მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის ტოპ 10 ეკონომიკური მოვლენა

5fb1297887a98
ირაკლი მაკალათია
15.11.20 17:06
1703

გთავაზობთ მიმდინარე კვირის (9-14 ნოემბერი 2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

  1. IMF-ის ახალი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, სახელმწიფო ვალის მოცულობასა და ტურიზმის დარგზე 
  2. მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის საკრედიტო-საგარანტიო პროექტის ფარგლებში დაანონსებული 2,2 მლრდ ლარიდან 69 მლნ ლარის სესხი გასცა 
  3. ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შევიდა 
  4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 37,2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა 
  5. ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 2,2%-ით, ხოლო იმპორტი 23,5%-ით შემცირდა 
  6. 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის შეღავათით თვეში საშუალოდ 30,600 კომპანია და 400,000 დასაქმებული სარგებლობდა 
  7. ოქტომბერში საქართველოში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 92.5%-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა 
  8. 2020 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ბოლო 7-წლის მაქსიმალურ დონეზეა 
  9. IMF-ისა და აშშ-ს ფინანსური დახმარებები საქართველოს 
  10. "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" $174.8 მილიონ აშშ დოლარად ახალ, 272-მეგავატიან თბოსადგურს ააშენებს 



1. IMF-ის ახალი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, სახელმწიფო ვალის მოცულობასა და ტურიზმის დარგზე

IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინის ვარაუდით 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 62% იქნება. საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით მომდევნო წლებში იმაზე მეტი ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე ეს აქამდე იყო განსაზღვრული. შედეგად სახელმწიფო ვალი 60%-ს გადააჭარბებს, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლისთვის 60%-იან ნიშნულს ჩამოცდება.

ამასთან მთავრობამ 2021 წლის აპრილში 10-წლიანი ვადიანობის $500 მილიონის მოცულობის ევრო-ობლიგაციები უნდა დაფაროს. თუ რა გზით მოხდება აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრება ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ერთ-ერთ ალტერნატივას რეფინანსირება წარმოადგენს, რაც ნიშნავს აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრებას ახალი ვალის აღების სანაცვლოდ.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბიუჯეტი 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმება და იმედს გამოთქვამს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის 5%-დან 4.3%-მდე შემცირდა, რის მთავარ მიზეზედაც COVID-19-ის ინფიცირების რიცხვის ზრდასა და რეგიონში პოლიტიკური ვითარების გამწვავებას ასახელებს

IMF საქართველოს ტურიზმის შესახებაც აქვეყნებს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც 2024 წელს სექტორის შემოსავლები 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდება.

ვრცლათ აღნიშნულ თემებზე: https://bit.ly/3lBYjYm; https://bit.ly/3kzZo1c; https://bit.ly/2UqBhaK; https://bit.ly/35zrnKu; https://bit.ly/3lztcN0

2. მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის საკრედიტო-საგარანტიო პროექტის ფარგლებში დაანონსებული 2,2 მლრდ ლარიდან 69 მლნ ლარის სესხი გასცა

მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროექტი შეიმუშავა, საიდანაც ბიზნესმა გარანტირებული სესხები უნდა აიღოს. BMG-მ "აწარმოე საქართველოდან" ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც, პროგრამის ფარგლებში 89 ახალი სესხი დამტკიცდა, რომლის მოცულობა დაახლოებით 69 მლნ ლარია, რაც მთავრობის მიერ დაანონსებულ საერთო მოცულობასთან შედარებით ბევრად ნაკლებია. აღნიშნული პროექტების მეშვეობით შეიქმნება 2,271 სამუშაო ადგილი. აქვე მთავრობის მიერ დაანონსდა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სისტემა გაფართოვდება და მისი მეშვეობით ახალი სესხების აღება და არსებულის რესტრუქტურიზაცია უფრო მეტ სექტორში მოქმედ ბიზნესს შეეძლება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/35yx7UC

3. ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შევიდა

,,ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის.’’ პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირებას; საკრედიტო საგარანტიო სქემას; თანადაფინანსების მექანიზმს მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის; ინდუსტრიული კომპონენტს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეხმარებიან იმ სფეროებს, რომლებიც ჯერაც გაჩერებულია პანდემიის გამო, ეს არის ივენთ-კომპანიები, გამოფენების და კონფერენციების ორგანიზების სფეროში მოღვაწე კომპანიები, კინო-თეატრები. ხოლო კონკრეტულად ივენთ-კომპანიებს ცალკე პროგრამა ამოქმედდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტის მიხედვით, სესხის სუბსიდირების პროგრამაში კიდევ 800-მდე მცირე და საოჯახო სასტუმრო ჩაერთვება. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიხედვით გათვალისწინებულია ფერმერების დახმარება, რომლებიც ეწევიან მრავალწლოვანი კულტურების მოყვანას, შესაბამისად ისინი შეძლებენ ჩაერთონ საკრედიტო პროგრამაში.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით მთავრობა ეკონომიკური მხარდაჭერის მეოთხე ფაზაზე მუშაობს, სადაც ჩართულები არიან: მთავრობის ეკონომიკური გუნდი, საერთაშორისო პარტნიორები და ეროვნულ ბანკი.

