მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის ტოპ 10 ეკონომიკური მოვლენა

601ff185b50db
ირაკლი მაკალათია
07.02.21 17:53
1391
გთავაზობთ გასული კვირის (1 – 6 თებერვალი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. შეზღუდვები რომლებიც იხსნება და რომლებიც რჩება ძალაში
2. იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 2.8% შეადგინა
3. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა
4. ტურიზმის სფეროს მდგომარეობა
5. მთავრობა სესხების პროცენტის სუბსიდირებას კერძო ბაღებსა და ფიტნეს კლუბებსაც სთავაზობს
6. აუდიტის დასკვნა ახალქალაქის, გარდაბნისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
7. 2020 წელს საქართველოში დასრულებული მშენებლობების ფართობი 33%-ით, ხოლო მშენებლობის ნებართვების საოდენობა 11%-ით შემცირდა
8. EBRD-ის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს
9. ლომბარდების რეგულაცია
10. Galt and Taggart-ის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა

1. შეზღუდვები რომლებიც იხსნება და რომლებიც რჩება ძალაში

მთავრობის გადაწყვეტილებით 8 თებერვლიდან - თბილისში, ქუთაისში და რუსთავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, მაგრამ არ ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაახლებენ ბაზრობები. 15 თებერვლიდან დაგეგმილია კვების ობიექტების გახსნა და სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება. ამ პერიოდში ძალაში რჩება კომედანტის საათი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2YS57XR; https://bit.ly/3cP8aIM; https://bit.ly/3tBA54E; https://bit.ly/3rvsUJo


2. იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 2.8% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით 2021 წლის იანვარში ინფლაციის წლიურმა დონემ 2,8% შეადგინა. ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შედეგად, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში 20,5%-იანმა დეფლაციამ გამოიწვია. ასევე 0,9%-იანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფში. ხოლო ისეთ მნიშვნელოვან სამომხარებლო ჯგუფებში, როგორიც არის სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, 6,4%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში 9,7%.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cOUehB; https://bit.ly/36OBM4S

3. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა

3 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. სები-ის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება კრიზისული ვითარების ფონზე მიიღეს და წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ განიხილავენ. ამასთან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბაზო სცენარით წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი, ხოლო პესიმისტური სცენარით ეკონომიკური ზრდა 1% იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2YSaxCh; https://bit.ly/39WiCMv; https://bit.ly/3aFXuJx

4. ტურიზმის სფეროს მდგომარეობა

ეროვნული ბანკის პროგნოზით წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის 25% იქნება, რაც ამ სფეროს მნიშვნელოვან ზარალაზე მიანიშნებს. ზამთრის კურორტების ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც სეზონი უკვე ჩაუვარდათ, ეპიდემიოლოგებს უმოქმედობისთვის აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ არ ინტერესდებიან ბიზნესის მდგომარეობით. აქვე სთავაზობენ მთავრობას იმ კურორტების მაგალითებს, რომლებიც მსოფლიოში გახსნილია და ამ პერიოდში მუშაობენ. კიდევ ერთი სფერო, სარესტორნო ბიზნესი, რომლებიც პროტესტის ნიშნად 6 თებერვალს გახსნას აპირებდნენ, გადაწყვეტილება შეცვალეს, რისი მიზეზიც მთავრობის დათმობა და რესტორნების ღია სივრცეების გახნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2YW0g8d; https://bit.ly/3ju5DoG; https://bit.ly/3cPvt4Y; https://bit.ly/2YW1IaF

5. მთავრობა სესხების პროცენტის სუბსიდირებას კერძო ბაღებსა და ფიტნეს კლუბებსაც სთავაზობს

მთავრობის გადაწყვეტილებით რესტორნების გარდა სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამით პანდემიის შედეგად დაზარალებული კერძო საბავშვო ბაღები და ფიტნეს კლუბებიც ისარგებლებენ. რამდენად დაეხმარება და რამდენად ეფექტიანი იქნება აღნიშნული დახმარება სფეროსთვის ეს მეორე საკითხია. მით უმეტეს, რომ სარესტორნო ბიზნესიდან კეთდება განცხადება, რომ არაერთი ბარიერის გამო რესტორნები სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას ვერ ახერხებენ. რეალურად კი, ბიზნესისათვის ყველაზე კარგი დახმარება არა სუბსიდირება, არამედ ბიზნესის გახსნა და თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის წარმოებაა, სადაც მთავრობის რეგულაციები არ ზღუდავს მათ ბიზნესს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2YSQtQe; https://bit.ly/3oQyDba

