიარდი ლარი დაიხარჯება, სულ კი საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 21.5 მილიარდი ლარი, შიდა ვალი კი 6.7 მილიარდი ლარია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Uc5ozM 


8. საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიში

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში საქართველოში მოქმედი 14 კომერციული ბანკის აქტივების ღირებულებამ 68.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით არის გაზრდილი. ამავე ბანკების საერთო მოგებამ კი 1.53 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0%-ით ნაკლებია. ერბანკის ანგარიშის მიხედვით, 1 ოქტომბრისთვის საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ 42,94 მილიარდ ლარი შეადგინა (1.08%-ით გაიზარდა), ხოლო ლარიზაციამ ოქტომბერში 54.68%-ს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.2%-ით მეტია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sEt5F7 ; https://bit.ly/3sJ8yz9 ; https://bit.ly/3sGgcKL ; https://bit.ly/3sJoSA4 

9. რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების კვლევის შედეგები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის 112 733 მოქალაქე იმყოფებოდა. გერმანიის ეკონომიკური გუნდის CRRC-ისთან პარტნიორობით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით: საქართველოში შემოსული რუსების 59% IT და საკომუნიკაციო სექტორებში საქმიანობს, 15% პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური მიმართულებით, 5% კი - განათლების სფეროში, ამასთან საქართველოში შემოსული რუსების 72% თბილისში, 27% კი ბათუმში ცხოვრობს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Nhvtee ; https://bit.ly/3sETDGj 


10. მთავრობამ ობლიგაციების გამოშვებით 90 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მიმდინარე წელს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sFxHuu