ვრცლად პროგრამის შესახებ: https://bit.ly/35w9jAB; https://bit.ly/36G9N6y

4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $37.2 მლნ გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, რის შედეგადაც 37.2 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა. ინტერვენციის შედეგად ლარი აშშ დოლართან 1.2 თეთრით გამყარდა. აღნიშნული ინტერვენცია 2020 წელს რიგით 22-ე იყო და ეროვნულმა ბანკმა ჯამში 747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, პანდემიის პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი ოდენობის სავალუტო შემოდინება დაკარგა, რის კომპენსირებასაც და ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში პერიოდულად გააგრძელებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36S1uVJ; https://bit.ly/333475Z

5. ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 2,2%-ით, ხოლო იმპორტი 23,5%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.0%-ით ნაკლებია. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი შემცირდა 11.1%-ით, ხოლო იმპორტი 16,6%-ით. რაც შეეხება 2020 წლის ოქტომბერს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 2,2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 23,5%-ით, ასევე სავაჭრო ბრუნვა შემცირდა 18%-ით.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3f0WYb5; https://bit.ly/3f0X9mL

6. 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის შეღავათით თვეში საშუალოდ 30,600 კომპანია და 400,000 დასაქმებული სარგებლობდა

Bm.ge-ის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მთავრობის საშემოსავლო გადასახადის შეღავათის პროგრამით, რომელიც ითვალისწინებდა 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასის პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას. თვეში საშუალოდ 30 600 ბიზნესმა და 400 000 დასაქმებულმა ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში კერძო ბიზნესს შეღავათის სახით 222,1 მლნ ლარის საშემოსავლო გადასახადი დარჩა.

ვრცლად ყოველთვიური სტატისტიკა: https://bit.ly/3ps5fcK

7. ოქტომბერში საქართველოში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით92.5%-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში 49 712 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბის პერიოდთან შედარებით 92.5%-ით ნაკლებია. აღნიშნულ პერიოდში 97.3%-ით შემცირდა საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2020 წლის 9 თვეში 80.7%-ით შემცირდა და 499 მილიონი დოლარი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36vlaOE

8. 2020 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ბოლო 7-წლის მაქსიმალურ დონეზეა

2020 წლის სექტემბერში ყოველთვიური საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 502 258 ადამიანი შეადგინა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია. თუმცა შეფარდებითი მაჩვნებლით, 2013 წელს შემწეობის მიმღები ადამიანების წილი მთლიან მოსახლეობაში 11,3% იყო ხოლო 2020 წლის სექტემბრისთვის ის 13,5%-მდე გაიზარდა. პროცენტულად სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რაჭა ლეჩხუმი, ქვემო სვანეთშია 42,9%, ხოლო ყველაზე დაბალი სამცხე-ჯავახეთში 8,1%. რაც შეეხება თბილისს, ქალაქის პოპულაციიდან გამომდინარე რაოდენობრივად შემწეობის მიმღები ადამიანები ყველაზე მეტია, თუმცა პროცენტულად 9,5% შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2UGKvA1

9. IMF-სა და აშშ-ს ფინანსური დახმარებები საქართველოს

IMF-ის მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 112 მილიონ აშშ დოლარით დაეხმარება. აშშ-ს სენატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, რომელიც მიღებულია საგარეო ოპერაციების 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პროექტიდან, აშშ საქართველოს 132 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება, რომელიც კონკრეტული მიმართულების დაფინანსებას მოხმარდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2UqsNQY; https://bit.ly/38X4UZZ

10. "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" $174.8 მილიონ აშშ დოლარად ახალ, 272-მეგავატიან თბოსადგურს ააშენებს

"ნავთობისა და გაზის კორპორაცია" $174.8 მილიონ აშშ დოლარად ახალ, 272-მეგავატიან თბოსადგურს ააშენებს. სამშენებლო სამუშაოებს თურქული კომპანია "ჩალიკ ენერჯი" შეასრულებს. ახალი თბოელექტროსადგური თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება, რომლებიც ასევე "ჩალიკ ენერჯიმ" ააშენა. გამარჯვებული კომპანია ტენდერით გამოვლინდა, სადაც თურქულმა კომპანიამ ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი დააიქსირა. აქვე შეგახსენებთ, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. რომლის შემოსავალმაც 2019 წელს 880.6 მილიონ ლარს მიაღწია.

სრულად თემაზე: https://bit.ly/3lzLygJ