მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის ტოპ 10 ეკონომიკური მოვლენა

6044a99af10b0
ირაკლი მაკალათია
07.03.21 14:15
1375

გთავაზობთ გასული კვირის (1 – 6 მარტი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

  1. 2021 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3,6% შეადგინა

  2. 2020-ის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა

  3. იანვარში ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან 14%-ით, ხოლო საშემოსავლო გადასახადიდან 17%-ით შემცირდა

  4. რა პოზიცია აქვს მთავრობას "ნამახვანი ჰესზე"

  5. საქართველო Freedom House-ს და The Heritage Foundation-ის თავისუფლებისა და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

  6. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი

  7. მარტის მეორე ნახევრიდან საქართველოს ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ეწვევა

  8. ,,Air Astana'' რეგულარულ ავიარეისებს 16 მარტიდან განაახლებს, ,,Wizz Air'' რეისების აღდგენის კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს

  9. საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო შეიქმნა

  10. მთავრობა ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად ახალ ტენდერს უახლოეს თვეებში გამოაცხადებს


 1. 2021 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3,6% შეადგინა

2021 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3,6% შეადგინა. წლიური ინფლაციის შემცირებაზე -1.85 პროცენტული პუნქტით გავლენა იქონია კომუნალური ტარიფების სუბსიდირებამ, თავის მხრივ საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები შემცირდა 21,2%-ით, ფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში (12,3%), ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 6,2%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, თავად სურსათის ჯგუფში კი ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი გაძვირდა (34,3%-ით).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2NZWHMx; https://bit.ly/3elDdwB; https://bit.ly/3v0Hlb6

2. 2020-ის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა

2020 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 641.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.1%-ით ნაკლებია. ამ პერიოდში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 417.0 ლარით განისაზღვრა. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის IV კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა და 32.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ql8uSE; https://bit.ly/3qqqMBM

3. იანვარში ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან 14%-ით, ხოლო საშემოსავლო გადასახადიდან 17%-ით შემცირდა

დაწესებული შეზღუდვების შედეგად შემცირებული ეკონომიკური აქტივობა შემცირებულ საგადასახადო შემოსავლებზეც აისახა. იანვარში დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14%-ით შემცირდა და 293,8 მლნ ლარი შეადგინა.  საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები კი 17%-ით შემცირდა და 319 მილიონი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების კლების მიუხედავად სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავალი 17,4%-ით გაიზარდა და 1066,9 მლნ ლარი შეადგინა, აღნიშნული ზრდა კი განპირობებულია არა გადასახადების მობილიზების შედეგად, არამედ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის შედეგად ბიუჯეტის შევსებით.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38gQnam; https://bit.ly/3c5q7AQ

4. რა პოზიცია აქვს მთავრობას "ნამახვანი ჰესზე"

ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად გამართული აქციის შემდეგ, ვითარების შესასწავლად და საკითხზე სამსჯელოდ, მოსახლეობასთან შესახვედრად ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა - მოსახლეობასთან შეხვედრა იყო საჭირო და ცოტა დაგვიანებული, მათ ასევე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობები. ლევან დავითაშვილის განცხადებით კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და თუ გადაცდომა ან დარღვევა იქნება, ხელისუფლება იქნება ძალიან პრინციპული. თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 20 გვერდიან პასუხში ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს შეფასებებს გასცა პასუხი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Py63PK; https://bit.ly/3bp8iNQ; https://bit.ly/30hxWhj

5. საქართველო Freedom House-ს და The Heritage Foundation-ის თავისუფლებისა და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

The Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 77.2  ქულით მსოფლიოში მე-12-ე ადგილი, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე-7 ადგილი დაიკავა. ამ შედეგით საქართველო უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფშია. Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით კი საქართველო “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფშია. პოლიტიკური უფლებების ნაწილში პრობლემად დასახელდა სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ასევე რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა მედიის, გამოხატვისა და რწმენის, შეკრების თავისუფლებებისა და სასამართლოს დაბალმა მაჩვენებლებმა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sVgLhQ; https://bit.ly/3ejJR6j

6. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი

დღემდე მოქმედი 1994 წელს მიღებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა არაერთი ცვლილება განიცადა, თუმცა ბიზნესისათვის დღემდე მაინც ბევრ პრობლემასა და ბარიერებს ქმნის. 2013 წელს, იუსტიციის სამინისტროს მიერ დონორების დახმარებით დაწყებული კანონის ცვლილებების დასრულებულ ვერსიას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს და ძალაში მიმდინარე წლიდან შევა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38h4MTD

7. მარტის მეორე ნახევრიდან საქართველოს ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ეწვევა

,,ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 3 ტურისტულ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 26 მარტს საქართველოს ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადები ისრაელიდან ეწვევა.’’ ამავე დროს გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ.

მიუხედავად საჰაერო საზღვრების ნაწილობრივი გახსნისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიები აცხადებენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახმელეთო საზღვრების გახსნა, რადგან კრიზისში მყოფმა ბიზნესმა, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებიდან მიღებული შემოსავალიც არ დაკარგოს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38h3uIe; https://bit.ly/3qs18N4; https://bit.ly/2Pv7NJx

8. ,,Air Astana'' რეგულარულ ავიარეისებს 16 მარტიდან განაახლებს, ,,Wizz Air'' რეისების აღდგენის კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს

ყაზახური ავიაკომპანია „Air Astana“ 16 მარტიდან, საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. მიუხედავად ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავამ განცხადებისა, რომ ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს მარტიდან განაახლებს, თავად კომპანიაში, მიუხედავად  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გაგზავნილი მოთხოვნისა არ ადასტურებენ ფრენების განახლებას და აცხადებენ, რომ “ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე საუბარი ძალიან ნაადრევია.”

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3bnNMgt; https://bit.ly/2MUaC6b; https://bit.ly/3bokP4k


9. საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო შეიქმნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო შეიქმნა. საბჭოში გაწევრიანდნენ ირლანდიის წამყვანი კომპანიები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საბჭოს მიზანი იქნება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განმტკიცება.

 ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2PvaWJl

 10. მთავრობა ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად ახალ ტენდერს უახლოეს თვეებში გამოაცხადებს

ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში ჩატარდება, ხოლო ახალი ინვესტორის შერჩევაში საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარება. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია მთავრობის წარმომადგენლები ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე საუბრობენ, პროექტი დღემდე გაჩერებულია და ამ ეტაპზე ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3v1uk0Y; https://bit.ly/3ed3YmN