მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

61acc23c667a4
ირაკლი მაკალათია
05.12.21 18:00
1001
გთავაზობთ გასული კვირის (29 ნოემბერი – 4 დეკემბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა
2. 2021 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა
3. საქართველომ ,,Inter Rao''-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო
4. როგორ მოხდება აზარტული თამაშების რეგულირება
5. საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი პირველად გახდა
6. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ შეიცვალა - რა შენიშვნები აქვს აუდიტის სამსახურს
7. საქსტატის კვლევა: შრომის ბაზრის მდგომარეობა ივლისი-ოქტომბრის პერიოდში
8. 1 დეკემბრიდან რეგიონებში ბიზნესს გაზი გაუძვირდა
9. ,,აწარმოე საქართველო"-მ იპოთეკური სესხის სუბსიდირებაში ცვლილება შეიტანა
10. გაძვირდება თუ არა პური?


1. 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა
2021 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელმა კი 10.5%-იანი მატება შეადგინა. კლების ტენდენცია მხოლოდ მშენებლობის დარგში დაფიქსირდა. გასული წლის ოქტომბერში ეკონომიკის 3,9%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო ათი თვის საშუალო მაჩვენებელი -5,1% იყო. შემცირებულ ეკონომიკასთან შედარებამ, ცხადია მაღალი ზრდის მაჩვენებელი წარმოადგინა, თუმცა თუ საბაზისოდ 2019 წელს ავიღებთ, მაშინ 2021 წლის ოქტომბერში 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 2,7% შეადგინა, ხოლო ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 4,9%-ით გაიზარდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/31mO31h ; https://bit.ly/3rzcJ0X 

2. 2021 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა
2021 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა. 12 ჯგუფიდან 5 ჯგუფში ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა: ტრანსპორტი (20,2%); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (17,0%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (11.6%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (11.5%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (10.9%). ინფლაციაზე ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა მოახდინა გავლენა, რომელიც ინფლაციაზე 5.35%-ით აისახა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rEg4fg ; https://bit.ly/3ppbyOX 

3. საქართველომ ,,Inter Rao''-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო
23 ნოემბრის სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით საქართველომ Inter Rao-სთან დავა წააგო და 80.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.Inter Rao-ს სარჩელი ეხებოდა ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ტარიფში ასახვას, რასაც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. საქართველოს მთავრობა აღნიშნული გადაწყვეტილებას გასაჩივრებას გეგმავს.

სრულად Inter Rao-ს საკუთრებასა და თემის შესახებ: https://bit.ly/3lwiAAv ; https://bit.ly/31x4ZBC ; https://bit.ly/3plZA8U ; https://bit.ly/3ElHGtb 

4. როგორ მოხდება აზარტული თამაშების რეგულირება
ფინანსთა სამინისტრომ აზარტული თამაშების რეგულირების მოდელი წარადგინა. მოდელი მოიცავს 25 წლამდე პირების, საჯარო მოხელეებისა და სოცდაუცველი მოქალაქეებისათვის თამაშის აკრძალვას, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას, აზარტული თამაშების კომპანიებისათვის გადასახადების ზრდას, გასატანი მოგებული თანხის დაბეგვრას, “შავი სიის’’ დანერგვას და პროვაიდერის სისტემის გამოყენებით თანხის გადარიცხვის აკრძალვას.

დეტალურად მიღებული ცვლილებების შესახებ: https://bit.ly/3Ioomht 


5. საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი პირველად გახდა
მადრიდში გამართულ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 115-ე სესიაზე, საქართველო 4 წლით ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ერთ-ერთი სიახლე ასევე იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაწილეობა ქალაქ ბარსელონაში გამართულ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში „IBTM 2021″. მომდევნო ამბავი, ღვინის ეროვნულ სააგენტოს უკავშირდება, რომელმაც Raw Wine Berlin 2021-ის ღვინის გამოფენაზე ღვინის ჩატანა ვერ მოასწრო, თუმცა ლოჯისტიკისთვის ბიუჯეტიდან 4300 ევრო დაიხარჯა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xXmuaH ; https://bit.ly/31sH6M0 ; https://bit.ly/3xTRus2 

6. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ შეიცვალა - რა შენიშვნები აქვს აუდიტის სამსახურს
შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით მთავრობის ხარჯები რეკორდულ 19.97 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ხარჯების ზრდა ძირითადად ჯანდაცვის მიმართულებით, COVID-19-ის მართვის ხარჯებს უკავშირდება. კორექტირებულ პროექტზე შენიშვნები აქვს აუდიტის სამსახურს, რაზეც მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც მიუთითებს. შენიშვნები ძირითადად ეხება: სსიპ-ების და სხვა მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტებს, კაპიტალური პროექტების დანართს, მთავრობის ვალს და სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3EGdFoh ; https://bit.ly/332mFWI ; https://bit.ly/3Dv0d4R 

7. საქსტატის კვლევა: შრომის ბაზრის მდგომარეობა ივლისი-ოქტომბრის პერიოდში
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით საქსტატმა მორიგი კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებითაც: 2021 წლის ივლისიდან ოქტომბრის პერიოდში, შინამეურნეობების 5.8%-ში ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური, დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით; შინამეურნეობების 16.1%-ს შეუმცირდა ყოველთვიური შემოსავლები. შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად კი COVID-19 სახელდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DnCRy4 

8. 1 დეკემბრიდან რეგიონებში ბიზნესს გაზი გაუძვირდა

რეგიონებში, რომელთა უდიდეს ნაწილის გაზის მიწოდებას "სოკარი" ფარავს, ბიზნესს, გარდა პურის ქარხნებისა, ერთი კუბური მეტრი გაზის ტარიფი 20 თეთრით, 1.15 ლარამდე გაიზარდა. იგივე ტარიფამდე, ოღონდ 6 თეთრით გაუძვირა შპს "ინტერ გაზმა" ახალციხისა და ასპინძის რაიონების აბონენტებს. კომპანიებში ტარიფის ზრდის ფაქტორებად ასახელებენ: მომსახურების დანახარჯების ზრდას, ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებასა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dlTbF9 

9. ,,აწარმოე საქართველო"-მ იპოთეკური სესხის სუბსიდირებაში ცვლილება შეიტანა
ცვლილების მიხედვით მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრება გაფართოვდა და სესხის აღება შეეძლებათ: ,,მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს; პირს რომელიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ები)ი/აყვანილი შვილ(ები)ი.’’

ვრცლად პროგრამის შესახებ: https://bit.ly/3EpGFAg 

10. გაძვირდება თუ არა პური?
1 დეკემბრიდან რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი გაიზარდა, რაც თავის მხრივ საქართველოს ბაზარზეც უარყოფით გავლენას მოახდენს, რადგან რუსეთის ბაზარზე მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებულები. "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისის და რუსეთის მიერ ხორბალზე კვოტების დაწესების შედეგად, ასევე წლის ბოლოს ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, უკვე ახალი წლიდან ფქვილის ფასის ზრდას გამოიწვევს, ხოლო ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.

ვრცლად პროგრამის შესახებ: https://bit.ly/2ZYccKM ; https://bit.ly/3lBDtdn