მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

616c1a53e9faf
ირაკლი მაკალათია
17.10.21 17:30
1259
გთავაზობთ გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა:

1. საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიციები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშში
2. 2021 წლის 9 თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა
3. კომუნიკაციების კომისია “კავკასუს ონლაინს” წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადას 31 დეკემბრამდე აძლევს
4. დაფინანსდება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპარტნიორო ფონდი
5. 2021 წლის სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
6. საპენსიო სააგენტოს აქტივები 1.77 მილიარდ ლარს აჭარბებს
7. როგორია საჯარო სექტორში დასაქმებულთა და შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო ფონდის მოცულობა
8. მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნესსექტორს და მოქალაქეებს სახელმწიფო ქონების იჯარის 1 წლის გადასახადი ეპატიება
9. თიბისი კაპიტალის ინფლაციის დონის პროგნოზი
10. საწვავის ფასი ისევ გაიზარდა



1. საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიციები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 533 აშშ დოლარით გაიზრდება და 4,807 დოლარს მიაღწევს, ამ შედეგით საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზეა. ამავე მიმოხილვაში, 2021 წლის ბოლოს საქართველოში 13.05%-იანი ინფლაცია არის მოსალოდნელი, ამ შედეგით კი ყველაზე მაღალი ინფლაციის რეიტინგში მსოფლიოში მეთექვსმეტე ადგილზეა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vkD9TX ; https://bit.ly/3FUqhck 


2. 2021 წლის 9 თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა
2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 1.7 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი გზავნილი სექტემბერში გადმოირიცხა (209.7 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო ქვეყნების მიხედვით ლიდერობს: რუსეთი (301 მილიონი აშშ დოლარი), იტალია (283 მილიონი აშშ დოლარი) და აშშ (210 მილიონი აშშ დოლარი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2YWv9wj 


3. კომუნიკაციების კომისია “კავკასუს ონლაინს” წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადას 31 დეკემბრამდე აძლევს
2019 წელს აზერბაიჯანულ ჰოლდინგ“ნექსოლსა” და “კავკასუს ონლაინს” შორის 61 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც "ნექსოლის" საკუთრებაში ჯერ 49%, ხოლო შემდეგ დანარჩენი 51%-იანი გადავიდოდა. კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული ტრანზაქცია კანონდარღვევად ცნო, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე აღნიშნული ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამ პერიოდში კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დააკისრა, დაუნიშნა სპეცმმართველი დიდი უფლებამოსილებებით, რასაც უარყოფითი შეფასება მისცა ვენეციის კომისიამ, თუმცა მარეგულირებელი კვლავ აგრძელებს “კავკასუს ონლაინის” მიმართ მოთხოვნების წაყენებას და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის ვადა 31 დეკემბრამდე მისცა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DM7HRD 

4. დაფინანსდება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპარტნიორო ფონდი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპარტნიორო ფონდის დაფინანსების საკითხს მხარს არ უჭერს, მისი განცხადებით ქვეყანაში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა საჭირო, რის გამოც მისი უწყება სახელმწიფო ფონდის საბიუჯეტო რესურსებზე გადასვლას არ ემხრობა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vhHQ13 


5. 2021 წლის სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
2021 წლის სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3%-ით გაიზარდა და 4.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ლარის კურსის გასამყარებლად და ინფლაციის დონის შესამცირებლად ეროვნული ბანკი აქტიურად იყენებს სავალუტო რეზერვიდან დოლარის გაყიდვას, თუმცა ამას მნიშვნელოვანი ეფექტი მაინც არ აქვს. 2021 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სულ 9 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 332 900 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DMaB97 


6. საპენსიო სააგენტოს აქტივები 1.77 მილიარდ ლარს აჭარბებს
საპენსიო სააგენტომ პარლამენტს 2021 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც ირკვევა, რომ საპენსიო ფონდის აქტივები 1.77 მილიარდ ლარს აჭარბებს, რომელიც 8 კომერციულ ბანკშია განთავსებული, ხოლო საშუალო შეწონილი წლიური ეფექტური სარგებელი 11.15%-ს შეადგენდა. მთლიანად საპენსიო სისტემაში სულ 1 166 737 მოქალაქე არის ჩართული, ხოლო ამ დროისთვის პენსიაზე გავიდა და დაგროვებითი პენსია აიღო 373-მა ადამიანმა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3paqF0r ; https://bit.ly/3FWgCSA 

7. როგორია საჯარო სექტორში დასაქმებულთა და შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო ფონდის მოცულობა
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სახელმწიფო სექტორში 112,712 ადამიანია დასაქმებული, რომელთა სახელფასო ბიუჯეტი 2022 წელს 1.65 მილიარდი ლარი იქნება. თუმცა ინფორმაცია არ მოიცავს არც სახელმწიფო საწარმოებში და არს სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-სა და აიპ-ში დასაქმებულთა რიცხოვნობას. შესაბამისად სახელმწიფო სექტორში უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებში ჩანს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად იზრდება მათი სახელფასო ბიუჯეტიც.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3APflZy ; https://bit.ly/2YTHCRx ; https://bit.ly/3FRZUDL 


8. მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნესსექტორს და მოქალაქეებს სახელმწიფო ქონების იჯარის 1 წლის გადასახადი ეპატიება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ბიზნესსექტორს და მოქალაქეებს სახელმწიფო ქონების იჯარის 1 წლის გადასახადს აპატიებს, რაც ჯამში 6 მლნ ლარია. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ბიზნესის ხელშეწყობის მექანიზმი 2021 წლის 9 ივნისს მიღებული კანონია და არ უკავშირდება არჩევნებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Z1n9KT 

9. თიბისი კაპიტალის ინფლაციის დონის პროგნოზი
თიბისი კაპიტალის განახლებული კვლევის ანგარიშში განხილულია სამი ფაქტორი, რომელთაც ინფლაციაზე წნეხი ექნებათ: გაზის საერთაშორისო ფასის რეკორდული ზრდა, ხორბლისა და კვერცხის ფასების მატება. ხოლო 2021 წელს 13.8%-იანი ინფლაცია აქვთ პროგნოზირებული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2XjUC2x 

10. საწვავის ფასი ისევ გაიზარდა
საქართველოში საბითუმო ბაზარზე საწვავის ფასის მნიშვნელოვნად გაიზარდა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდება, ხოლო ბირჟებზე ნავთობის ფასების ზრდა ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნისა და მისი მიწოდების დეფიციტის შედეგია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vheBvi ; https://bit.ly/3pb1zOM