მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP–10 ეკონომიკური მოვლენა

613e0347de427
ირაკლი მაკალათია
12.09.21 17:36
1295
გთავაზობთ გასული კვირის (6 – 11 სექტემბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
2. 2021 წლის აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკა
3. 2021 წლის აგვისტოში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.116 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
4. როდის მიიღებს საქართველოს პარლამენტი იპოთეკით უზრუნველყოფილი ბონდების შესახებ კანონს
5. მთავრობის ახალი სუბსიდირების პროგრამა ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის
6. საჯარო სექტორში შტატგარეშე მოხელეებზე გაცემული რეკორდულად დიდი თანხები და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს ანგარიში: კორუფცია საქართველოში
7. დამსაქმებლებს ღამის ცვლაში მომუშავეთა პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა დაევალათ
8. როგორ დადგინდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასები საბითუმო ბაზარზე
9. რაზე დახარჯა მთავრობამ სარეზერვო ფონდის თანხები
10. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია - "აიცერი და მოიგე"


1. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა და 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, სადაც რეინვესტიციის წილმა 81,4% შეადგინა. ტოპ 3 ინვესტორი ქვეყანა არის: გაერთიანებული სამეფო - (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9%), ნიდერლანდები (13.5%) და ჩეხეთი - (13.2%). ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კი საფინანსო სექტორში განხორციელდა (35.0%). აქვე აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წლის პირველ ნახევარში წინა წლის პირველ 6 თვესთან შედარებით 11%-ით შემცირდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3tz17Kh ; https://bit.ly/38XWvUU ; https://bit.ly/3E11qTf 

2. 2021 წლის აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკა

2021 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით საქართველოში ტურისტების რაოდენობა 510%-ით გაიზარდა და 266,544 ვიზიტორი შეადგინა. ცხადია, 2021 წლის განმავლობაში ტურიზმის მაჩვენებლები 2020 წელთან შედარებით სარეკორდო ზრდის ტემპით იქნება წარმოდგენილი, თუმცა მიმდინარე წლის აგვისტოში საბაზისო 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით ტურისტთა რაოდენობა 75%-ით ნაკლებია. პოზიტიური მაჩვენებელია საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 90%-ით არის აღდგენილი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38U0At8 ; https://bit.ly/38ZFytc ; https://bit.ly/3hhu88D 


3. 2021 წლის აგვისტოში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.116 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის აგვისტოში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.116 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო IMF-ის მიერ ქვეყნისთვის 286 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის SDR-ის ჩარიცხვა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3A5B28a ; https://bit.ly/3lfdhV1 


4. როდის მიიღებს საქართველოს პარლამენტი იპოთეკით უზრუნველყოფილი ბონდების შესახებ კანონს

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე იპოთეკით უზრუნველყოფილი ბონდების შესახებ კანონს მიიღებს, რის საფუძველზეც ბანკებს შეეძლებათ მათ მიერ გაცემული იპოთეკური სესხების უზრუნველყოფით ახალი ფასიანი ქაღალდები გამოუშვან
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3C2BG6V 

5. მთავრობის ახალი სუბსიდირების პროგრამა ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით მთავრობა ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგულ აქტივობებს დაუსუბსიდირებს. პროგრამის ფარგლებში თითოეულ დაინტერესებულ კომპანიას წლიურად 600 000 ლარით დაფინანსების მოპოვება შეეძლება. ღვინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წილი უჭირავს მთლიან ექსპორტში, თუმცა აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ღვინის ექსპორტის 57% რუსეთზე მოდის.

თავის მხრივ რუსეთში ექსპორტირება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ რუსეთის ბაზარზე ამ დონით დამოკიდებულება ერთის მხრივ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო საფრთხეებს ქმნის, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის ბაზარზე მაღალი აქცენტი იმიტომ კეთდება, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ხარისხებს ვერ ვაკმაყოფილებთ, იმისათვის რომ დასავლეთის ბაზარზე უფრო აქტიურად გავიდეთ ამისათვის აუცილებელია, რომ ადგილობრივი კომპანიები ფინანსურად გაძლიერდნენ, გაიზარდოს მათი კაპიტალიზაცია და ინვესტიციების მოზიდვით შეძლონ მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება. მთავრობამაც სწორად ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს და არა რუსეთში ექსპორტირებული პროდუქტების რეკლამირებით.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jXHdFL ; https://bit.ly/3l8amgI ; https://bit.ly/3nldHvF 

6. საჯარო სექტორში შტატგარეშე მოხელეებზე გაცემული რეკორდულად დიდი თანხები და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს ანგარიში: კორუფცია საქართველოში

2021 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი 6 თვის ანგარიშის მიხედვით სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული “შტატგარეშე მოხელეების” ანაზღაურება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,0%-ით გაიზარდა და ჯამში 153 მილიონი ლარი შეადგინა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში წვრილმანი კორუფციის მხრივ გამორჩეულად კარგი ვითარებაა, თუმცა რაც შეეხება ე.წ. „ელიტურ“ კორუფციას, ,,მაღალი დონის მსხვილი კორუფციული გარიგებების წინააღმდეგ სახელმწიფო აღსრულების სათანადო მექანიზმებს არ იყენებს და ის თითქმის სრული დაუსჯელობით ხასიათდება.’’

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/392TuT0 ; https://bit.ly/3nmHuUU 

7. დამსაქმებლებს ღამის ცვლაში მომუშავეთა პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა დაევალათ

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, დასაქმებულებისთვის სავალდებულო იქნება პერიოდული სამედიცინო შემოწმებები დაუფინანსონ იმ თანამშრომლებს, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ ღამის ცვლაში. კერძოდ იმ თანამშრომლებს, რომლებიც 22:00-დან დილის 06:00-მდე პერიოდში რეგულარულად მუშაობენ 3 საათზე მეტს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2XdWrxK 

8. როგორ დადგინდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასები საბითუმო ბაზარზე

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, საქართველომ ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო, რაც ერთის მხრივ გაზისა და ელექტროენერგიის ბაზრების კონკურენციისთვის გახსნას გულიხსმობს, ხოლო მეორეს მხრივ საბითუმო ბაზარზე ფასი ბირჟებზე დადგინდება. ელექტროენერგეტიკული ბირჟა უკვე არსებობს, რომელიც ფასის განსაზღვრას 2022 წლიდან დაიწყებს, მსგავსი ბირჟა დაფუძნდება ბუნებრივი აირის ბაზრისთვისაც.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2XgKV4Q 

9. რაზე დახარჯა მთავრობამ სარეზერვო ფონდის თანხები

IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 61,8 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე დაიხარჯა’’ (37.0%), ხოლო კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით მხოლოდ - 13.0%, ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას კი გრიფით საიდუმლო აქვს მინიჭებული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38ZuA6T 

10. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია - "აიცერი და მოიგე"

უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 13 სექტემბრიდან, სრულად ან ერთჯერადად აცრილი მოქალაქეებისათვის სახელმწიფო ლატარიას იწყებს, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 2.8 მლნ ლარს. ყოველდღიურის გარდა იქნება ყოველკვირეული გათამაშებები, ხოლო წლის ბოლოს 100 000 ლარი გათამაშდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BUgIr0 ; https://bit.ly/3hnt4Ab