6. აუდიტის დასკვნა ახალქალაქის, გარდაბნისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
აუდიტის ანგარიში რომელიც მოიცავს ახალქალაქის, გარდაბნისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შეფასებას, სადაც 2018-2019 წლებში მთელი რიგი დარღვევები იქნა აღმოჩენილი. სადაც აღნიშნულია ხარვეზებით მოწყობილ და ხშირ შემთხვევაში გამოუყენებელ მილიონიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. შესყიდვების პროცესში გამოვლენილია ხარვეზები, მათ შორის გამარტივებული წესით შესყიდვებში გამოვლენილია მთელი რიგი დარღვევები. ასევე აღმოჩენილია საბიუჯეტო დარღვევები, რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის დაგემვას, დამტკიცებასა და შესრულებასთან. მნიშვნელოვანი იყო ასევე შვებულების პერიოდში დახარჯული საწვავის მოცულობა, რაც არამიზნობრივ ხარჯვაზე მიანიშნებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jqwMss; https://bit.ly/3cPgurR; https://bit.ly/3pZZmTX; https://bit.ly/3jCv9It

7. 2020 წელს საქართველოში დასრულებული მშენებლობების ფართობი 33%-ით, ხოლო მშენებლობის ნებართვების საოდენობა 11%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში დასრულებული მშენებლობების ჯამური ფართობი 33.5%-ით, 1.7 მილიონ კვადრატულ მეტრამდე შემცირდა. რაც შეეხება გაცემულ სამშენებლო ნებართვებს, მათი რაოდენობა 11%-ით 9 564-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. თბილისი ლიდერია მშენებლობაზე გაცემული ნებართვებითა (53,5%) და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების (27,8%) მიხედვით.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36QvTUV; https://bit.ly/3ruN5Hq

8. EBRD-ის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში ჩატარებულ რეფორმებზე და საქართველოს განვითარების 5 წლიან სტრატეგიაზე. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის საგარეო ვალს და COVID-19-ის კრიზისის ფონზე სახელმწიფოს გადაწყვეტილებებს. პრიორიტეტად კი კერძო სექტორის განვითარება და ეკონომიკის აღდგენა დაასახელა.

ონლაინ შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ანა ბიერდეს შორის, სადაც საუბრის მთავარი თემები ვაქცინაციის გეგმები იყოს.

ვრცლად აღნიშნულ თემებზე: https://bit.ly/36OPAg3; https://bit.ly/3oQlvTq; https://bit.ly/3pWMuxP; https://bit.ly/2MKIH8q

9. ლომბარდების რეგულაცია

სესხის გამცემმა სუბიექტებმა 1 აპრილამდე ყველა დალომბარდებული ნივთი ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე უნდა ატვირთონ, ინფორმაციაზე წვდომა კი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ექნება. აღნიშნული გადაწყვეტილებით უნდა შემცირდეს ლომბარდების მეშვეობით ნაქურდალი ან არაკეთილსინდისიერად მოპოვებული ნივთების გაყიდვის შანსი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2YPLlMP

10. Galt and Taggart-ის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა

Galt and Taggart-ის რეგიონში ეკონომიკური პროგნოზები შემდეგია: 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპი იქნება. კვლევითი ინსტიტუტის ISET-ის პროგნოზით კი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ 3,5%-ით შემცირდება. შემცირების მთავარ მიზეზად კი ტურიზმის სექტორის კრიზისს ასახელებენ. 

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jxuqrWhttps://bit.ly/3jonPzQ

გასული კვირა წარმატებული გამოდგა BMG-ის გუნდისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით BMG-ისა და “მაესტროს” შორის 5-წლიანი შრომითი დავა დასრულდა. სასამართლომ ბათილად სცნო შპს “სტუდია მაესტროს” მენეჯმენტის მიერ 2016 წლის 14 ივნისში BMG-ს 27 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები და კომპანიას ყოფილი თანამშრომლების მიმართ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა. https://bit.ly/3oWhzk5