მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

60291cd4bd518
ირაკლი მაკალათია
14.02.21 17:12
1905
გასული კვირა საქმიანი და თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო BMG-ისთვის. "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" და BMG-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მხარეებს შორის თანამშრომლობა იქნება სტაბილური და ხანგრძლივი. თანამშრომლობის პირობები გულისხმობს ბიზნეს იდეების განხილვასა და ბიზნეს პროექტების განხორციელებას მთელი ქვეყნის ფარგლებში, განსაკუთრებით კი რეგიონებში ნიჭიერი ბიზნესმენების პოტენციალის სრულად გამოვლენასა და მხარდაჭერას.

გთავაზობთ გასული კვირის (8 – 13 თებერვალი, 2021) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. 1 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში 3 თვიან სეზონურ დასაქმებას შეძლებენ
2. ვისგან ყიდულობს სახელმწიფო ვაქცინის პირველ დოზებს ?
3. 2021 წლის იანვრის ტურიზმის სტატისტიკა
4. Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად "BB" დონეზე დატოვა
5. ისტორიაში პირველად, საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში დასახელდა
6. 1,2 მლნ ევროს ინვესტიცია "გურია ფიშში"
7. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
8. 2021 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების სარეკორდო რაოდენობა დაფიქსირდა
9. თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება
10. "საქართველოს ფოსტის" მომავალი

1. 1 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში 3 თვიან სეზონურ დასაქმებას შეძლებენ
საქართველოს მოქალაქეებს, გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. რეგისტრაციის გავლა 15 თებერვლიდან არის შესაძლებელი, ხოლო სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. ხელფასი საათში მინიმუმ 9.50 ევრო იქნება. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გერმანულ მხარესთან სექტორების გაფართოებაზე მუშაობს, რაც მომავალში მეტი ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3aXfNKkhttps://bit.ly/37g0ECS; https://bit.ly/2OxaMRb


2. ვისგან ყიდულობს სახელმწიფო ვაქცინის პირველ დოზებს ?
მთავრობის წევრების განცხადებით, Pfizer-ის 29 250 დოზას საქართველოში თვის ბოლომდე ჩამოიტანენ, მის ტრანსპორტირებას კი covax-ი უზრუნველყოფს. მარტის პირველ ნახევარში საქართველო კიდევ 150 ათას დოზა AstraZeneca-ს ვაქცინას პირდაპირ მწარმოებლისგან მიიღებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ვაქცინაციის პროცესში სახელმწიფო კერძო სექტორთან ითანამშრომლობს, ასევე ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორის ჩართულობასა და როლზე ვაქცინაციის პროცესში. ასევე კლინიკების ნაწილი, რომლებშიც Pfizer-ის ვაქცინით ჩატარდება აცრები, კერძო კლინიკებია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2ZcRqmJhttps://bit.ly/2NnvUci

3. 2021 წლის იანვრის ტურიზმის სტატისტიკა
ტურიზმის სექტორისთვის არც 2021 წელი დაწყებულა პოზიტიურად, 2021 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 94.5%-ით შემცირდა, ხოლო ქვეყანაში შემოსული მოქალაქეების ძირითადი ნაწილი მეზობელ ქვეყნებზე მოდის. რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურისტულმა სექტორმა 2020 წელს 2.7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის პროგნოზით კი 2021 წელს ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 2019 წლის 30%-ს მიაღწევს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2OByb4ahttps://bit.ly/3d972Qg; https://bit.ly/3agVvM 

4. Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად "BB" დონეზე დატოვა
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. შეფასებაში აღნიშნულია მაღალი მმართველობის ხარისხი და ბიზნეს გარემო. რაც შეეხება კომპანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს საქართველოსთვის, 2021 წელს ის 4.3%-იან, ხოლო 2022 წლისათვის 5,8%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rOEpvK; https://bit.ly/3b5GKvw 


5. ისტორიაში პირველად, საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში დასახელდა
ორგანიზაცია Open Data Watch-ის ღია მონაცემთა აღწერის რიგით მეხუთე ანგარიშის მიხედვით, სადაც წარმოდგენილია ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემის საერთო შეფასებამ 69 ქულა შეადგინა, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 8 პოზიციით გაუმჯობესდა და 31-ე ადგილზე გავიდა.

აღნიშნული შედეგით, საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას და ისტორიაში პირველად, ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში დასახელდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pjwkgM 

6. 1,2 მლნ ევროს ინვესტიცია "გურია ფიშში"
ნორვეგიული კალმახის სალიფსიტე მეურნეობაში, „გურია ფიშში“ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 1,5 მილიონი ლარით დაფინანსდა. საწარმოში ამ დროისთვის განხორციელებულია 1,2 მილიონი ევროს ინვესტიცია, ხოლო ჯამში 25 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება, ამ ეტაპზე საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2ZiYqhC 

7. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის გაფორმებული საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და კორეის ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების განხორციელებას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორს ავიამიმოსვლა პანდემიის დაწყებამდე წარმატებით ხორციელდებოდა და 2018 – 2019 წლებში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რამდენიმე ჩარტერული რეისიც შესრულდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pjafz1 

8. 2021 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების სარეკორდო რაოდენობა დაფიქსირდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 532 000 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 100 000-ით არის გაზრდილი. ქვეყანაში მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ყოველთვიურად 60 ლარიან დახმარებას მთლიანი მოსახლეობის 14.3% იღებს.

პანდემიის შედეგად დაწესებულმა ეკონომიკურმა შეზღუდვებმა დამატებით უარყოფითი გავლენა იქონია მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ისედაც გაღარიბებული მოსახლეობის ცხოვრების პირობები კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2ZdSqqL 


9. თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება
საქართველოში დამზადებული პროდუქცია, რომლის წარმოებისთვისაც თურქული ნედლეული გამოიყენება, ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება. შეთანხმება გაზრდის ევროკავშირში გასატანი პროდუქციის ასორტიმენტს, რაც ცხადია პოზიტიურად აისახება როგორც თურქული, ისე საქართველოს ბიზნეს სექტორისათვის და ამასთან საქართველოში თურქეთიდან ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rT6AcZ 

10. "საქართველოს ფოსტის’’ მომავალი
“საქართველოს ფოსტამ” 2020 წელს ფოსტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და გასული წელი შეაჯამა. პრესკონფერენციაზე საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ "საქართველოს ფოსტის" პრივატიზება ეტაპობრივად მოხდება. თუმცა აღნიშნული განცხადება, მხოლოდ განცხადებად შეიძლება ჩაითვალოს, წლებია სახელმწიფო ზარალიანი კომპანიის პრივატიზებაზე საუბრობენ მთავრობის წევრები, მაგრამ დღემდე არც ვადები, არც პრივატიზების ეტაპები ან მსგავსი კონკრეტული გეგმა არ წამოუდგენიათ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2ZgzTKk; https://bit.ly/3s59Ouf ;

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის ინტერვიუ Forbes Talks-ში საქართველოს ფოსტის ეტაპობრივ პრივატიზებაზე https://bit.ly/3b7mUzV.